“დოკუმენტური კინო იგივე სარკეა’’
09 მარტი, 2014
“დოკუმენტური კინო იგივე სარკეა’’ ბეჭდვა FaceBook Twitter
ახალგაზრდა რეჟისორები ივა ჩიტიძე და ლევან ძაძამია თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდიდან მოყოლებული დოკუმენტურ ფილმებს იღებენ. მათი ფილმები საზოგადოების ცხოვრებას შეეხება - რეალობა, რომელსაც ხშირად ყოველდღიური რუტინის გამო განსაკუთრებულად ვერ აღვიქვამთ.

“დოკუმენტური კინო იგივე სარკეა, რომელიც პირდაპირ გიჩვენებს, რეალურად რა ხდება. შეგიძლია, საკუთარ თავს დააკვირდე. ჩემი სურვილიც ესაა, გადავიღო რეალობა, სინამდვილე და მერე საზოგადოებას ვაჩვენო საკუთარი ცხოვრება’’ - ამბობს ივა.

მათი პირველი ფილმი ავტოგრაფიული იყო თვითონ ლევანის ცხოვრების შესახებ: „იმ პერიოდში მივიჩნიე, რომ ჩემს ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმი უნდა გადამეღო. არ გამჭირვებია, ფილმის გმირი და რეჟისორიც მე ვიყავი. ყველაფერი გადავიღეთ, გარემო, სადაც ვცხოვრობ, დავდივარ - სახლი, ქუჩა, ბაზრობა. საინტერესო დოკუმენტური მასალაა, რადგან მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა’’.

2013 წელს ლევანმა და ივამ ახალ პროექტზე დაიწყეს მუშაობა - “სამყარო გათენებიდან დაღამებამდე’’, რომელიც ლოძის კინოსკოლის პროექტია და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ერთი დღის ცხოვრების გადაღებას გულისხმობს. შესაბამისად, ქართული პროექტის სახელწოდება ასე ჩამოყალიბდა ’’თბილისი - გათენებიდან დაღამებამდე’’. რამდენიმე ახალგაზრდა რეჟისორმა თბილისის ერთი დღე გადაიღო მხიარული ტაქსის მძღოლით, შეყვარებული ბიჭით, ორიგინალური თევზის გამყიდველით, ახალი სიცოცხლის დაბადებით.

ივა ქუჩაში მიდიოდა, როცა შემთხვევით საინტერესო კადრი დაინახა და გადაღება დაიწყო: „ქუჩაში დავინახე, რომ ბიჭი გოგოს სიყვარულს უხსნიდა, მათი მეგობრები იყვნენ შეკრებილი და მხიარული კადრები იყო. უცებ მივხვდი, უნდა გადამეღო. ძალიან საინტერესო პროცესია. რომ ვთქვა, გადაღებისას რამე სირთულეს ვაწყდები-მეთქი, არა, ჯერჯერობით თავისუფლად ვიღებ, რისი გადაღებაც მინდა“.

მიუხედავად მცირე ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობისა, ფილმების გადასაღებად ორივეს ბევრი იდეა აქვს და მუშაობის გაგრძელებასაც ერთად აპირებენ.

„ძალიან ბევრი იდეა მაქვს, რაზეც ფილმის გადაღება მინდა. მაგალითად, აფხაზეთის, სამაჩაბლოს ისტორიაზე მინდა გადავიღო ფილმი, რომელიც ომამდე ისტორიასაც მოჰყვება, რასაც დღეს აღარავინ იხსენებს. ასევე ბევრი უცხოელი მეგობარი მყავს, რომლებიც საქართველოში სწავლობენ, მუშაობენ. ამ დროს კი ქართველი ახალგაზრდების უმეტესობა ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრობს. ფილმში ამ განსხვავებულ დამოკიდებულებას ვაჩვენებ. დოკუმენტური კინო ხომ ადამიანებს სხვადასხვა მოვლენის გააზრებაში ეხმარება“ - ამბობს ლევანი.