ახალგაზრდა კალიგრაფი და ხელით წერის უძველესი ტრადიცია
04 ოქტომბერი, 2014
ახალგაზრდა კალიგრაფი და ხელით წერის უძველესი ტრადიცია ბეჭდვა FaceBook Twitter
ახალგაზრდა კალიგრაფი, ხელოვნების მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პედაგოგი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ოთარ მჭედლიშვილი საქართველოში ერთ-ერთია, ვინც ხელით წერის უძველეს ტრადიციას იზიარებს. იგი საკუთარ ნამუშევრებს ხბოს ტყავზე, ეტრატზე, ქმნის, საწერად ლერწმის კალამსა და ბატის ფრთას იყენებს, ხოლო, რაც შეეხება მის მთავარ ნიშას, რაც სხვებისაგან გამოარჩევს, სწორედ რომ საწერი მასალა და გოთიკური სტილია.
ოთარ მჭედლიშვილის აღმასვლა და განვითარება ამ სფეროში დაიწყო 2010 წლიდან, მაშინ, როდესაც საფუძველი ჩაეყარა ყოველწლიურ კონკურსს „ქართული კალიგრაფია“, სადაც მონაწილეებს საშუალება ეძლეოდათ, თანაბარ კონკურენტულ პირობებში წარმოეჩინათ უნარი ხელით წერის კულტურაში, ასევე, ჰქონდათ შესაძლებლობა, მოესმინათ ლექცია-სემინარები შესაბამის თემებზე. სწორედ ამ კონკურსის 2010-2011 წლების გამარჯვებული გახდა ოთარი. ამ ორი წლის განმავლობაში მისი ნაბიჯები იმდენად პროგრესული იყო, რომ მიხვდა, ერთ ადგილზე გაჩერებას აზრი არ ჰქონდა და, რომ აუცილებელი იყო უფრო დიდი წარმატებისაკენ სწრაფვა. სწორედ ამიტომ, უარი თქვა ,,ქართულ კალიგრაფიაში” მონაწილეობის მიღებაზე: ,,ვფიქრობ, კონკურსი არის მხოლოდ პირველი საფეხური, შემდეგ ადამიანი უნდა ავიდეს მეორე, მესამე საფეხურზე, ანუ იგი განვითარებას საჭიროებს, სწორედ ამიტომ არ მინდოდა დავრჩენილიყავი საწყის ეტაპზე...” - გვითხრა მან.




ოთარი საუბრობს ქართული კულტურისა და ისტორიის უმნიშვნელოვანეს საგანძურზე, მდიდრულად ილუსტრირებულ უნიკალურ ხელნაწერებზე. კალიგრაფი მისთვის ყველაზე საყვარელ ხელნაწერად მოქვის სახარებას ასახელებს და მას ,,ყველაზე ქართულს” უწოდებს: ,,მინდა, ვისაუბრო მოქვის სახარებაზე, რომელიც ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია კლასიკური ქართული კალიგრაფიით შესრულებული. იგი თითქოს მწვერვალია კალიგრაფიული დონით... ჩვენ, როცა ვლაპარაკობთ ქართულ კულტურაზე, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ის არის ბიზანტიური კულტურის ნაწილი, ვინაიდან მაშინდელი ხელოვანები, ძირითადად, სარგებლობდნენ ბიზანტიური კულტურით. ჩვენ ვიყავით მათ ჩრდილში, ამიტომ მათი ტენდენციები განსაზღვრავდა ჩვენს ტენდენციებსაც, თუმცა, იმ პერიოდში, როცა მოქვის სახარება იწერებოდა, ბიზანტია ძლიერ დასუსტებული იყო და საქართველოს გაწყვეტილი ჰქონდა მასთან დამოკიდებულებითი კავშირი, სწორედ ამიტომ სახარებაში იგრძნობა არა ბიზანტიური, არამედ ქართული გავლენა. ჩემი საყვარელი ქმნილება კი იმიტომ არის, რომ ვფიქრობ, ყველაზე ქართულია ორნამენტირება და საზედაო ასოები, ამასთანავე მნიშვნელოვანია ისიც, რომ გადაწერილია მოქვის მონასტერში, რომელიც აფხაზეთში მდებარეობს”.

ოთარის თქმით, იმისათვის, რომ ავამაღლოთ ინტერესი ახალგაზრდებში ქართული კალიგრაფიის კულტურის მიმართ, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია სახელმწიფოს დახმარება, ვინაიდან მნიშვნელოვანია: ,,ქვეყანაში და განსაკუთრებით დედაქალაქში არსებობდეს კალიგრაფიის სკოლა, ასევე კარგი იქნება, თუ სამხატვრო აკადემიაში იქნება კალიგრაფიისა და წიგნის ხელოვნების ფაკულტეტი, ჩვენ გვაქვს ფერწერის ხელოვნების ფაკულტეტი, რომელიც მე-18-19 საუკუნიდან იღებს სათავეს, რასაც მივესალმები, თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ სახვითი ხელოვნების ისტორია მე-5 საუკუნიდან იწყება”.
ოთარ მჭედლიშვილი ახალბედა კალიგრაფებს ურჩევს, რომ, უპირველეს ყოვლისა, დაათვალიერონ და ძალიან ბევრი ძველი ხელნაწერი ნახონ, თუმცა, არ მოექცნენ მათ ჩრდილქვეშ და შეინარჩუნონ საკუთარი ინდივიდუალობა.