,,მე მიყვარს კლასიკური მუსიკა“ ახალგაზრდების გასაერთიანებლად
21 ივნისი, 2014
,,მე მიყვარს კლასიკური მუსიკა“ ახალგაზრდების გასაერთიანებლად ბეჭდვა FaceBook Twitter
19 ივნისს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში საპრეზენტაციო კონცერტი გაიმართა. მასში მონაწილეობა კონსერვატორიის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მიიღეს.
,,მე მიყვარს კლასიკური მუსიკა“ პროფესორ მანანა დოიჯაშვილის მიერ ინიცირებული ახალი პროექტია. მის ფარგლებში კონსერვატორიის დიდი დარბაზი 2014-2015 წლების სეზონზე შემეცნებითი ლექცია-კონცერტებს უმასპინძლებს. პირველი საღამო სექტემბერში გაიმართება.

კონსერვატორიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მუსიკოს ირაკლი ევსტაფიშვილის თქმით, კლასიკურ მუსიკას ცოტა მსმენელი ჰყავს. ლექცია-კონცერტების ჩატარების მიზანი კი ადამიანების, განსაკუთრებით ახალგაზრდების კლასიკური მუსიკით დაინტერესებაა. ,,ჩვენ ვაკვირდებით კონცერტების დინამიკას და ის არის კატასტროფული. რეალურად, მსმენელს ინფორმაცია არ აქვს. ჩვენი პროექტით მათ საშუალებას ვაძლევთ, რომ მთელი წლის განმავლობაში წინასწარ იცოდნენ, სად წავიდნენ, როდის და რას მოისმენენ. წელს პირველად ტარდება ეს კონცერტები. მსმენელებს შეუძლიათ აბონემენტი ან თითოეული კონცერტისთვის ცალკე ბილეთი შეიძინონ და კონცერტებს დაესწრნონ“ - აღნიშნავს ირაკლი ევსტაფიშვილი.

მსმენელის მხრიდან ინტერესის ნაკლებობაზე საუბრობს კონსერვატორიის სამუსიკო სკოლის მოსწავლე, მუსიკოსი სანდრო ნებიერიძეც: ,,ეს კონცერტები, მე მგონი, სისტემური უნდა იყოს იმიტომ, რომ კლასიკური მუსიკა, ფაქტობრივად, კვდება ხალხში. ის, რისგანაც აღმოცენდა ყველა სახის მუსიკა, არ უნდა დავივიწყოთ. ეს იგივეა, რომ ადამიანმა დაივიწყოს მშობელი დედა. ვფიქრობ, ამ კონცერტებს ახალგაზრდობა უნდა დაესწროს და ადამიანები, ვისაც მუსიკა უყვართ, აუცილებლად უნდა მოვიდნენ აქ“ - ამბობს სანდრო ნებიერიძე ,,თავისუფალ ასოციაციასთან“ საუბრისას.

2014-2015 წლის განმავლობაში კონსერვატორიის დიდი დარბაზი ათ კონცერტს უმასპინძლებს. თვეში ერთხელ გაიმართება ერთი მუსიკალურ-შემეცნებითი საღამო, რომლებსაც ქართველი მუსიკოსები წარუძღვებიან. ირაკლი ევსტაფიშვილის თქმით, კონცერტები ჟანრობრივად მრავალფეროვანი იქნება და კლასიკური მუსიკის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. ,,საორკესტრო, ინსტრუმენტული, ვოკალური, საგუნდო და საოპერო, ძირითადად, ეს ჟანრები იქნება წარმოდგენილი. შესაძლოა, ერთი ჟანრისთვის ერთი დღე არ იყოს საკმარისი და გადანაწილდეს ორ-სამ დღეზე. რაც შეეხება ფორმატს, ამ ლექცია-კონცერტებში შემეცნებითი მხარეა მნიშვნელოვანი. მსმენელი უნდა გაერკვეს, რა ეპოქასთან გვაქვს საქმე, როგორ ვითარდებოდა კონკრეტული ჟანრი. ვთქვათ, კონცერტი ეძღვნება საგუნდო მუსიკას - განიხილავენ საგუნდო მუსიკის ისტორიას. კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ კონსერვატორიის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები და პროფესიონალი მუსიკოსები. ისინი თემასთან მიმართებაში აჩვენებენ ნიმუშებს. ეს ნიმუშები იქნება უკვე კონცერტის სახით“ - ამბობს მუსიკოსი.
მუსიკოს ირაკლი ევსტაფიშვილის თქმით, ლექცია-კონცერტები დირიჟორ ჯანსუღ კახიძის ლექციების გაგრძელება იქნება.

,,ჯანსუღ კახიძის დროს იმართებოდა ლექცია-კონცერტები. რომლებსაც ის თვითონ უძღვებოდა. აქცენტი იყო მომავალი თაობების მსმენელის აღზრდაზე. ამ კონცერტების ძირითადი სეგმენტი ბავშვები იყვნენ. ახლაც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის შვიდიდან თოთხმეტ წლამდე ბავშვებზეა გათვლა. თუმცა, კარი ყველასთვის ღიაა. ის ლექცია-კონცერტები, რომლებიც ჯანსუღი კახიძის გარდაცვალების შემდეგ შეწყდა, მეორდება ახლა. ოღონდ ამჯერად სხვა ადამიანები განახორციელებენ“.
პროექტის ინიციატორ მანანა დოიჯაშვილის თქმით, მისი მიზანი ახალგაზრდობის კლასიკური მუსიკით დაინტერესებაა. ,,მე მიყვარს კლასიკური მუსიკა“ - ეს არის ის დევიზი, რომლის ქვეშ ჩვენ გვსურს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი და, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდები გავაერთიანოთ. სწორედ ამ იდეას ემსახურება კონსერვატორიის დიდი დარბაზის ინიციატივა, რომელიც გთავაზობთ 2014-2015 წლის სეზონში შემეცნებით ლექცია-კონცერტების სერიას“ - აცხადებს მანანა დოიჯაშვილი.

თითოეულ ლექცია-კონცერტს ეყოლება წამყვანი. ისინი ცნობილი ქართველი მუსიკოსები იქნებიან. მანანა დოიჯაშვილმა მათ შესახებაც ისაუბრა. ,,ერთ-ერთი კონცერტის თემა იქნება სიმებიანი ინსტრუმენტების განხილვა. ამ ინსტრუმენტებს კი გაგაცნობთ ქართველი მევიოლინე და კომპოზიტორი კოკა ნიკოლაძე. ჩასაბერ და დასარტყამ ინსტრუმენტებს წარმოგიდგენთ ლევან ცხადაძე. ის დღეს ჰოლანდიაში მოღვაწეობს და, რა თქმა უნდა, ამ კონცერტის წასაყვანად ჩამოვა. რაც შეეხება ვოკალის ხელოვნებას, მას წარმოგიდგენთ მსოფლიოში აღიარებული მომღერალი ნინო სურგულაძე. საორკესტრო და საოპერო ხელოვნებას კი ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილი დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე გაუძღვება. ციკლს დაასრულებას საბალეტო ლექცია-კონცერტი, რომელსაც წარადგენს ნინო ანანიაშვილი“.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორ რეზო კიკნაძის თქმით, ,,კონცერტებს აქვს ფასდაუდებელი მნიშვნელობა. ასეთი შემეცნებითი კონცერტები საკმაოდ ხშირად ტარდებოდა, ჩვეულებრივი მოვლენა იყო. შემდეგი წლების მანძილზე, რატომღაც, ასეთი წყვეტა იყო. მივესალმები ქალბატონ მანანას ამ ინიციატივას“.