G.M. Art
12 აპრილი, 2014
G.M. Art ბეჭდვა FaceBook Twitter
5 წლისას უკვე თემატური ნახატები ჰქონდა, შიშველ ადამინებსა და მასობრივ სცენებს ხატავდა. ამით შეშფოთებულმა მშობლებმა მისი ნახატები ფსიქოლოგს აჩვენეს, რაც მან ამ ასაკისთვის შეუფერებლად მიიჩნია და ამის გამო ხატვას ჩამოაშორეს. 12 წლამდე აღარ ხატავდა, შემდეგ სპორტმა გაიტაცა, კალათბურთს აქტიურად მისდევდა, მაგრამ ტრავმების გამო შეეშვა და 16 წლისა ისევ ხატვას დუბრუნდა. საუბარია გიორგი მაღრაძეზე, რომლის სახელი და გვარი მხატვრობის მოყვარულთათვის, ალბათ, უცხო არაა.

ხატავს ყველაფერს და ყველაფერზე, ყველანაირ სტილსა და მასალაში, მაგრამ განსაკუთრებით პორტრეტის ხატვა უყვარს, უმეტესად ბავშვებისა და მოხუცების ხასიათის ფურცელზე გადატანა მოსწონს. "ბავშვსა და მოხუცს არ შეუძლიათ ემოციის მართვა, სწორედ ისინი გადმოსცემენ რეალურად იმას, რასაც განიცდიან, მე კი ამის ხატვა მომწონს" - აღნიშნავს გიორგი. შესაბამისად, მისთვის ყველაზე გამორჩეული ნახატი მოხუცის პირველი პორტრეტია. ნახატებს ხშირად არ არქმევს სახელს და ამიტომ მის შემოქმედებაში უმეტესად უსახელო ნახატები ჭარბობს. მოსწონს ფერწერა და გრაფიკა და ამ მიმართულებით მუშაობს. კომპიუტერში მუშაობას ხელით ხატვა ურჩევნია. ქუჩის მხატვრობას დადებითად აფასებს და თვითონაც დაუხატავს კედლებზე. ასევე გაკეთებული აქვს ტატუს ესკიზები, მაგრამ ამ მხრივ სერიოზულად მუშაობაზე არ უფიქრია. მისი შემოქმედება ხალხმა სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნო, 29 თებერვალს კი პირველი პერსონალური გამოფენა ჰქონდა. დღეს მისი ნიჭის შესახებ ბევრმა იცის და შეკვეთებიც აქვს, მაგრამ როგორც ამბობს: "ჩვენს ქვეყანაში ხალხი მხატვრობას სათანადოდ ვერ აფასებს და საქმიანობაში სერიოზული თანხის გადახდაც მათთვის წარმოუდგენელია". რაც შეეხება კრიტიკას, ძირითადად, აკრიტიკებენ დამკვეთები, ისიც მხოლოდ იმის გამო, რომ სურთ ნახატზე უნაკლოდ გამოიყურებოდნენ, გიორგი კი ყველა შტრიხსა და დეტალს ისე ხატავს, როგორც რეალურად ხედავს.




გარდა მხატვრობისა, გიორგი წიგნების ილუსტრირებითაცაა დაკავებული. ის მუშაობს, როგორც სხვის ასევე საკუთარ წიგნებზეც. "ზღაპრებს მე თვითონ ვწერ და ჩემი ზღაპრების წიგნის ილუსტრაციაც ჩემი შექმნილია" - აღნიშნა მან. მას ეკუთვნის ასევე პირველი მინიმალისტური წიგნი ჭიანჭველებზე, ახალგაზრდა მხატვრის თქმით, "საქართველოში დიდად არ ინტერესდებიან მსგავსი წიგნებითა და გამომცემლებიც იმაზე არიან ორიენტირებულნი, რომ რაც მოთხოვნადია, ის დაბეჭდონ, ამიტომ აქ ნაკლებია იმის შანსი, რომ ეს წიგნი დაიბეჭდოს". გიორგის ამ ორიგინალური ნამუშევრით საფრანგეთში დაინტერესდნენ და შესაძლოა, სწორედ იქ დაიბეჭდოს წიგნი ჭიანჭველებზე. მან ასევე იმუშავა გ.გ. მაკაველის წიგნის "სიტყვების პროცესიის" ყდის გაფორმებაზეც.

ხატვისთვის განსაკუთრებული გარემო არ სჭირდება, ძირითადად, მძიმე მუსიკას უსმენს, მაგრამ ეს არაა აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ხატოს, როგორც ამბობს: "მუზა ზარმაცების მოგონილია, მსგავსი რამ არ მჭირდება იმისთვის, რომ ვხატო, ეს ნებისმიერ დროს შემიძლია". ხატვის დროს ისვენებს, მისთვის ეს განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა. თუ პირად ცხოვრებაში რაიმე პრობლემა აქვს, ეს ნამუშევრებზეც აისახება, ამ დროს ჩვეულებრივზე ცოტას მუშაობს.

კითხვაზე: თუ რა სფეროთი დაკავდებოდა ხატვის ნიჭი რომ არ ჰქონოდა, გიორგი გვპასუხობს, რომ არ იცის, რადგან ხატვის გარეშე მისთვის წარმოუდგენელია ყოფნა. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებაზე უფიქრია, ამასთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები ჯერ არ აქვს, მაგრამ სიამოვნებით ისწავლიდა პრაღაში ინტერნაციონალური ხელოვნების სკოლაში. ახლა ნახატზე მუშაობს, სადაც ბავშვისა და მოხუცის თემატიკა გაერთიანებულია. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ზაფხულში გიორგი ორ გამოფენას გეგმავს. შემოქმედების მაქსიმუმად კი საკუთარ სახელოსნოს მიიჩნევს, სადაც თავისი კუთხე ექნება და შეძლებს მშვიდად მუშაობას.