„ინსპირაციას ჩემში ვეძებ’’
22 თებერვალი, 2014
„ინსპირაციას ჩემში ვეძებ’’ ბეჭდვა FaceBook Twitter
თამარ არეშიძე ახლგაზრდა დიზაინერია. მისი შექმნილი ფეხსაცმელი არ არის უბრალოდ ფეხსაცმელი, ამ სიტყვის, ზოგადად, მიღებული მნიშვნელობით. უყურებ და თავი რომელიმე მუზეუმში წარმოგიდგენია ხელოვნების ნამუშევრის წინ და ცდილობ, ამოიცნო, ნამუშევრის ფორმებს გაჰყვე.

თამარი სამხატვრო აკადემიაში მოდის დიზაინზე შემთხვევით მოხვდა, მეგობრები აბარებდნენ და თვითონაც სცადა. როგორც ამბობს, დაახლოებით მესამე კურსზე გააანალიზა, თუ რა არის მოდა. ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ რატომღაც უფრო „სერიოზული’’ პროფესია აირჩია და ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამაზე ჩააბარა. თუმცა, ჩაბარების შემდეგ ლექციებზე აღარ მისულა: „ვიფიქრე, მოდი, ერთ წელს აკადემიურს ავიღებ და ვცდი, რა გამომივა ჩემს პროფესიაში. ის წელი საუკეთესო წელი იყო ჩემს ცხოვრებაში. ნამუშევრებს ინტერნეტში დიდი გამოხმაურება ჰქონდა, თბილისის მოდის კვირეულზე მეორე ადგილზე გავედი, „ITS’’-ის ფინალში მოვხვდი. მოკლედ, ამ წლის შედეგების მიხედვით, აუცილებლად უნდა გამეგრძელებინა ჩემი საქმიანობა“.

ჯერჯერობით თამარს საკუთარი სახელოსნო არ აქვს და საკუთარი სახლის ეზოში, ბაბუის ძველ სახელოსნოში მუშაობს. ნამუშევრების შექმნაში მამა ეხმარება. არ მოსწონს, რომ თანამედროვე მოდა აქცენტს მასობრივ პროდუქციაზე აკეთებს. მისთვის მთავარია, შექმნას ისეთი ნამუშევარი, რომელიც ადამიანში იმავე რეაქციას გამოიწვევს, როგორც ხელოვნების სხვა ქმნილება. ინსპირაციას ყოველთვის საკუთარ თავში ეძებს: „ყველაზე მეტად ძიების პროცესი მიყვარს. ყოველთვის თვითანალიზის კუთხით მივდივარ, ინსპირაციას ჩემში ვეძებ. ვდებ ცარიელ ფურცელს და ვიწყებ ყველაფრის წერას, რამაც ბოლო პერიოდში ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. ხელოვნების სხვა ნამუშევრებშიც იმავე ემოციებს ვეძებ. ვქმნი ჩემს ფორმებს და შიგნითა პროცესები გამომაქვს გარეთ, ყველასთვის თვალსაჩინოს ვხდი. საკუთარი ნამუშევრების ჩაცმის სურვილი არ მიჩნდება. სულ მეკითხებიან, შენთვის რატომ არ იკერავ-ო. სურვილი იმიტომ არ მიჩნდება, რომ რაც უკვე გარეთ გამოვიტანე, იმასთან დაბრუნება აღარ მინდა’’.

2012 წელს თამარმა საკუთარი ნამუშევრები ახალგაზრდა დიზაინერების საერთაშორისო კონკურსზე ‘’International Talent Support’’-ზე გააგზავნა და მისთვის სრულიად მოულოდნელად, ფინალისტებს შორის მოხვდა: „ამ კონკურსზე მოხვედრა ჩემთვის სასწაულს ნიშნავდა, ცნობილი და გამოცდილი სასწავლებლების კურსდამთავრებულებთან ერთად. უამრავი ადამიანი გავიცანი, გამოფენაზე ჩემი ნამუშევრებით დაინტერესებულ ადამიანებს ვესაუბრე. მუშაობის პროცესი სასიამოვნო იყო და კარგი გამოცდილებაც მივიღე.

მომავალში რას ვაპირებ, არ ვიცი. მინდა, ახალი კოლექცია გავაკეთო. ახალგაზრდობის ყველაზე მთავარი ხიბლი, ალბათ, ისაა, რომ არ იცი, როგორი იქნება შენი მომავალი. მე კი ყველაფერი, რაც მაქვს, ოცნებების შედეგია“.