ბისერებით გაცოცხლებული ყვავილები...
12 აპრილი, 2014
ბისერებით გაცოცხლებული ყვავილები... ბეჭდვა FaceBook Twitter
ბისერებისგან ყვავილების გაკეთება 24 წლისამ დაიწყო. ოჯახი, ბავშვი, სამსახური და პარალელურად საყვარელი საქმე, რომელიც არასოდეს ბეზრდება.

თეონა ჯინჭველაშვილი 26 წლისაა. პროფესიით ფარმაცევტია, თუმცა, ეს მისი საყვარელი საქმე არ არის. ბისერებისგან ყვავილების გაკეთება ორი წლის წინ დაიწყო.

"თავიდან ვქსოვდი, შემდეგ ქარგვა დავიწყე, თუმცა, მალე მომბეზრდა და თავი დავანებე. ერთ დღეს ინტერნეტში გადავაწყდი ბისერებისგან გაკეთებულ სხვადასხვა ნივთს. ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე, მეც მეცადა. ყველაზე მეტად ყვავილები მომეწონა და მეც სწორედ ყვავილებით დავიწყე" - ჰყვება თეონა.

სპეციალურ მოსამზადებელ კურსებზე არ უვლია. ინტერნეტმა ყველა პრობლემა მოუხსნა. თეონამ ყვავილების გაკეთება მასტერკლასებისა და ვიდეოგაკვეთილების საშუალებით ისწავლა. მისი პირველი ნამუშევარი ერთფერში გაკეთებული იები იყო. ცდამ წარმატებით ჩაიარა და მანაც ნამუშევრების გამრავალფეროვნება გადაწყვიტა.

"სხვადასხვა ნამუშევრიდან დარჩენილი ქვებისა და ბისერების გადაყრა არ მიყვარს. ერთი შეხედვით ისინი შეუფერებელია ერთმანეთისთვის და გამოუყენებელი, თუმცა, ასე გავაკეთე კომპოზიცია: "გოგონა პალმებთან".




თეონა თავის ნამუშევრებს მოსკოვსა და თურქეთში აგზავნის. როგორც თვითონ ამბობს, მომხმარებლები ფაცებოოკ-ის საშუალებით დაუკავშირდნენ.

"ჩემს ნამუშევრებს მოსკოვსა და თურქეთში ვგზავნი. ისინი თვითონ დამიკავშირდნენ და მთხოვეს მათთან მეთანამშრომლა. დაახლოებით ერთი წელი იქნება, ინტერნეტის საშუალებით ვუკავშირდებით ერთმანეთს".

საქართველოში მის შემოქმედებას ბევრი არ იცნობს, თუმცა, თავისი მომხმარებელი ჰყავს. 2011 წელს თეონა ჯინჭველაშვილმა მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო ღონისძიებაში. მისი ხელნაკეთი ნივთები თბილისი ცენტრალში ორგანიზებულ გამოფენა-გაყიდვაზე გაიტანეს.

"საქართველოში, პირველად დაინტერესდნენ ჩემი ნამუშევრებით და შემომთავაზეს საქველმოქმედო ღონისძიებაზე ჩემი ყვავილების გატანა. თანხა ერთ-ერთ ბავშვთა თავშესაფარს მოხმარდა" - ამბობს თეონა.
ამჟამად, ყვავილების მაღაზიაში მუშაობს, პარალელურად კი ბისერებით ხელოვნურ ნიმუშებს ქმნის.

"ყვავილებთან დიდ დროს ვატარებ. უამრავი სახეობის ყვავილი მინახავს, ხშირად ცოცხალი ნიმუშებია ჩემთვის. მათთან ერთად დიდ დროს ვატარებ. შემდეგ მათ გაცოცხლებას ბისერების საშუალებით ვახერხებ".