„რაც უნდა მოხდეს, მაინც დავხატავ...“
19 ოქტომბერი, 2014
 „რაც უნდა მოხდეს, მაინც დავხატავ...“ ბეჭდვა FaceBook Twitter
“ბავშვობაში მინდოდა, რომ ზოოპარკის მეპატრონე ვყოფილიყავი, ზოოპარკში დამლაგებლად ან ცხოველების მომვლელადაც კი მსურდა მუშაობა, ცხოველები მიყვარდა ძალიან, სწორედ ამიტომ სახლში მქონდა „ზოოპარკი“: რაც კი შინაური ცხოველი არსებობს, მგონი, ყველა მყავდა. მე კიდევ ყოველთვის მინდოდა ცხენი მყოლოდა, ეს ცხოველი განსაკუთრებულად მიყვარდა“.
ხატვა ბავშვობიდან დაიწყო და თავიდან ყველაზე ხშირად სწორედ ცხენებს ხატავდა, ახლა უფრო ხშირად ადამიანებს ხატავს, იზიდავს შიშველი ფიგურა, მაგრამ ბოლო პერიოდში უფრო მეტ ყურადღებასა და დროს რელიგიურ თემებს უთმობს.

„როგორც კი პირველად ფანქარი ავიღე, იმის მერე სულ ვხატავ, სკოლის პერიოდშიც სულ ვხატავდი, ცეკვაზე დავდიოდი, იქაც ვხატავდი, ზოგჯერ კედლებზე ვხატავდი. სწორედ ამიტომ მინდა, როგორც მხატვარი, ისე გამიცნოს საზოგადოებამ, მხოლოდ მხატვარი - მეტი არაფერი“.

ახალგაზრდა მხატვარი კოკო დავლაშერიძე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე მე-3 კურსზე სწავლობს. მხატვრობის გარდა დაინტერესებულია ასტროლოგიით, პარაფსიქოლოგიით, უყვარს ბათუმი, მაგრამ მხოლოდ ზაფხულში და ისიც 2 კვირით: „2 კვირის შემდეგ შეიძლება სიცხეც კი ამეწიოს, იმდენად მინდა თბილისში წამოსვლა“. ძალიან უყვარს თბილისი და ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა იცხოვროს თბილისის გარდა სხვა ქალაქში. უყვარს მუსიკის მოსმენა, განსაკუთრებით ქართული მუსიკის, მუსიკას შეუძლია უსმინოს ყველგან და ყოველთვის. საკუთარ თავში არ მოსწონს ის, რომ მძიმე ხასიათი აქვს და თუ რაღაცა არ მოსწონს, იმას უბრალოდ არ აკეთებს.

როგორც კოკო აღნიშნავს, ხატვასთან მიმართებაშიც საკმაოდ მძიმე ხასიათი აქვს. არის შემთხვევები, როცა თვეები გადის და არ ხატავს, ამ დროს უჭირს ტილოსთან მისვლა, მაგრამ თუ გაბედა და მივიდა ტილოსთან, მერე ვეღარ ჩერდება და შეიძლება დღეები გავიდეს ისე, რომ საერთოდ არ დაისვენოს, შედეგად 5-6 ნახატს ამზადებს.

„ეს არაფერზე არ არის დამოკიდებული, არის დრო, როცა მჭირდება რაღაც ახალი ემოციების მიღება, დაგროვება გარემოსგან, ახალი ადამიანების გაცნობა; თუნდაც პრობლემა როცა მაქვს, ამ პრობლემისგან ნეგატიური ემოციის მიღება, რომ ეს შემდეგ ტილოზე გადმოვცე. რამდენიმე ნახატის შემდეგ მერე ისევ ვიცლები და როცა დაცლილი ვარ აღარ გამომდის არაფრის ხატვა და უნდა ავინაზღაურო და დავაგროვო ისევ ახალი ემოციები.“

კოკოსთვის ყველაზე კარგი გარემო სამუშაოდ მაშინ არის, როცა მარტოა. ხატვისას სახლში არავინ უნდა იყოს, ისე ვერ ახდენს კონცენტრაციას ნახატზე, ასევე სამუშაო ოთახში არ უნდა იყოს ზედმეტი სინათლე; უფრო თავისუფლად ხატავს, როცა სიბნელეა და სამუშაო სივრცე ჩაკეტილია.

ნამუშევრებში ჯერ არ იკვეთება კონკრეტული სტილის ან მიმდინარეობის გავლენა.

„ადრე მომწონდა სიურეალიზმის მიმდინარეობა, მაგრამ რაც დრო გადის უფრო ჩამოვცილდი სიურეალიზმს და წავედი რემბრანტისეული ხატვისკენ. ახლა უკვე ჩემს ნახატებს რომ ვუყურებ, სტილი საერთოდ არ მქავს, ახლა ვყალიბდები, ახლა მაქვს აღმოჩენების ეტაპი, საბოლოო ჯამში, რა გამომივა არ ვიცი“.

14 წლის ასაკში გალერეა „ჰობიში“ პერსონალური გამოფენა ჰქონდა. ეგონა, რომ გამოფენაზე არავინ მივიდოდა, მაგრამ ბოლოს იმდენი სტუმარი მივიდა, ადგილი აღარ იყო.

კოკომ იცის, რომ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება საჭიროა, მაგრამ არ უნდა საქართველოდან, თბილისიდან წასვლა. მისი ოცნებაა, საქართველოში მიაღწიოს ყველაფერს, რისი მიღწევის შანსიც საზღვარგარეთაც ექნება.

„მე ის უფრო არ მომწონს, რომ მიდიან საზღვარგარეთ, აიწყობენ იქ კარიერას, იმ ქვეყნისთვის აკეთებენ ყველაფერს და ჩვენ აღარ გვყავს ის ადამიანი“.

ოქტომბრის ბოლოს კოკო დავლაშერიძე კიდევ ერთი პერსონალური გამოფენის მოწყობას გეგმავს.

„ჩემი რჩევა დამწყები მხატვრებისთვის იქნება ის, რომ ხატონ იმ შემთხვევაში, თუ გულით უნდათ, ბევრი მხატვარია, ვინც შემოსავლისთვის ხატავს. ნახატში უნდა ჩადო ყველაფერი, იმ მომენტში ნახატს უნდა დაექვემდებარო, უნდა იმუშავო მონასავით, კარგი გამონათქვამი ვიცი: „უნდა ქმნიდე, როგორც ღმერთი. ფლობდე, როგორც მეფე და მუშაობდე, როგორც ტყვე“ (ამადეო მოდილიანი). არ მახსოვს ისეთი შემთხვევა, რომ გადამეწყვიტა აღარ დამეხატა, თვეების განმავლობაში შეიძლება არ მეხატა რაღაც პროლემების გამო და ა. შ. მაგრამ არასდროს მიფიქრია იმის შესახებ, რომ ხატვისთვის თავი დამენებებინა, პირიქით, ყოველთვის ვამბობ: რაც უნდა მოხდეს, მაინც დავხატავ“.