ცნობილი ხელოვანი მიხეილ ნასბერგი თბილისში
21 სექტემბერი, 2013
ცნობილი ხელოვანი მიხეილ ნასბერგი თბილისში ბეჭდვა FaceBook Twitter
„მისი ნამუშევრები ჰუმანისტური პათოსითაა განმსჭვალული, ფოტოებზე აღბეჭდილი პიროვნებისადმი დიდი თანაგრძნობითა და სიმპათიით. ფოტოებს გამოარჩევს ფორმის მკვეთრი შეგრძნება, უნარი, წარმოაჩინოს გამოსახულების აბსტრაქციული ასპექტები, რითმი, მოძრაობა და ორნამენტები“ - ასე ახასიათებს მიკაელ ფალკი მიხეილ ნასბერგის შემოქმედებას.

მიხეილ ნასბერგი შვედი ფოტოგრაფია, თუმცა, ის 1947 წელს საქართველოში დაიბადა. პროფესიით ინჟინერია, სამეცნიერო საქმიანობიდან ხელოვნებაში 70-იანი წლების ბოლოს გადაინაცვლა, 1980 წლიდან ფოტოგრაფად მუშაობდა. ნასბერგი „ლაიფ ფოტოგრაფიის“ ჟანრში მოღვაწეობს და მისი შემოქმდების სათავე 1900-იანების ფოტოგრაფიის მოდერნისტულ ტრადიციებშია.

ხელოვანი 15 სექტემბერს საკუთარი გამოფენით ესტუმრა საქართველოს. ექსპოზიცია თბილისის ისტორიის მუზეუმშია წარმოდგენილი 50 ნამუშევრით. ისინი, ძირითადად, გვიანდელი საბჭოთა საქართველოსა და 1992-2013 წლების შვედეთსა და სხვა ქვეყნების ცხოვრების სტილსა და ინდივიდუალურობას მისთვის დამახასიათებელი მრავალფეროვნებით ასახავს.

მიხეილ ნასბერგს მოპოვებული აქვს საერთაშორისო აღიარება, როგორც ქართული და საბჭოთა ფოტოგრაფიის მნიშვნელოვან წარმომადგენელს. 1978 წლიდან დღემდე მონაწილეობდა არაერთ გამოფენასა და კონკურსში. მიღებული აქვს საერთაშორისო პრიზები ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიაში, შვედეთში, ინგლისში, რუსეთში, ბელგიასა და კანადაში.