ახალგაზრდა კალიგრაფი: საქართველო ნიჭიერი ადამიანებისთვის, ფაქტობრივად, სასაფლაოა.
01 მარტი, 2014
ახალგაზრდა კალიგრაფი: საქართველო ნიჭიერი ადამიანებისთვის, ფაქტობრივად, სასაფლაოა. ბეჭდვა FaceBook Twitter
ჩვეულებრივ, 18 წლის ასაკისთვის ადამიანებს მნიშვნელოვანი არაფერი აქვთ გაკეთებული - ამთავრებენ სკოლას, ირჩევენ მომავალ პროფესიას. თუმცა, ისეთი გამონაკლისიც არსებობს, როგორიც გიორგი სისაურია - ის უკვე სამი წიგნის ავტორია, რომელიც საკუთარი ნახატებითვე აქვს გაფორმებული.

გიორგიმ ხატვა წერაზე ადრე დაიწყო. თორმეტი წლის იყო, როცა ბიძამ ძველებური კალამი აჩუქა და პირველად მაშინ სცადა: „მანამდე, როგორც ყველა ბავშვი, მეც ჩიტებსა და ხეებს ვხატავდი. სახლში ყველა მხატვარია, ამიტომ უკვე მომზადებული ვიყავი. ასეთი სტილით თუ დავიწყებდი ხატვას, არ მეგონა. ინდივიდუალური სტილი ჩამომიყალიბდა“.

მისი ნამუშევრები ყოველთვის შავ და თეთრ ფერებშია შესრულებული: „თუ ხალხს დააკვირდები, სხვა ფერებს ვერ დაინახავ, ამ ფერების ანალოგიური განწყობაა საზოგადოებაში. ამიტომ ვხატავ მხოლოდ ორ ფერში. თითქოს ჩემში დალექილი კომპოზიციები ამომაქვს ფურცელზე“.

მეცხრე კლასში იყო, როდესაც მისი ნამუშევრები გია ბუღაძეს აჩვენეს. მას იმდენად მოეწონა გიორგის ნახატები, რომ გამოფენა მოუწყო. მისმა ნამუშევრებმა ლუვრის ექსპერტების მოწონებაც დაიმსახურა. საბოლოოდ, პარიზის ხელოვნების სკოლიდან მიწვევა მიიღო, მაგრამ ვერ წავიდა.

გიორგის ლექსები უმრავლესობისთვის რთულად აღსაქმელია. როგორც ამბობს, მისი მკითხველი, ძირითადად, ორმოცდაათ წელს გადაცილებული ადამიანები არიან, რომელთაც უკეთ ესმით მის პოეზიაში წამოჭრილი პრობლემები. გიორგის ერთ-ერთი ნაწარმოები „კომედია’’ მეთექვსმეტე საუკუნის ქართულით დაწერილი პოემაა: „არ მომწონს, ქართველი ახალგაზრდები საუბრისას სლენგს რომ იყენებენ. არაჩვეულებრივი ენა გვაქვს, არ მესმის, რატომ არ უნდა გავუფრთხილდეთ. ჩემ გარშემო ვინცაა, ის ადამიანები ნათლად ხედავენ, რას ვწერ და რისი თქმა მინდა. ჩემი თანატოლების ბებია-ბაბუებთან უფრო ვმეგობრობ, ვიდრე მათთან’’.

გარდა პოეზიისა და მხატვრობისა, გიორგი კალიგრაფიითაა გატაცებული. 2010 წელს კალიგრაფიის კონკურსზე პირველ ადგილზეც გავიდა. სკოლაში სწავლის პარალელურად კი სამხატვრო აკადემიის თავისუფალი მსმენელი იყო.
სამომავლოდ უამრავი გეგმა აქვს. ის ჯერ მხოლოდ თვრამეტი წლისაა, გეგმების განხორციელებისთვის კი ბევრი დრო აქვს: „საქართველო ნიჭიერი ადამიანებისთვის, ფაქტობრივად, სასაფლაოა. იბადები და არსებობისთვის გიწევს ბრძოლა. რასაკვირველია, რომ ყველას გაქცევაზე უჭირავს თვალი. მიუხედავად ამისა, მე ჩემი მდგომარეობა გაცნობიერებული მაქვს. ჩემი საქმე უნდა ვაკეთო. გარკვეული პასუხისმგებლობა მაკისრია“.