170 წელი ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან
29 ივნისი, 2013
170 წელი ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან ბეჭდვა FaceBook Twitter
ნიკო ნიკოლაძე დაიბადა 1843 წლის 27 სექტემბერს (9 ოქტომბერი) ქუთაისში. მისი მამა იაკობ ნიკოლაძე იმ დროის ცნობილი მეწარმე და ვაჭარი იყო, ქუთაისში არაერთი წარმოება ჰქონდა და ფოთის პორტით ხშირად შემოჰქონდა სხვადასხვა დანადგარი უცხოეთიდან.
ნიკო ნიკოლაძე იგონებდა: "ბაბუაჩემი პირველი ქართველი ყოფილა, რომლსაც ვაჭრობა დაუწყია იმერეთში, იქნება საქართველოშიაც. მანამდე ქართველები ამას თაკილობდნენ და ამით მხოლოდ უცხოელები იყვნენ დაკავებული. იმერელი გლეხკაცის ცოლი ამ საქმიანობისას პირისახეს თათრის ქალივით აიხვევდა, არავინ წამასწროს თვალი ამ საზიზღარ საქმეზეო".
ნიკო ნიკოლაძემ 1860 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და იმავე წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი წერილები ჟურნალ "ცისკარში". მას აქტიური ცხოვრების სტილი ჰქონდა. არ ჩამოუვარდებოდა თავისი დროის დიდ მეცნიერებს – საქართველოში ტექნიკური პროგრესის მამამთავარი იყო.

ქართველი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 170 წელი გავიდა. ამ თარიღის აღსანიშნავად კი ეროვნულმა არქივმა გამოფენა მოაწყო.

ეროვნულ არქივში წარმოდგენილი ფოტომასალა ნიკოლაძე-ღამბაშიძეების კოლექციიდან არის, რომელიც ნიკო ნიკოლაძის მრავალმხრივ მოღვაწეობას, მისი მეგობრების წრესა და ოჯახის წევრების ცხოვრებას ასახავს. ფოტოები გადაღებულია ნიკო ნიკოლაძის, გიორგი ნიკოლაძის, დავით გურამიშვილისა და ვახტანგ ღამბაშიძის მიერ მე-19 საუკუნის 70-იან და მე-20 საუკუნის ოციან წლებში. ექსპოზიციაზე 37 ფოტოა წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ 1972 წელს ფოტომასალის დიდი ნაწილი ეროვნულ არქივს გიორგი ნიკოლაძის დამ, რუსუდან ნიკოლაძემ, გადასცა. ნიკოლაძეების კოლექციაში შედის 1958 წელს ალპური კლუბიდან მიღებული ნეგატივებიც. 2012 წლის დასაწყისში მედეა თაბუკაშვილმა არქივს ვახტანგ ღამბაშიძის მიერ გადაღებული, ნინო პალტარაცკაიას დაკრძალვის კადრები, თბილისისა და სტამბულის ხედები გადასცა. ამავე წელს პარიზში მცხოვრებმა რეზო და ნათელა ნიკოლაძეებმა არქივს ჩააბარეს ვახტანგ ღამბაშიძისა და გიორგი ნიკოლაძის მიერ გადაღებული 157 ნეგატივი მინაზე.

გამოფენაზე წარმოდგენილია ისტორიული ღირებულების მქონე, აქამდე უცნობი და გამოუქვეყნებელი ფოტოები, რომლებიც ნიკო ნიკოლაძის პოლიტიკურ მოღვაწეობას უკავშირდება.

დამთვალიერებელს ექსპოზიციის ნახვა 10 ივლისამდე შეუძლია.