კოპლებიანი გოგონები ქუჩის მუზეუმიდან
03 ნოემბერი, 2015
კოპლებიანი გოგონები ქუჩის მუზეუმიდან                                   ბეჭდვა FaceBook Twitter

ბნელა, თბილისში 90-იანებია. ჩამონგრეული შენობებისა და ატალახებული გუბეების ფონზე ცამეტი წლის თამუნა წახნაკიას ჰოლანდიაში მცხოვრები მამისგან საფოსტო ბარათებს იღებს ყდაზე ამსტერდამის ქუჩებში გამოსახული "Street Art"-ებით.

ამ გზავნილების ადრესატი მხატვრობაზე ოცნებობს. დენის მოსვლაზე მეტად მამის ბარათებს ელოდება და თბილისის გაჭვარტლულ ქუჩებში მსგავს ფერად და ორიგინალურ ნახატებს ამაოდ დაეძებს.

დედის გადმოცემით, პირველი ნახატი "სტაფილო და კურდღელი" დაწყებით კლასებში შექმნა. მასწავლებელმა მშობელს ახარა, ეს ბავშვი მხატვარი გამოვა-ო და ნამუშევარი კლასის დაფაზე ჩამოკიდა. მას შემდეგ სკოლის კედლები მის პერსონალურ გალერიად გადაიქცა. თუმცა, ხატვისთვის გამოყოფილ საზღვრებს არც მაშინ ემორჩილებოდა და პერიოდულად საკუთარი შემოქმედების მერხებიდან წაშლა უწევდა.
სამომავლო გამოფენებსა და ნამუშევრებზე ფიქრით გატაცებული ხატავდა ყოველთვის და ყველაფერზე, მაგრამ პროფესიის არჩევისას ქვეყანაში არსებული რეალობაც გაითვალისწინა - ნახატების შეძენის მსურველთა ამაო ლოდინს სამხატვრო აკადემიაში გრაფიკის სწავლა არჩია. თუმცა, მისივე თქმით, წლების შემდეგ ამ სფეროში თავის განვითარების შესაძლებლობა ვერ დაინახა. 

"ხელოვანისთვის შეკვეთებზე მუშაობა ძალიან რთულია. შენს თავში მუდმივად სიახლეა. აცოცხლებ შენს გონებაში წარმოდგენილ პერსონაჟებსა და მოქმედებებს. ამ დროს დაკვეთით რაიმე ასლის შექმნა აბსურდულია" - ამბობს თამუნა.




საკუთარი თავის ძიების პროცესში თბილისიც თანდათან ბნელიდან გამოდის. ინტერნეტის ერა თამუნას ბავშვობისდროინდელ საფოსტო ბარათებთან აბრუნებს. ეცნობა გრაფიტისა და "Street Art"-ის ისტორიას და მასშიც, ამერიკის რომელიღაც შტატში მატარებლებზე მორბენალი, პირველი ქუჩის მხატვრების ადრენალინი იღვიძებს. მსოფლიოს თანამედროვე ხელოვნების ყველაზე ხმაურიანი მიმართულების ნამუშევრებით შთაგონებული იწყებს ხატვას "ქართული ტექნიკით". დიახ, თბილისში ჯერ კიდევ განთიადია, კედელზე სახატავი "პულივიზატორები" არ იშოვება, ამიტომაც, ევროპისთვის აბსურდულს, თამუნა ქართულ რეალობაში შესაძლებელს ხდის - ფუნჯებით, მანქანებისა და მაცივრების შესაღები საღებავებით ქმნის პირველ ნამუშევრებს კედელზე. 2012 წელს კი სოციალურ ქსელში ევროპაში "Street Art"-ის ფესტივალზე იწვევენ. 

"იქ გატარებული დღეები ბედნიერებით გამოწვეული სრული შოკი იყო. შევხვდი ადამიანებს, რომლებმაც პირადად ჩაუყარეს საფუძველი ამ სუბკულტურას. მათგან ვიღებდი მასტერკლასებს, პირველად შევეხე ნამდვილ, კარგი ხარისხის საღებავს" - ამბობს თამუნა.

საქართველოში დაბრუნებული ფესტივალიდან წამოღებულ მზის სხივებს აქა-იქ აბნევს. დღეს უკვე ჩვენს ქვეყანაშიც შესაძლებელია მისთვის საოცნებო საღებავების შეძენა. სხვადასხვა კომპანია თანდათანობით ინტერესდებიან ქუჩის მხატვრობით. პირველმა ევროპულმა ტურმა მასაც წარმატება მოუტანა. დღეს მისი ნახატები პარიზისა და ლონდონის კერძო კოლექციებში ინახება. ერთი თვის წინ დაბრუნდა საფრანგეთიდან, სადაც ქალაქ ლიონში სხვა მხატვრებთან ერთად მისი ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი. გამოფენა წლის განმავლობაში ქვეყნის თითქმის ყველა ქალაქს მოივლის.
ფართო აუდიტორიის მისი ნამუშევრებისადმი დაინტერესებას მარტივად ხსნის: "ჩემი კოპლებიანი გოგონები". მის ნახატებს ტანზე დაწინწკლული პერსონაჟებითა და ნამუშევრის ქვემოთ მიწერილ ფსევდონიმით "TamoonZ"- ით ამოიცნობთ. 

თითოეული "Street Art"-ი ქუჩის მუზეუმს შეერთებამდე შრომატევად გზას გაივლის. კედელთან დგომისას გონებაში შექმნილი ექსკიზები დეტალურად გათვლილი გადმოაქვს ქუჩის სახატავ ტილოზე. ფინანსურად საკმაოდ ძვირი სიამოვნება მისთვის იმდენად დიდი ადრენალინია, საკუთარი ჯიბიდან თანხას საღებავისთვის უყოყმანოდ იღებს. არც ფიზიკურ დატვირთვას უშინდება, რომელიც დიდი მასშტაბის ნახატის შესაქმნელად აუცილებელია და ხუმრობს, რომ ჯანზე სწორედ ამისთვის მოვიდა. საყვარელი საღებავის სუნის სუნთქვა კი საათობით შეუძლია. მერე რა, თუ ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

არაერთი და მრავალფეროვანი ინტერიერის დიზაინერი, ილუსტრატორი, "Game Maker"-ი - ეს იმ საქმიანობების არასრული ჩამონათვალია, სადაც ძალების მოსინჯვა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სურს. 

- და მაინც, სად იქნება ოცი წლის შემდეგ ერთერთი პირველი ქართველი ქუჩის ხელოვანი?
- არ ვიცი, სად და როგორ, უბრალოდ, უსასრულოდ დავხატავ...