პოეზიაზე შეყვარებული გოგონა...
21 ივნისი, 2014
პოეზიაზე შეყვარებული გოგონა... ბეჭდვა FaceBook Twitter
„ხელოვნება პოეტის სულის ანარეკლია, თითოეული მისი ლექსი - გულის ჭრილობა. ლექსს ისე ვერ დაწერ, თუ არ გტკივა, თუ არაფერი გედარდება, თუ სისხლი არ გიდუღს და თუ აღელვებული არ ხარ. ეს იგივეა, ადამიანმა მდინარეში ნავით გასვლა მოინდომოს, ნიჩბები კი ნაპირზე დარჩეს. თითოეულ სტრიქონში იმხელა ემოცია, იმხელა გრძნობაა ჩაქსოვილი, რომ როდესაც ლექსს ვკითხულობ, სუნთქვა მეკვრის, პულსი მიჩქარდება და ვივსები იმ ზღვა ემოციით, რომელმაც პოეტს ესა თუ ის ლექსი დააწერინა“.

მარიამ გვილავა ახალგაზრდა პოეტია, რომელმაც ლექსების წერა 12 წლის ასაკში დაიწყო. მალევე მან მოთხრობების წერასაც მიჰყო ხელი. აღსანიშნავია, რომ ყველა მისი ნამუშევარი საღამოს საათებშია შექმნილი. თავდაპირველად მის შემოქმედებას ყველა არასერიოზულად უყურებდა. დღეს კი მისი ლექსები არა ფართო საზოგადოებისთვის, მაგრამ მეგობრების ფართო წრისთვის მაინცაა ნაცნობი. მარიამის რამდენიმე ლექსი „საქართველოს მოამბეში“ გამოაქვეყნეს, მას შემდეგ პოეტს არ უცდია, საკუთარი შემოქმედება ფართო ასპარეზზე გამოეტანა.

როგორც აღმოჩნდა, მარიამის საყვარელი პოეტი „პოეზიის მეფე“ გალაკტიონ ტაბიძეა. ჩემი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ გალაკტიონის შემოქმედება ყველასგან განსხვავებულია. მისი საყვარელი ლექსი ამავე პოეტის შემოქმედებიდანაა - „მთაწმინდის მთვარე“. მარიამი იხსენებს პოეზიასთან დაახლოების პირველ ნაბიჯებს და ამბობს, რომ სამი წლისაც არ იყო, როცა საბავშვო ბაღის ზეიმზე „მთაწმინდის მთვარე“ წაიკითხა.

„ჩემი პოეზია ჩემს სულშია, იგი დროდადრო ამოიფრქვევა ხოლმე მაშინ, როცა ტკივილი სულამდე აღწევს და მასში ფეხს იდგამს. ამ დროს პოეზია შემოდის ჩემში და მავსებს თავისი უზადო ეშხითა და აღმაფრენით“.

„ერთი შეხედვით რა პატარაა და ამავდროულად რა ვრცელია ადამიანის გული, იგი ერთდროულად იტევს სიკეთესა და ბოროტებას, გარყვნილებასა და უბიწოებას, ბედნიერებასა და უბედურებას, სიძულვილსა და სიყვარულს“.

მარიამი ამჟამად აბიტურიენტია და მოუთმენლად ელის ეროვნული გამოცდების დაწყებას, იშვიათად, მაგრამ მაინც ახერხებს დაძაბული გრაფიკის მიუხედავად ახალი ლექსების შექმნას. ახალგაზრდა პოეტი ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარებას აპირებს, პარალელურად კი სურს გამოსცეს წიგნი, რომელშიც შევა, როგორც მისი მოთხრობები, ასევე ლექსები. იდეაში მარიამს ყველაფერი არაჩვეულებრივად წარმოუდგენია, თუმცა, რეალობაში ის ძალიან დიდ ფინანსურ პრობლემას აწყდება. საქმე ისაა, რომ ახალგაზრდა პოეტს თავად არ შეუძლია დააფინანსოს წიგნის გამოცემა და ამისთვის სპონსორს ეძებს.

„ადამიანებმა სულიერი ჩაღრმავების, აზროვნებისა და განცდის უნარი დავკარგეთ. ტექნიკა ისე განვითარდა, სულ მოკლე ხანში, ალბათ, რობოტებსაც დავემსგავსებით. მათ არც სული აქვთ და არც გრძნობები“...

რაც შეეხება მის მომავალ პროფესიას, ფსიქოლოგიას, მარიამის თქმით, ამ საქმის შესწავლა მას დაეხმარება, უკეთ დაინახოს ადამიანის სულიერი სამყარო და გადმოსცეს გრძნობები. მისი თქმით, ფსიქოლოგია იქნება დამხმარე საგანი მისთვის, რომლის მეშვეობითაც შეძლებს უკეთ წარმოაჩინოს ადამიანის ფსიქოტიპი საკუთარ მოთხრობებში.

ჩემი რესპოდენტი მიიჩნევს, რომ დღესდღეობით საზოგადოების დიდი ნაწილი პოეზიას უგულისყუროდ უდგება, ამიტომ მარიამს მიაჩნია, რომ საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება, როგორც პოეტს, გაუჭირდება. მისი თქმით, ბევრი პოეტი ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ იმიტომაა დაფასებული, რომ ისინი საკუთარ ნაწარმოებებში ხშირად იყენებენ ბილწსიტყვაობას. საკუთარ შემოქმედებაზე კი ფიქრობს, რომ შესაძლოა, სულაც არ ერგებოდეს ის დღევანდელ რეალობას. მარიამი განიცდის ასევე საზოგადოების წიგნის მიმართ უინტერესო დამოკიდებულებას. ახალგაზრდა პოეტი ხშირად წერს ლექსებს სხვადასხვა წიგნის შინაარსიდან გამომდინარე. მაგალითად მისი ერთ-ერთი ლექსი შეიქმნა მას შემდეგ, რაც მან წაიკითხა წიგნი „ქალი კამელიებით“.

„ხშირად გამღვიძებია შუაღამით და ლექსი დამიწერია. შეიძლება დეპრესიამდეც კი მივიდე იმ მომენტში, როცა მუზა მეწვევა და კალამსა და რვეულს ვერ ვპოულობ“.

პოეზიაზე შეყვარებული გოგონა მოუწოდებს ახალგაზრდა პოეტებს, არ დაყარონ ფარ-ხმალი და აკეთონ ის საქმე, რაც ასე ძალიან უყვართ.