ხატვა, როგორც ცხოვრების სტილი
26 იანვარი, 2014
ხატვა, როგორც ცხოვრების სტილი ბეჭდვა FaceBook Twitter

სალომე ხუბაშვილი სამხატვრო აკადემიის სტუდენტია. ხატვა იმდენად პატარამ დაიწყო, რომ ხუთი წლის ასაკში უკვე პერსონალური გამოფენა ჰქონდა. ‘’მთელი დღე ხატვის მეტს არაფერს ვაკეთებდი და ეს ბუნებრივად მიმაჩნდა, ვერ წარმომედგინა, სხვა რა უნდა მეკეთებინა’’ - ჰყვება სალომე. რვა წლის ასაკში უკვე ხატვის ათწლედში სწავლობდა, რომელიც ფერწერის განხრით დაამთავრა.
სამხატვრო აკადემიაში ჩაბარების გადაწყვეტილებაც ადვილად მიიღო და თავისი გადაწყვეტილების სისწორეში დღითიდღე რწმუნდება: „ჩემი აზრით, ფერწერა მხატვრის დამოკიდებულებაა სამყაროსა და ხალხის მიმართ. სულ სხვა ფერებში ვხედავ სამყაროს და ეს აისახება ნამუშევრებშიც. მიყვარს ნატურმორტების ხატვა. როცა რაღაც ძალიან ახდენს გავლენას ჩემზე, ვცდილობ, ტილოებზე ან ჩანახატებში გადმოვცე“.

ხუთი წლის ასაკიდან დაწყებული გამოფენების რიცხვი თანდათან იზრდება. სალომე ორმოცამდე დიპლომის მფლობელია. სულ სამი პერსონალური გამოფენა ჰქონდა და ხშირად უხდებოდა დამთვარიელებლების დარწმუნება, რომ ასეთ მცირე ასაკში მართლა ამდენს ხატავდა. კონკურსში „მომავლის ვარსკვლავი’’ პირველ წელს გრანპრი აიღო, მეორე წელს კი საგზურით დააჯილდოვეს ეგეოსის ზღვაზე.

სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ სალომე სხვა ქვეყანაში აპირებს სწავლის გაგრძელებას: ’’ძალიან არ მინდა სადმე წასვლა, მაგრამ საქართველოში ახალგაზრდა ხელოვანს ბევრის გაკეთება არ შეუძლია. ხატვას თითქმის არ ექცევა ყურადღება. არ მომწონს აკადემიაში მიღების წესები, ერთი გამოცდით არ უნდა ხდებოდეს ბავშვის მიღება. ხშირად ისე ხდება, რომ რეალურად ნიჭიერი მხატვარს საზოგადოების ყურადღების გარეშე რჩება“.

მიუხედავად იმისა, რომ მისი გეგმები საზღვარგარეთს უკავშირდება, სალომე აუცილებლად აპირებს საქართველოში დაბრუნებას. ჯერჯერობით საკუთარი ნახატებიდან რომელიმეს გამორჩევა უჭირს, რადგან ნამუშევრებს ისევ კრიტიკული თვალით უყურებს და შემოქმედებით განვითარებას განაგრძობს.