თვითნასწავლი მოქანდაკე
12 ოქტომბერი, 2013
თვითნასწავლი მოქანდაკე ბეჭდვა FaceBook Twitter
სანაპიროზე, მშრალ ხიდზე, სკვერში მხატვრის ქანდაკება დგას, მის გვერდით პატარა სკამია, სახელად „უცნობი მხატვარი“ ჰქვია. ეს ახალაგზრდა მოქანდაკის ლევან ბუჯიაშვილის ერთ-ერთი ნამუშევარია, რომელსაც თბილისელები კარგად იცნობენ. მის ნამუშევრებს თბილისში ბევრ ადგილას შეხვდებით.
რუსთაველის გამზირზე, ალბათ, ყველას შეგინიშნავთ პატარა ქანდაკებები, რომელიც გამვლელის ყურადღებას იქცევს. ეს ფიგურები, ძირითადად, სხვადასხვა ხასიათის ქართული ტიპაჟია - მიკიტანი, მეეზოვე, ჯამბაზი, თუმცა, 50 ქანდაკებიდან რამდენიმე ფიგურა მოიპარეს. ქანდაკებები რუსთაველზე უკვე 5 წელია ცხოვრობენ. არავინ რჩება გულგრილი.

ძერწვა 4-5 წლისამ დაიწყო. 6 წლის ასაკში მოსწავლეთა ახალგაზრდობის სასახლეში, ქანდაკების წრეზე მიიყვანეს. ორი წელი იარა, მაგრამ 9 აპრილის მოვლენების გამო სწავლა შეწყვიტა. 15 წლამდე სხვადასხვა წრეზე დადიოდა, მაგრამ დიდხანს ვერსად ჩერდებოდა. შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩააბარა. დაამთავრა ამავე სასწავლებელში ასებული კოლეჯი „ნატიფი ხელოვნების სკოლა“. მალევე მიხვდა, რომ მისი მოწოდება ქანდაკებაზე მუშაობა იყო და ბავშობისდროინდელი საქმიანობა გაიხსენა.

პირველი ქანდაკება 1997 წელს შექმნა, რომელსაც „სიყვარული“ უწოდა, ჩახუტებული გოგო და ბიჭია გამოსახული. მასალად ხე გამოიყენა. „ეს ნამუშევარი რომ მივიტანე, ძალიან მოეწონათ, მაგრამ არ დამიჯერეს, რომ ჩემი გაკეთებული იყო. ამან უფრო მეტად სტიმული მომცა, შემდეგ მეორე ნამუშევარი გავაკეთე, მესამე და დარწმუნდნენ ჩემს შესაძლებლობებში“ - აღნიშნა ლევანმა.

თავდაპირველად ქანდაკებების კეთება ხეზე ჭრით დაიწყო, შემდეგ მდინარის ნაპირას აგროვებდა ქვებს, გამორიყულ ხის ფესვებს, ძვლებს, გადაყრილ რკინას. ბოლო პერიოდში ბრინჯაოზე დაიწყო მუშაობა.

პირველი პერსონალური გამოფენა 2000 წელს ტექნიკური უნივერსიტეტის ფოიეში ჰქონდა, მეორე პერონალური ექსპოზიცია კი „ბაია გალერეაში“.

იყო გამოფენები საზღვარგარეთ: ბარსელონა, ინგლისი, ლიტვა, ფლორენცია, შვეიცარია, ირანი.

უყვარს სალვადორ დალი, მიქელანჯელო, პიკასო...

სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქანდაკების კეთებითაა გატაცებული.

„ვაცნობიერებ, რომ ღვთისგან მაქვს ძალიან დიდი ნიჭი ნაჩუქარი და თავს ვალდებულად ვგრძნობ, დიდ აუდიტორიას გავაცნო ჩემი შემოქმედება“ - აღნიშნა ლევანმა.

ბედნიერია, როდესაც ქანდაკებაზე მუშაობს. არ უყვარს ზამთარი, და ეს მის ნამუშევრებზეც აისახება. უყვარს გაზაფხული და ყველაზე ბევრ ნამუშევარს გაზაფხულსა და ზაფხულში ქმნის. „თუ უარყოფითი ემოცია გაქვს, ის მაშინვე შეეტყობა ნამუშევარს.“

ქანდაკებას თითებით გრძნობს. საქმე თუ მის ნამუშევარს ეხება, ძალიან დიდ ნებისყოფას იჩენს. ცხოვრების დიდ ნაწილს კი სახელოსნოში ატარებს.