გიორგი არაბულის დაღვინებული პოეზია
გიორგი არაბულის დაღვინებული პოეზია ბეჭდვა FaceBook Twitter
ამბობს, რომ არ ახსოვს, წერა როდის დაიწყო. საკუთარ თავზე ლაპარაკი არ უყვარს და პოეზიას ჰობად მიიჩნევს.
ის საზოგადოებამ ისე გაიცნო, როგორც პოეტი, თუმცა, ახლა უკვე რეჟისურას ეუფლება. ბავშვობიდან მსახიობობა უნდოდა, მაგრამ საკუთარ შესაძლებლობებს კარგად იცნობდა და ამიტომ რეჟისორობა ამჯობინა. გამოცდაზე შატილიდან ჩამოვიდა და ერთდროულად ხევსურეთის ამბებზე, იუნესკოსა და მხატვრობაზე საუბრით გამომცდელებიც გააოცა. შედეგად კი, მისმა დადგმულმა სპექტაკლმა "ჰეი, გესმით ჩემი?!" დღის სინათლე უკვე იხილა. პროფესიას ხელი არ შეუშლია მისი შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მაგრამ ერთხელ, რატი ამაღლობელმა ისიც კი უთხრა, რომ "პოეზია ეჭვიანობს რეჟისურაზე." საუბარია, პოეტ გიორგი არაბულზე, რომლის სახელი და გვარი, ალბათ, პოეზიის მოყვარულთათვის უცხო არ იქნება.
ახსოვს ის ლექსი, რომლის დაწერის შემდეგაც სერიოზულად მოეკიდა პოეზიას - " მახსოვს, არხოტში დავწერე ლექსი, რომელსაც "ბედშავი ჯიხვი" ერქვა. მივხვდი, რომ ეს არ ჰგავდა სხვა, მანამდე დაწერილ ლექსებს. უფრო გამართული იყო და არც ღარიბი რითმები ჰქონდა. მერე უკვე დავიწყე ისეთი ლექსების წერა, რომლის გამოჩენაც შეიძლებოდა".
ყველა ლექსს არ აქვეყნებს. ფიქრობს, რომ კარგ ლექსს დაძველება სჭირდება - "კარგ ლექსს ღვინის დაწურვას ვადარებ. სანამ დაღვინდება, ჯერ მაჭარია, რომელსაც სტუმრებს არ გაასინჯებ. მეგობრებს დააგემოვნებინებ და მოისმენ მათ აზრს. შემდეგ დაღვინდება და რაც უფრო ძველია, მით უფრო კარგია. ლექსებზეც ასე ვარ ახლა. შეიძლება დავწერო, მხოლოდ მეგობრებს წავაკითხო, მერე საერთოდ მოვეშვა იმ ლექსს და ორი თვის მერე მივუბრუნდე. თუ მივხვდი, რომ რაღაცეებს პასუხობს, ან რაიმე მნიშვნლოვანს ამბობს, მაშინ ვაქვეყნებ".
ამბობს, რომ მუზების, ქაჯებისა და ჭინკების არ სჯერა, წერს მაშინ, როცა უნდა და სადაც უნდა - "მუზა ჩემთვის არის განწყობა, ემოცია, რომელსაც ყოველთვის აქვს მიზეზი. შეიძლება, ქუჩაში გამვლელი მოხუცის ერთმა შემოხედვამ დამაწერინოს ლექსი, სიყვარულმა, ან თუნდაც მეგობრის ნათქვამმა ფრაზამ. რაღაცამ უნდა გიბიძგოს წერისკენ და ამას არ აქვს მნიშვნელობა, სად მოხდება ეს".
არც შემოქმედებითი კრიზისების სჯერა და, უბრალოდ, იმ მომენტს ელოდება, როდესაც ემოციებისგან დაცლა მოუნდება - "ყოველთვის ისე ვწერ, თითქოს ეს ბოლო ლექსია. იმიტომ, რომ ლექსის წერისას ბოლომდე უნდა დაიცალო. არ უნდა იფიქრო ემოციების გადანაწილებაზე. როდესაც ემოციებით იცლები, მერე ამას დრო სჭირდება, რომ ისევ აივსოს. ეს პროცესი კი კრიზისი არ არის. უბრალოდ ავსების მომენტს ელოდები. "
როდესაც მის შემოქმედებას თსუ-ში შეკრებილი კრიტიკოსები აფასებდნენ, ის მომღიმარი უსმენდა მათ - "როცა კრიტიკოსი საუბრობს შენს შემოქმედებაზე, ე.ი ის ღირს გასაკრიტიკებლად. ამიტომ მათი კრიტიკა სრულიად მისაღებია ჩემთვის, მით უმეტეს, რომ ეს პროფესიულ საკითხებს ეხება, იგივე დიალექტს და ასე შემდეგ, მაგრამ არის შემთხვევებიც, როდესაც კრიტიკას არ ვიზიარებ. მახსოვს ლექსის "მე და შენ ღმერთო" გამო გამაკრიტიკეს. ღმერთს შენობით როგორ ესაუბრებაო. ეს არ მესმის. ლოცვაში "მამაო ჩვენო", ხომ შენობით მივმართავთ ღმერთს?! ასევე კრიტიკა მოჰყვა ლექსს, რომელშიც დავწერე:
"...www.google.com - ღმერთი
თქვენი შეკითხვა; - "ღმერთი"
– არ მოერგო არც ერთ დოკუმენტს."
როდესაც ეს ლექსი დავწერე, საერთოდ უღმერთოდ ჩამთვალეს, მაგრამ ვერ მიმიხვდნენ. ამ ლექსით მინდოდა მეთქვა - ჩვენს დროში იმდენად დავშორდით ღმერთს, რომ მალე, ალბათ, გუგლში დავუწყებთ-მეთქი ძებნას."
გიორგის შემოქმედების დიდი ნაწილი ხევსურულ დიალექტზე დაწერილ ლექსებს უკავია. "ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა დიალექტზე წერა, იმიტომ, რომ გიწევს ისეთი სიტყვების შემოტანა, რომელიც ხმარებაში შეიძლება, საერთოდ აღარ იყოს. შენ სწორად უნდა დაწერო ეს სიტყვა და მისი შეცდომით გავრცელებას არ შეუწყო ხელი. მეათე კლასში ვიყავი აპარეკა რომ დავწერე. მაშინ არც მიფიქრია, იმაზე, რომ სპეციალურად დიალექტზე დამეწერა. ეს თავისით გამოვიდა და რომ დავამთავრე, მივხდი პიესასაც კი დაემსგავსა. ამის მერე კიდევ დავწერე დიალექტზე რამდენიმე ლექსი და მერე თანამედროვე და დიალექტური პოეზიის სინთეზი გავაკეთე. მიუხედავად იმისა, რომ დიალექტზე დაწერა ძალიან რთულია, მინდა ვწერო, ძალიან მომწონს ამის კეთება. დიალექტზე წერის დროს, ფიქრებიც კი ხევსურულად მოდის".
2012 წლის 12 დეკემბერს მისი პირველი კრებული სიმბოლური სახელლწოდებით - "გზაზე გასვლა" (ასე გიორგის ლექსს ჰქვია) გამოიცა. დიდხანს სთავაზობდნენ კრებულის გამოცემას, მაგრამ არ ჩქარობდა - "ჯერ უნდა ჩამოვყალიბებულიყავი, რა მინდოდა, როგორი ლექსები შევიდოდა კრებულში, ან იქნებ მერე დამეწერა ის, რაც უნდა გამოქვეყნებულიყო და მანამდე არსებული ლექსები არ იმსახურებდნენ დაბეჭდვას. მერე ჩემი რამდენიმე ლექსი კრებულში "100 ლექსი" დაიბეჭდა და კიდევ შემომთავაზეს წიგნის გამოცემა. ეს საქმე დიანა ანფიმიადის რედაქტორობით მოხერხდა და ლექსების არჩევაც მას მივანდე. სულ 33 ლექსი და ერთი პოემაა შესული".
მეორე კრებულის გამოცემას ჯერ არ ფიქრობს, თუმცა, "სიკვდილის ბალადა", რომელიც მეგობარს, ალუდა ქეთელაურს მიუძღვნა აუცილებლად იხილავს დღის სინათლეს.
რას შეეხება მის სარეჟისორო საქმიანობას, ეს ყველაზე საყვარელი პროცესია მისთვის. პოეტობასა და რეჟისორობას შორის ვერასოდეს გააკეთებს არჩევანს და ფიქრობს, ეს ორი ერთმანეთს ავსებს კიდეც -"ის, რაც შეიძლება სცენაზე ვერ გავაკეთო, პოეზიაში ვიტყვი და პირიქით. რაღაცნაირად ავსებს ერთმანეთს და ჩემთვის ეს ორივე ცხოვრების გზაა, რომელიც ავირჩიე".
ახლა გოდერძი ჩოხელის მოთხრობების დადგმას აპირებს, შემდეგ კი სადიპლომო სპექტაკლზე იმუშავებს. არ გამორიცხავს, რომ მომავალში საკუთარი ლექსების ინსცენირებაც მოუწიოს.