ხატვით ლაპარაკი...
05 ნოემბერი, 2015
ხატვით ლაპარაკი... ბეჭდვა FaceBook Twitter
თამთა დოლიძე სამხატვრო აკადემიაში ფერწერაზე სწავლობს. "ხატვა 2-3 წლიდან დავიწყე, როცა ფანქრის ჭერა შევძელი, მას შემდეგ ვხატავ. 4 წლის ვიყავი, გამოფენაში რომ მივიღე მონაწილეობა".

ხატვის გარეშე საკუთარი თავი ვერ წარმოუდგენია: "ყველა ადამიანს ხომ აქვს თავისი ადგილი, ყველა რაღაცას ემსახურება, ჰოდა, მე ხატვის გარეშე თითქოს უადგილოდ ვარ და არ ვარსებობ. პიკასო ამბობდა: "მე ყველაფერს არ ვამბობ, მაგრამ ყველაფერს ვხატავ"-ო, მეც ასე ვარ, დაახლოებით. ეს არის დაუსრულებელი შეცნობის წყურვილი, გამუდმებული ძიება და მიუხედავად ამისა, თითქოს მაინც ვერასდროს პოულობ იმ პაწაწინა ნამცეცს, რაც გაკლია, რაც ყოველივეს ცხადს გახდიდა".


თავისუფალ დროს: "ვცდილობ, აქტიურად ჩავება ლაშქრობებში. ფილმებსა და ანიმაციებს ხშირად ვუყურებ. გუშინ " ციცინათელების სასაფლაო" ვნახე და პირველი კადრიდან ბოლომდე ვტიროდი. წიგნების კითხვას ვუთმობ დიდ დროს, საყვარელი ავტორი არ მყავს, რგორც ჩანს, სულ საუკეთესო წიგნებს ვკითხულობ. ამ ბოლო დროს სხვადასხვა ხალხთა ფოლკლორით დავინტერესდი. ალპური ზონა არის ჩემი სამყარო, უზარმაზარი მთები და სივრცეები, საძოვრები, კლდეები. საერთოდ ბოდიალი მიყვარს, თუნდაც ქალაქში, ხანდახან შეიძლება არც არაფერს ვუყურებდე, უბრალოდ მივდიოდე და უეცრად სხვაგან ამოვყო თავი".

ახალგაზრდა მხატვარს პირველი პერსონალური გამოფენა 2008 წელს ჰქონდა, ხოლო ბოლო 2015 წლის გაზაფხულზე. მას ჯერ მომავალთან მიმართებაში კონკრეტული გეგმები არ აქვს: "პირველი გამოფენა 2008 წელს მქონდა ოზურგეთში, ხოლო ბოლო წელს გაზაფხულზე. გამოფენამ წარმატებით ჩაიარა. ამჟამად კონკრეტული გეგმები არ მაქვს, მომავალში ვფიქრობ გერმანიაში სასწავლებლად წასვლაზე".