პროფესიაში გადაზრდილი ოჯახური ტრადიცია
17 მაისი, 2014
პროფესიაში გადაზრდილი ოჯახური ტრადიცია ბეჭდვა FaceBook Twitter
"პატარა რომ ვიყავი, დედა მიკეთებდა სხვადასხვა ცხოველს და ძალიან მიყვარდა მისი გაკეთებული სათამაშოები"...
დედის ნაჩუქარი სათამაშო ცხოველები ცირას დღემდე ახსოვს და უყვარს. მათ დიდი გავლენა მოახდინეს გოგონას პროფესიულ არჩევანზე.


სწავლობდა თოიძეში გობელენის განხრით, შემდეგ სწავლა სამხატვრო აკადემიაში გააგრძელა. სწავლის დასრულება ვერ მოახერხა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, აკადემიამ ბევრი რამ ასწავლა.
"ბავშვობიდან ვხატავდი, მიყვარდა ხელნაკეთი ნივთები".
ნიჭი დედისა და ბებიისგან გამოჰყვა. უყვარს გრაფიკული ჩანახატების გაკეთება, თუმცა, ხატვას ხშირად ვეღარ ახერხებს. ძირითადად, თავის პატარა ლილესთან ერთად პრინცესებს ხატავს. ლილეს დედიკოს მიბაძვა ძალიან უყვარს, ცდილობს, კარგად ხატოს და თოჯინების გაკეთებაც მალე ისწავლოს.
"მგონი რაღაც ნიჭი მასაც გამოჰყვა, ხატვა ძალიან უყვარს და ერთი სული აქვს, გაიზარდოს და თოჯინების კეთებაც ისწავლოს" - ამბობს ცირა.
ხელნაკეთი თოჯინების იდეა ცირა პავლიაშვილის დედას, ქალბატონ ირინას ეკუთვნის.
ირინა თვითნასწავლი მკერავია, თოჯინებს მასაც დედა უკერავდა, შემდეგ მან გააგრძელა დედის ტრადიცია და შვილებისთვის დაიწყო სათამაშოების გაკეთება.
შვილებისთვის შექმნილმა სათამაშოებმა დროთა განმავლობაში მასშტაბური სახე მიიღო. ირინამ თოჯინების გაკეთება მეგობრებისა და ნათესავებისთვის დაიწყო, შემდეგ კი სრულიად უცხო ადამიანებისთვისაც. საქმე ბევრი დაუგროვდა, მარტო ვეღარ გაუმკლავდა და საქმიანობაში შვილებიც ჩართო.
"დედა მარტო ვეღარ ასწრებდა და მე და ჩემი დაც შევუერთდით. 3-4 წელია, რაც ერთად ინტენსიურად ვმუშაობთ და საქმეც განაწილებული გვაქვს. ირინა თოჯინის თავებს აკეთებს, ჩემი და ქეთი ტანს აწყობს, მე კი ტანსაცმელს ვუკერავ. თითოეული ნამუშევარი სამივეს ნახელავია" - ყვება ცირა პავლიაშვილი.
ნამუშევრებში ფილმის, ზღაპრის გმირებსა და ნაციონალურ სამოსში გამოწყობილ უამრავ თოჯინას გადააწყდებით. ნაციონალურ სამოსში ჩაცმული თოჯინების იდეა დაახლოებით 15 წლის წინ გაჩნდა, როდესაც დედა-შვილი გერმანელი მეგობრისათვის ორიგინალურ და ამავე დროს ქართულ, ტრადიციულ საჩუქარს ეძებდა. ასე გაჩნდა ხევსური გოგონა ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი. ხევსურ გოგონას შემდეგ სხვა კუთხეებისთვის დამახასიათებელ სამოსში გამოწყობილი თოჯინების მთელი სერია მოჰყვა.
სუვენირების მაღაზიაში, მშრალ ხიდზე, მათ შორის მცხეთასა და ბათუმშიც კი გადააწყდებით კახურ, გურულ, რაჭულ, მეგრულ ტარდიციულ სამოსში გამოწყობილ თოჯინა ქალბატონებსა და მამაკაცებს.
ცირას საყვარელი თოჯინა "დათა თუთაშხიაა", თუმცა, სიამოვნებით ჰყვება თოჯინაზეც, რომელიც ერთ-ერთი ახალგაზრდა ფოტოგრაფის კარიკატურაა.
"ერთ-ერთი ფოტოგრაფის კარიკატურა თოჯინა ძალიან საინტერესო გამოვიდა. განსაკუთრებით მივამსგავსეთ სახასიათო ულვაშით. ეს ფოტოგრაფი (მის ვინაობას ვერ გავამხელ) ულვაშს ატარებს და თოჯინასაც გავუკეთეთ, რომ უფრო მეტად დამსგავსებოდა".
სამოსი, ვარცხნილობა, თითოეული დეტალი ნებისმიერ თოჯინაზე სახასიათო დანიშნულებისაა. განსაკუთრებით კარიკატურების ან სპეციალური შეკვეთების დროს ხდება.
გობელენის ქსოვა, ქარგვა და ხატვა ცირას საყვარელი საქმეა, თუმცა, ყველაზე მეტ დროს თოჯინების შექმნას უთმობს.
"თოჯინების კეთება მარტო ჰობი არ არის, ეს ჩემი პროფესიაა, საყვარელი საქმე, რომელსაც სიამოვნებით ვაკეთებ“.