„მე, შენ და ბათუმი“
27 სექტემბერი, 2013
„მე, შენ და ბათუმი“ ბეჭდვა FaceBook Twitter
ვისაც ბათუმში, ანბანის კოშკთან, საოცრებათა მოედნის ტერიტორიაზე ჩაგივლიათ, აუცილებლად შენიშნავდით მაგიდასთან მსხდომ ქალსა და მამაკაცს, რომლებიც ყავას მიირთმევენ. მაგიდასთან კიდევ ერთი, თავისუფალი სკამი დგას, შეგიძლია, ჩამოჯდე და გაიღიმო. „მე, შენ და ბათუმი“ - ერეკლე წულაძის სკულპტურული კომპოზიციაა, რომელიც ბათუმს 2012 წლიდან ამშვენებს.
ერეკლე ახალგაზრდა მოქანდაკეა. მისი პირველი პერსონალური გამოფენა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა. როგორც თავად ამბობს, ძალიან ბევრ ექსპოზიციაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის უცხოეთშიც, თუმცა, პერსონალური გამოფენა პირველად აქვს.

„როდესაც აცნობიერებ, რომ შეგიძლია შენი შინაგანი აზრი, შინაგანი განცდა და გრძნობები გადმოსცე რეალობაში, შესაფერისი ფორმით და შემდეგ ამ ყოველივეს უყურებ, ფასდაუდებელი განცდაა. ამას ვერ აღწერ. ეს არის ის, რის გამოც ცხოვრება ღირს. ყველა ჩემი ნამუშევარი ჩემი ცხოვრების ნაწილია“ - ასეთია ახალგაზრდა მოქანდაკის ერეკლე წულაძის დამოკიდებულება საკუთარი შემოქმედებისადმი.

პერსონალური გამოფენისთვის, დაახლოებით, ხუთი წელი ემზადებოდა.

„ბოლო პერიოდის, თითქმის, ყველა ნამუშევარია გამოფენილი, მათ შორის კლასიკური და თანამედროვე მიმართულებით შესრულებული. ასევე დიზაინის რამდენიმე განხორციელებული პროექტია წარმოდგენილი“ - გვითხრა ერეკლემ.
მოქანდაკე ერეკლე წულაძე 2014 წლის მარტი-ივნისში ამერიკაში, ნიუ-იორკში, შემოქმედებით რეზიდენციაში სამუშაოდ არის მიწვეული.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში მისი ნამუშევრების დათვალიერება ყველა მსურველს 2 ოქტომბრამდე შეეძლება.

გამოფენაზე სხვადასხვა ჟანრსა და ტექნიკაში შესრულებულ ნამუშევრებს, დადგმულ ქანდაკებებს, განხორციელებული პროექტების დიდ ფოტოპანოებს, ბრინჯაოს ქანდაკებებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებით შესრულებულ დიზაინერულ არტ ობიექტებს ნახავთ.