გერმანიაში მოღვაწე ქართველი მხატვარი
31 მაისი, 2014
გერმანიაში მოღვაწე ქართველი მხატვარი ბეჭდვა FaceBook Twitter
ეკა ფერაძე მხატვარი და დიზაინერია. ამჯერად გერმანიაში, ბერლინში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ხატვა ბავშვობიდან დაიწყო, 18 წლის ასაკში უცხოეთში წავიდა, რადგან მიიჩნევდა, რომ აქ მის პროფესიულ განვითარებას გასაქანი არ მიეცემოდა. ამჯერადაც ასე ფიქრობს. გერმანიაში საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. მის ნამუშევრებზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოშია: ევროპა, ამერიკა და მათ შორის საქართველოც. ის ბერლინში ინტერნაციონალურ მხატვართა კავშირის წევრია. 2013 წელს გამოშვებული აქვს სვაროვსკის თვლების ბიჟუტერია და კორსეტები, თუმცა, ეს საქმიანობა შეწყვიტა და დროს მხოლოდ ხატვას უთმობს. "ვამჯობინებ მხატვრობას გავყვე, ვიდრე ჩემი შემოქმედება ბიზნესად იქცეს".

მიმართულებასა და ჟანრს თავად ირჩევს, ცვლის, თავისებურსა და განსხვავებულს აკეთებს. "არ შემიძლია, ერთი მიმართულებით ვიმუშაო". ნახატებს, ძირითადად, აკრილში და ტილოზე ასრულებს, თუმცა, ამჯერად 3D ფორმატში ხატავს. როგორც თავად ამბობს, 3D ნახატებს განსხვავებული ხედვა და განწყობა სჭირდება. "ვიდრე ხატვას დავიწყებ, უნდა დავინახო, როგორი იქნება. დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას. ამიტომ ხატვის დროს ჩემს თავს სულ ამას ვუმეორებ: "იყავი დადებითი და იფიქრე დადებითად". მინდა, რომ ჩემი ნამუშევრებით არა მარტო მე ვიყო კმაყოფილი, არამედ დამთვალიერებელიც". ძირითადად, თავის სახელოსნოში მუშაობს. "დიდი სიამოვნებით დავათვალიერებინებდი მსურველებს ჩემს სახელოსნოს, სამუშაო ადგილს თბილისში" - ამბობს ეკა. თავის ნამუშევრებში ბევრი გამორჩეული და საყვარელი ნახატი აქვს, თუმცა, ერთი მისთვის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანია. დადუ - ასე ჰქვია მის ერთადერთ და უსაყვარლეს ნახატს, რომელიც თავის პატარა შვილს დავითს მიუძღვნა. დადუ პატარა დელფინია, რომელიც იმ პერიოდში ყველაზე მეტად მიამსგავსა დავითს და დახატა. ნახატი მონატრებას გამოხატავს. "2012-2013 წელს საკმაოდ დიდხანს მომიწია საქართველოში შვილებისგან შორს ყოფნა. ყველაზე მეტად ჩემი უმცროსი ბიჭუნა მენატრებოდა და ამ მონატრების ფონზე შევქმენი ნახატი "დელფინი დადუ". დღეს ჩემ შვილსაც დადუს ვეძახი". დელფინმა დადუმ მნახველები ემოციების გარეშე არ დატოვა. როგორც ავტორი იხსენებს, ბევრმა ნახა და იტირა ემოციებისგან მისი დათვალიერების შემდეგ. "ის სუნთქავს ჩემთვის და ბავშვისთვის".






თავის ნახატებს ყველას უძღვნის, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, უბრალოდ უცხო ადამიანებს, მათაც, ვინც გაჭირვებულია და მისი დახმარება სჭირდება. "ქველმოქმედება ჩემი ცხოვრების ნაწილია". ეხმარება როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში სხვადასხვა დაწესებულებას, ბავშვთა სახლს... ის ადამიანებს ეხმარება პროფესიული განვითარების კუთხითაც. სამშობლოდან დიდი ხნის წინ წასულმა ხელოვანმა გადაწყვიტა, პროფესიული კუთხით დაეხმაროს ქართველ ახალბედა ხელოვანებს. ამისათვის მან დააარსა ფონდი, ვებგვერდი, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა, განათავსოს თავიანთი ნამუშევრები. ნამუშევრების განთავსება შეუძლიათ ასევე უცხოეთის სხვადასხვა "არტ ვებგვერდებზე". რამდენიმე ადამიანი თავად ეკა ფერაძის მიერ ფინანსდება.

ხშირად აკეთებს აუქციონს, შესული თანხა ქველმოქმედებას ხმარდება. ასევე ხშირად აკეთებს აქციებს და თავის ნამუშევრებს საშუალებას აძლევს, სხვა ადამიანებთან გადასახლდნენ, გაახარონ და ასიამოვნონ თავიანთ ახალ მეგობარს, მფლობელს. "ვისიამოვნებ ხატვის დროს და ვისიამოვნებ მისი გაჩუქებით. მაინც მხოლოდ სიყვარულს აქვს მნიშვნელობა, მეტს - არაფერს. საშუალებას ვაძლევ ყველას, ვისაც მოსწონს, რომ ყველას ჰქონდეს ჩემი ნამუშევარი".