სპორტიდან ფერწერაში...
22 ივნისი, 2013
სპორტიდან ფერწერაში... ბეჭდვა FaceBook Twitter
დიტო ქაჯაია სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია, მაგრამ მისმა ნამუშევრებმა საზოგადოების ყურადღება უკვე მიიქცია.
სამხატვრო სკოლაში მშობლებისგან დამოუკიდებლად შევიდა და საკუთარი ცხოვრება სამუდამოდ დაუკავშირა ფერწერას. "ფერწერას ვსწავლობ, მაგრამ ამავე დროს ვაკეთებ ქანდაკებებსაც. ხატვა ბავშვოდან მიზიდავდა და სამხატვრო აკადემიაშიც ჩემივე სურვილით ჩავაბარე".
ხატავს იმას, რაც უნდა და აქანდაკებს იმ ფიგურებს, რისი სურვილიც გაუჩნდება. "ვხატავ ნატურას, პეიზაჟებს, რისი ხატვაც მომინდება. ძირითადად მუზაზე ვარ დამოკიდებული, მაგრამ შეიძლება იმის გაკეთება მომიწიოს, რაც დავალებაში იქნება მოცემული, მაგალითად, ახლა გვქონდა გამოფენა თავისუფლების თემაზე და ქალის ფიგურა მქონდა გატანილი".
გამორჩეული, საყვარელი მოქანდაკე არ ჰყავს, მაგრამ ფერწერაში ყველაზე მეტად სეზანი მოსწონს იმდენად, მისი ნახატის ასლიც კი გააკეთა.
სამხატვრო აკადემიის სახელოსნოში უწევს მუშაობა და მიუხედავად იმისა, რომ სახელოსნოში წყალი არ აქვთ, მაინც დიდი მონდომებით ქმნის ფიგურებს. "ვფიქრობ, რომ თუ მუშაობა გინდა მაინც იმუშავებ, მიუხედავად პირობებისა".
ორ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა, კონკურსებისთვის ღამეებიც უთენებია. ერთ-ერთი ასეთ გამოფენაში საზღვრებს მიღმაც გააგზავნა ნახატები, სადაც დიდი მოწონება დაიმსახურა და დიპლომიც გამოუგზავნეს. ნახატების გაჩუქება არ უყვარს, თუმცა, "გააჩნია ვის ჩუქნი. ამასაც აქვს მნიშვნელობა. გაჩუქებასთან ერთად გაყიდვაც რთულია".
ყველა ნამუშევართან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს და რომელიმეს გამორჩევა უჭირს.
გარდა ფერწერისა და ქანდაკებისა, ლექსებსაც წერს. სამი წელია, რაც წერა დაიწყო და უკვე ვეღარც კი გამოარჩევს, რომელია მისთვის უფრო მნიშვნელოვანი, ხატვა, გამოქანდაკება, თუ ლექსების წერა. "ფართო საზოგადოება არ მიცნობს როგორც პოეტს, მაგრამ პოეზიის საღამოებში ვმონაწილეობ. ძირითადად მეგობრები ვკითხულობთ და ვაფასებთ ერთმანეთის შემოქმედებას. საკმაოდ ბევრი ლექსი დამიგროვდა და კრებულის გამოცემაზეც ვფიქრობ".
სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებამდე სპორტით იყო დაკავებული. რომ არა სამხატვრო აკადემია, ალბათ, დღეს სპორტსმენი იქნებოდა. არჩევანის გაკეთება გაუჭირდა, მაგრამ მისი აზრით, ის უფრო მნიშვნელოვანია, რასაც დღეს აკეთებს, ვიდრე სპორტი.