ახალგაზრდა რეჟისორის ,,ბებო"
ახალგაზრდა რეჟისორის ,,ბებო" ბეჭდვა FaceBook Twitter

მოხუცი, წელში მოხრილი ბებო საკერავ მანქანასთან ზის და ლამფის შუქზე კერავს. კერავს იატაკზე დახვავებული თეთრი ნაჭრებისგან... დახუჭული თვალებით მშვიდად ატრიალებს საკერავი მანქანის სახელურს...
მწვანე, გახუნებულშპალერიან ოთახში ზის, ირგვლივ ყველაფერს სიძველის იერი დაკრავს... დაღარულ კედელზე სურათის ჩარჩო ჰკიდია... გვერდით ქანქარიანი საათი თერთმეტის ხუთ წუთს აჩვენებს... საკერავი მანქანის ხმაურის ფონზე ჟღერს ,,არ დაიჯერებ" - თეთრი, ალაგ-ალაგ გაფხაჭნილი რადიოდან... ბებოს ფანჯრიდან ნათურის შუქით განათებული ეზო მოსჩანს... ეზოში - მეზობლები... შავი ძაფი ტრიალებს საკერავ მანქანაზე... ბებო კერავს... დღედაღამ, დაუღალავად... კერავს, რომ სამყარო ელექტროენერგიით მოამარაგოს.
ასეთი შინაარსისაა ტრეილერი მოკლემეტრაჟიანი, ანიმაციური ფილმისა ,,ბებო", რომლის სცენარის ავტორიც და რეჟისორიც სანდრო ქათამაშვილია. ფილმის გადაღების იდეა დაახლოებით სამი წლის წინ გაჩნდა. ათწუთიან ფილმზე ოცდაათამდე ადამიანი მუშაობდა, ყოველი დღე გაწერილი ჰქონდათ...
,,ბებო" კომპანია ,,20 steps"-ის ნამუშევარია.
ანიმაციური ფილმის გადაღების სპეციფიკაზე სანდრო გვესაუბრა: ,,ფონებს მხატვარი ხატავს, შემდეგ შედის კომპიუტერში, ფერადდება და მერე უკვე მხატვარ-ანიმატორები აკეთებენ პერსონაჟებისა და გარემოს ანიმაციებს, რომ ხელით ნახატი ჰგავდეს კომპიუტერში შექმნილ ანიმაციას."
ფილმს ჯერ საფესტივალო ცხოვრება აქვს, გაგზავნილია ოტავაში, კანადის ანიმაციური ფილმების ფესტივალზე... კანადის ფესტივალს სხვა ფესტივალები მოჰყვება. ქართველი მაყურებელი ,,ბებოს" ძალიან მალე ნახავს. ფილმის პრეზენტაცია ზაფხულში იგეგმება (თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის), თბილისის რომელიმე კინოთეატრში. პრეზენტაციაზე ანიმაციური ფილმის გარდა, ნაჩვენები იქნება კომპანია ,,20 steps"-ის ორი მხატვრული ფილმი. შემოდგომაზე კი ,,ბებოს" ბათუმის ფილმების ფესტივალი უმასპინძლებს.
ფილმი საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა დააფინანსა. თუმცა, როგორც რეჟისორი ამბობს, გამოყოფილი თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა. "მომიწია თხოვნა, რომ უფასოდ ემუშავათ. სტუდენტები დამეხმარნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფილმს ვერ დავამთავრებდი"...
მანამდე
მანამდე იყო სადიპლომო სურათი ,,თევზი, სახელად გვიდო", რომელიც სანდრომ, სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა, 2008 წელს გადაიღო. ფილმი წარმატებული აღმოჩნდა - სანკტ-პეტერბურგის სამოყვარულო, სტუდენტური ფესტივალის ,,თეთრი ღამეების" ოქროს მედალი აიღო, პოლონეთის საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალზე კი - ბრინჯაოს მედალი. მას შემდეგ რეჟისორი ანიმაციურ პროექტებზე მუშაობს...
სამომავლო გეგმები
სანდრო ქათამაშვილის სამომავლო გეგმაში შედის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის გადაღება. ახლა კი ორ ანიმაციურ ფილმზე მუშაობს. ხელმძღვანელობს მოკლემტრაჟიან ანიმაციურ პროექტ ,,ლილეს", რომელმაც გერმანიაში, ქალაქ შტუტგარდში ორჯერ აიღო პრიზი, როგორც საუკეთესოდ განვითარებულმა პროექტმა.
2014 წელს მისი რეჟისორობით გამოვა მოკლე ანიმაციური ფილმი ,,ვანო და ნიკო და ასანთი"...