პიროვნება ვიზუალს მიღმა
27 დეკემბერი, 2015
    პიროვნება ვიზუალს მიღმა ბეჭდვა FaceBook Twitter
"Facebook"-ის მომხმარებლის სახელი - გიორგი თორაძე. პროფილზე თვალშისაცემია საზღვარგარეთ გადაღებული ფოტოები მოდურ სამოსში.

ინფორმაციის ველში კითხულობ: დაბადებულია 1996 წელს. დასკვნა: მდიდარი მშობლების განებივრებული ნაბოლარა.

დამატება: ინფორმაციაში ასევე მითითებულია - მომღერალი The Quintessence-ში, რაც საკმარისი მიზეზია მასთან დასაკავშირებლად ინტერვიუს თაობაზე. თანხმდებით "გალერიში" შეხვედრაზე და იცვამ რაც შეიძლება გემოვნებიანად ინტერვიუს წარმატებით წარმართვისთვის. შედიხარ კაფეში და მარჯვენა კუთხეში ამჩნევ. სხვებისგან მარტივად გამოირჩევა, ქერა თმით, ღია ფერის თვალებით, ბიჭისთვის არადამახასიათებელი გრძელი, სწორი ფეხებითა და სადა, გემოვნებიანი ჩაცმულობით. 

"გამარჯობა" - კონტაქტი შედგა. აკვირდები შენ გვერდით მჯდომ ბიჭს და ხვდები, შენი სპეციალურად შერჩეული სამოსი და სერიოზული გამომეტყველბა აზრს კარგავს, რადგან ის პატარა განებივრებული ბავშვი კი არა, თავისუფალი, ლაღი, ჩამოყალიბებული პიროვნებაა. 

ისტორია კი იწყება ასე: მისი თქმით, ოჯახში უმცროს შვილად დაბადება მძიმე ტვირთი იყო, რადგან უფროსი დის მზრუნველობაზე გადართული მშობლებისგან თავად ხშირად უყურადღებოდ რჩებოდა. საკუთარი პირველი ღიღინიც დედის ნაცვლად, ალბათ, თავად ახსოვს. ერთ-ერთ სასკოლო ზეიმზე კი საკუთარი შესაძლებლობის გამოვლენა გადაწყვიტა და ღონისძიებაზე დედა დაპატიჟა. "მახსოვს, სიმღერა რომ დავასრულე და დედაჩემს შევხედე - ტიროდა" - ამბობს გიორგი. სწორედ აქედან იღებს მისი კარიერა სათავეს. მისი ნიჭით დაინტერესებულმა მშობლემბა ვოკალის პედაგოგთან მიიყვანეს, თორმეტი წლის ასაკში კი საბავშვო მუსიკალურ პროექტ "ანა-ბანაში" მიიღო მონაწილეობა. კონკურსში ბედის ცდის დიდი სურვილი არ ჰქონია, რადგან მისი სამართლიანი წესების არ სჯეროდა. თუმცა, დედისა და პედაგოგის თხოვნით შესარჩევი ტური წარმატებით გადალახა და, საბოლოოდ, ჟიურის გადაწყვეტილბით გაიმარჯვა კიდეც. "ანა-ბანა" იყო პირველი რეალური გამოცდილება, ყოველ კვირას ვამზადებდით სიმღერას და საკონკურსო დღეს ცოცხლად ვასრულებდით, რაც ბავშვისთვის საკმაოდ რთულია".


პირველი გამოცდილებით გაკვალულ გზაზე შემდეგი შეჩერება დავით დოიაშვილის მიუზიკლი "მუსიკის ჰანგები" იყო, სადაც მისი თქმით, გენიალურ ქართველ მუსიკოსებსა და მსახიობებთან ერთად ითამაშა. თითოეული სპექტაკლი სრულდებოდა ცოცხლად ნიკოლოზ რაჭველის ორკესტრთან ერთად. მიუზიკლების ციკლის გაგრძელება იყო კვლავ დოიაშვილის ბითლზების რეპერტუარზე აგებული ფილმი "ლურჯი ფრინველი", სადაც გიორგის ვოკალთან ერთად მისი პლასტიკის შეფასებაც შეგიძლიათ.

ცეკვა და მეგობრებთან გართობა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მეგობრები მისი ცხოვრების მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენენ, განსაკუთრებით ისინი, ვისაც პირველი კლასიდან იცნობს. სკოლაში არსებული მუდმივი კონფლიქტისა და პრობლემების ფონზე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პედაგოგები და თანაკლასელები მის წარმატებულ კარიერას დადებითად არ აღიქვამდნენ, რის გამოც ბოლო წელს საბუთების სხვა სკოლაში გადატანაც კი მოუწია.

ბევრისათვის პრობლემატური იყო მისი ჩაცმის სტილიც, თითქოს ჩვეულებრივი, მაგრამ ზოგისთვის მაინც არასტანდარტულად ქართული. თავად სამოსს საკუთარი თავის გამოხატვის ერთ-ერთ საშუალებად მიიჩნევს. იცვამს ხასიათისა და ემოციის გადმოსაცემად და სამაჯურებისა და ბეჭდების განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა.

ემოციების რეალიზების მეორე გზა კი ნამდვილი სცენაა, სადაც ამჟამად ჯგუფის წევრებთან ერთად დგას. ადამიანებთან, ვისთანაც, როგორც მეგობრული, ისე პროფესიული ჯანსაღი ურთიერთობა აქვს, რაც წარმატებული პერფომანსისთვის აუცილებელია. "სცენაზე ვერ დამალავ ვერც კონფლიქტს, ვერც უხასიათობას. აუდიტორია არის სარკე და შენ მის წინაშე მართალი უნდა იყო" - ამბობს გიორგი. ჯგუფი კი შედგება ექვსი ახალგაზრდა მომღერლისაგან, რომლებიც საკუთარი რეპერტუარით საზღვარგარეთ ქართული ნიჭისა და სახელის გატანას ცდილობენ. მათი წარმატებიდან გამომდინარე კი ამ მისიას თავს კარგად ართმევენ. ევროპასა და ამერიკაში უკვე არაერთ კონკურსზე გაიმარჯვეს. მათი სავიზიტო ბარათი კი ქართულ მოტივებზე შექმნილი "ხორუმია", რომელიც საუკეთესო სიმღერის ნომინაციაში პრიზს არავის უთმობს.

სოლო კარიერაზე დასმულ კითხვებზე ბევრს ფიქრობს, ამბობს, რომ ამ თემაზე მენეჯერისა და მარკეტინგული მონახაზების გარეშე ფიქრი ნაადრევია. საკუთარ თავს ახლო მომავალში კვლავ ჯგუფთან ერთად ხედავს. ყოველდღიური რეპეტიციები უკვე ცხოვრების სტილია: "ჯგუფთან მუშაობა დიდი პასუხისმგებლობაა. ვიცი, რომ რეპეტიციამდე თავს უნდა მოვუფრთხილდე და ხმას არ ვავნო".

მიუხედავად წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებისა, მუსიკალური განათლება არ აქვს. სამომავლო პროფესიადაც განსხვავებული სფერო - კულტურის მენეჯმენტი აირჩია. მიაჩნია, მუსიკალურ განვითარებაში პროფესია დაეხმარება, რადგან წარმატებული კარიერა მხოლოდ ვოკალურ მონაცემებს არ ეფუძნება. ამიტომ საკუთარი თავის განვითარებაზე სხვადასხვაგვარად ზრუნავს. უყვარს კითხვა და უფრო მეტად ფიქრი. ფიქრობს ყველაფერზე, საკუთარი თავის ბოლომდე შესწავლასა და ყოველი განვლილი დღის ანალიზზე. ხალხთან კომუნიკაცია სიამოვნებს და ხუმრობს, რომ იმდენი ნაცნობი ჰყავს, ზოგჯერ დამახსოვრება უჭირს. ურთიერთობს ყველა ტიპის ადამიანთან იშვიათი გამონაკლისების გარდა: "მხოლოდ ისეთ ხალხს ვერ ვიტან, რომ მოდიან და მესაუბრებიან, მაგრამ ვერ ვიგებ რაზე".

მისი მეგობრებისთვის დასმულ შეკითხვაზე: თუ რა ახსენდებათ პირველი გიორგის დანახვაზე, ერთ-ერთი მყისვე პასუხობს: შოკოლადი. გიორგი თავის "ფეისბუქ" გვერდზე ხშირად ტვირთავს სახალისო ვიდეოებს, "შოკოლადიც" ერთ-ერთი მსგავსი ვიდეოა. მხიარულებას არამხოლოდ სოციალურ ქსელში, არამედ მეგობრებში, უნივერსიტეტსა და ყველა იმ ადგილზე თესავს, სადაც მოხვდება. როგორც მისი მეგობარი ამბობს, გიორგის სიცილი ყველგან ისმის. რამდენიმე საათიანი დიალოგის შემდეგ კი, შეხვედრამდე მასზე არსებული წარმოდგენის გულწრფელად გამხელისას გულიანად იცინის, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რატომ არ უნდა შევაფასოთ ადამიანი ვიზუალით მისი პიროვნების გაუთვალისწინებლად.

ასე რომ, ქუჩაში სხვებისგან გამორჩეულ, სიმპატიურ, ინდივიდუალურ ახალგაზრდას თუ შენიშნავთ, იარლიყის მიწებებამდე დაფიქრდით, იქნებ ის გიორგი თორაძეა.