რეჟისორად დაბადებული...
15 ივნისი, 2013
რეჟისორად დაბადებული... ბეჭდვა FaceBook Twitter
,,მოზარდი ბიჭის ისტორია, რომელიც ცდილობს, მამას დაუმტკიცოს, რომ უკვე დაკაცდა. ჩემი ფილმის გმირს უნდა, საკუთარი შინაგანი პროტესტით იმდენს მიაღწიოს, მამასთან ჰქონდეს მეგობრული ურთიერთობა". ფილმის დასასრული ისეთია, როგორსაც მაყურებელი დაინახავს.
ვისთვის შვილი იმარჯვებს, ვისთვის - მამა. ამბობს, რომ ფილმში საკუთარ თავს ყველა მოზარდი ბიჭი დაინახავს და არ გამორიცხავს იმასაც, რომ ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულიცაა. ,,თუ საკუთარ თავზე არ გამოსცადე, შენს თავზე არ გადატყდა რაღაცეები, მაშინ სინამდვილეს ვერ მიიტან მაყურებლამდე. თუ სინამდვილეს არ მიიტან, კინოს თავიდანვე დაეტყობა, რომ ყალბია და შენ ყურით მოათრიე".

ზურა დემეტრაშვილი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის რეჟისურის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტია. ერთი შეხედვით რიგითი თბილისელი ბიჭია მოზღვავებული ფიქრებით. ფიქრი... მუდმივად ფიქრი. ისევე, როგორც ნაწარმოების ,,კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ იყვარდა" მთავარი გმირი ზურაც უსაქმური არასდროს არაა. მუდმივად ფიქრობს. ამბობს, რომ შეუძლებელია კლავიატუასთან მოთავსდეს და უცებ რამე ღირებული სცენარი დაწეროს. მუდმივად უნდა იფიქრო, ნაწილებად უნდა გქონდეს წარმოდგენილი ფილმი. მთელი დღის განმავლობაში მოსული ფიქრები დეტალებად რომ აქვს წარმოდგენილი, ღამით იწერება. ძილის წინ ჩაძინებისთვის განკუთვნილი 20 წუთიც კი საკმარისია ხორცშესხმისთვის.

რეჟისორობამდე რადიკალურად განსხვავებულ სხვა სფეროში ჰქონდა ცდა: ოჯახის სურვილით ზუსტ და საბუნებისმეტველო მეციერებებზე თსუ-ში ჩააბარა. წელიწად-ნახევრის გასვლის შემდეგ მიხვდა, რომ ეს არ იყო მისი ინტერესის სფერო და აქტიურად დაიწყო ფილმების ყურება, საჭირო ლიტერატურის კითხვა და რეჟისურის სფეროს სიღრმეებში ჩაწვდომა. მალულად ჩააბარა თეატრალურ უნივერსიტეტში და ახლა ცდილობს, მეტს მიაღწიოს. ,,რეჟისურა არის აზროვნება. ისეთი აზროვნება, რომლითაც შეგიძლია, ბევრი სფერო მოიცვა: მხატვრობა, მუსიკა, ვიზუალური ხელოვნება, ფოტოგრაფია". გადაწყვიტა, საკუთარი ფიქრები მოექცია ერთ სფეროში. მანამდე კადრებად დანახული თითოეული სცენა, ჟესტი დაეწერა. ჯერ სცენარის მკითხველისთვის, ხოლო შემდეგ უკვე მაყურებლისთვის ინტერესი აღეძრა. ყოველმა ფილმმა ხომ მაყურებლს საფიქრალი უნდა მისცეს.
freeaმისმა ბოლო მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა ,,გზაგასაყარი" "თიბისი ბანკის" კონკურსში "20 წელი/12 თვე" 12 ფილმს შორის გაიმარჯვა. წარდგენილი 5 ნომინაციიდან ფილმმა 4 აიღო: საუკეთესო რეჟისურა, სცენარი, ოპერატურა და მხატვრობა. ,,კონკურსის ჟიურში იყვნენ ისეთი ადამიანები, რომელთა შემოქმედებაზეც ჩვენ ვიზრდებით. აქ გამარჯვება ბევრად უფრო მეტია ჩემთვის, ვიდრე სხვა დანარჩენი პროცესები. ზურაბ კობახიძეს რომ შენი წინა ფილმები მოსწონს, ნდობას გიცხადებს, გარწმუნებს, რომ შენ შეგიძლია რაღაც გააკეთო, ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის". ,,გზაგასაყარი" ფართო საზოგადოების წინაშე ჯერ არ წარმდგარა. ფესტივალებზე დადის. ფესტივალზე ,,ამირანი"" ფილმმა ჟიურის სპეციალური აღნიშვნა მიიღო, პორტოს კინოსკოლების მე-10 საერთაშორისო ფესტივალიდან გრამპრით დაბრუნდა. იგზავნება მიუნხენში, პოლონეთსა და ჩინეთში. რაც ყველაზე ძალიან უხარია არის ის, რომ ფილმი ეროვნული კინოცენტრის მოკლემეტრაჟიანი ფილმების რიცხვს შეუერთდა და მას საშუალება ექნება, შემდეგში ისეთ სერიოზულ ფესტივალზე გაიგზავნოს როგორიცაა ,,კანი".

მისი შემოქმედება 4 მოკლემეტრაჟიანი ფილმით და წარმატებით შემოიფარგლება. იხსენებს მისი პირველი დოკუმენტური ფილმის გადაღებებს, რომლიც უნივერსიტეტის აპარატურით გადაიღო. თვითონ ითავსებდა, როგორც რეჟისორის, ასევე ბევრი სხვა საჭირო, მაგრამ რეჟისურისგან განსხვავებული პროფესიის როლებსაც. ეს ყოველივე კი შემოქმედებით პროცესს ხელს უშლის.

ყოველი ახალი ფილმი მისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. ჯერ საკუთარ ნაშრომებს შემოქმედებას არ უწოდებს, მაგრამ ახარებს პროფესიონალების ყურადღება. ,,ჩვენს პროფესიაში როცა მოდიხარ, არ უნდა გქონდეს დიდი მოგების მიღების ამბიცია. თავიდან მთავარია, ყურადღება მიიქციო, ეცადო, საზოგადოებას თავი წარმოუდგინო, შემდეგ კი საკუთარი მონდომებით შესაძლებელია მეტს მიაღწიო".

რისი მიღწევა უნდა? რისი პრეტენზია აქვს? ამაზე ასე გიპასუხებთ. ,,მინდა, იმის შესაძლებლობა მომეცეს - გულში რაც დამიგროვდება, ყველაფერი გადავიღო". არ ფიქრობს დიდ ყურადღებაზე, დიდ აპლოდისმენტებზე, საკუთარ თავზე არ ამბობს შემოქმედი ვარო, მაგრამ ვინც ზურას მის პროფესიაზე საუბარს დაუწყებს, მიხვდება - ის შემოქმედია.