მხოლოდ ხელოვნება
09 თებერვალი, 2014
მხოლოდ ხელოვნება ბეჭდვა FaceBook Twitter
''მთელი ბავშვობა ვითხოვდი, რომ ხატვაზე შევეყვანე მშობლებს, მაგრამ ყოველთვის უარს მეუბნებოდნენ. რატომღაც ხატვის მაგივრად ჭადრაკზე შემიყვანეს'' - ჰყვება ლევან სამნაშვილი.

ის ახალგაზრდა მხატვარია სპეციალური სამხატვრო განათლების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ბავშვობა ხატავდა, სწავლა სამხატვრო აკადემიის ნაცვლად ''საბაჟო აკადემიაში'' გააგრძელა. თუმცა, საბოლოოდ, მისგან ''პროფესიონალი მებაჟე'' არ გამოვიდა და ახლა თბილისის ერთ-ერთ ბარში მუშაობს: ''გადატვირთული გრაფიკის გამო, ხატვას მხოლოდ ბარში ვახერხებ. როცა თავისუფალი დრო მაქვს, ბარის ''სტოიკის'' უკან ვიწყებ ხატვას აკვარელით და ნელ-ნელა ვმუშაობ''. უჭირს საკუთარ ნახატებზე საუბარი: ''რა ჟანრში ვხატავ, ვერ გეტყვი, იმიტომ, რომ არ ვიცი და თანაც სულ ძიების პროცესში ვარ. ხშირად რაღაცაზე მაქვს ნაფიქრი და უკვე ვიცი, რაც უნდა დავხატო. მაგრამ, ზოგჯერ ისე, უბრალოდ, ვიწყებ ხატვას. ის, რომ არ მაქვს სპეციალური სამხატვრო განათლება, ჩემთვის არაფერს ნიშნავს. რატომღაც ბოლო დროს სამხატვრო აკადემიაში სწავლა რაღაც სტატუსის განმსაზღვრელი გახდა''.

ლევანს უკვე რამდენიმე გამოფენა ჰქონდა. ერთი საკუთარი ინიციატივით მოაწყო ღია ცის ქვეშ. ასევე მონაწილეობდა დასახელოვნებელ გაკვეთილებში და ფიქრობს, რომ საქართველოში ბევრი რამის გაკეთება შეუძლია: ''თუ მოინდომებ, ყველაფრის გაკეთება შეიძლება. არ მიყვარს ყველაფრის გარემო პირობებზე გადაბრალება. თუ რაღაც ვერ გავაკეთე, ისევ საკუთარ თავს დავაბრალებ. ხატვის დროს ,,ნერვებს ვიწყნარებ''. რაღაც რომ არ მომეწონება, მერე ხატვა ჩემთვის დამაწყნარებელი საშუალებაა. აქტიური ადამიანი არ ვარ, საზოგადოებრივ პროცესებში რომ ჩავერთო, რადგან აზრი არ აქვს, საბოლოოდ, სხვა რაღაცაში გადადის, იქეთ ვიღაცას ''ქართველობას ართმევენ'' და აქეთ ''სიტყვის თავისუფლებას''. არ მომწონს ხალხის ერთმანეთისადმი დამოკიდებულება, კომუნიკაციის პრობლემა გვაქვს და თან ყველა ცუდად რეაგირებს ნებისმიერ განსხვავებაზე''.

სამომავლოდ რის გაკეთებას აპირებს, ჯერ ზუსტად არ იცის. ერთადერთი, რაც ზუსტად იცის, უნდა ხატოს ბევრი და ჰქონდეს საკუთარი სახელოსნო, სადაც ''შეიძლება ყველაფრის გაკეთება''.