თბილისის სამხატვრო აკადემიის საგანძური
01 თებერვალი, 2014
თბილისის სამხატვრო აკადემიის საგანძური ბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გამოფენების ციკლი „აკადემიის საგანძური’’ გაიხსნა. გამოფენებზე ეტაპობრივად წარმოადგენენ აკადემიაში სხვადასხვა დროს შექმნილ ნამუშევრებს, დაწყებული მეოცე საუკუნის ორმოციანი წლებიდან დღემდე. დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება, დაათვალიეროს გიგო გაბაშვილის, ელენე ახვლედიანის, მოსე თოიძისა და სხვა ქართველი მხატვრების ნამუშევრები, რომელთაც თავიანთი ნახატები აკადემიის ფონდს დაუტოვეს.

ქართველი მხატვრების ნამუშევრების გარდა გამოფენილია აკადემიის სათაო შენობის ფოტომატიანე და იმ საზოგადო მოღვაწეთა პორტრეტები, რომლებიც სამხატვრო აკადემიაში მოღვაწეობდნენ.

ექსპოზიციის მიზანია, საზოგადოებას გააცნოს სამხატვრო აკადემიის ფონდის უნიკალური მასალა და ასევე ყურადღება მიიპყროს აკადემიის დანგრევის პირას მისული შენობისადმი.

პროექტის თანაავტორის ლელა ტაბლიაშვილის თქმით, საზოგადოების უმრავლესობამ არ იცის, რა მდგომარეობაში შენობა: „ჩვენი სურვილია, ყველამ ნახოს, თუ რა საგანძურს ფლობს აკადემია. თუ გამოფენა ყურადღებას მიიპყრობს, ძალიან კარგი იქნება. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ამ ყველაფერს გადარჩენა სჭირდება’’.

აკადემიის ფონდში მუშაობა თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა. შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ნამუშევრების აღწერასა და შენახვას აწარმოებდა. საბოლოოდ, გაკეთდა კატალოგი, სადაც ყველა ნიმუშია შესული.

აკადემიის რექტორი თინა კლდიაშვილი შენობის გადასარჩენად გამოსავალს საზოგადოების კეთილ ნებაში ხედავს: „სამხატვრო აკადემია საუკუნის არსებობას ითვლის. ეს არის უძველესი შენობა, რომელიც თავისი განსაკუთრებული ყაჯერული ინტერიერით მთელს კავკასიაში ერთადერთია. მეოცე საუკუნეში სპეციალურად ჩამოიყვანეს ოსტატები, რომლებმაც შენობის უნიკალური დარბაზები შექმნეს. უამრავი მხატვარი აღიზარდა ამ შენობის კედლებში. აქ ვინც სწავლობდა, ისინი თავის ნამუშევრებს აკადემიას უტოვებდნენ. ასე ნელ-ნელა გამდიდრდა ჩვენი ფონდი და აქამდე შემორჩა. წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ნიმუში დაზიანდა და რესტავრაციას ითხოვს. ძალიან არის დაზიანებული მთლიანად შენობა, მას საწრაფოდ სჭირდება შეკეთება. იმედია, ამ გამოფენით ყურადღებას მივიპყრობთ და საზოგადოება გააცნობიერებს, თუ რა კულტურული ღირებულების მატარებელია მთლიანად აკადემიის შენობა და მისი ფონდი“.

შენობის მდგომარეობის გამოსასწორებლად კულტურის სამინისტროსთან, კინოსა და თეატრის მუზეუმსა და ასევე კერძო პირებთან თანამშრომლობით, აკადემიაში შეიქმნა ფონდი, სადაც საჭირო თანხა შეგროვდება.

გამოფენის პირველი ეტაპი შვიდ თებერვლამდე გაგრძელდება. მომდევნო ექსპოზიციაზე კი უკვე 50-ანი წლების ნახატებს წარმოადგენენ.