ერნა დოლმაზოვას თვალით დანახული ცხოვრება
16 ნოემბერი, 2013
ერნა დოლმაზოვას თვალით დანახული ცხოვრება ბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი ახალგაზრდა მხატვრის ერნა დოლმაზოვას გამოფენას სახელწოდებით - „დაუჭრელი ისტორიები“ მასპინძლობს.

გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის სხვადასხვა ტექნიკაში შესრულებული კოლექცია, რომელიც 60 ნამუშევრისგან შედგება. ძირითადი მასალა, რომლითაც ერნა დოლმაზოვა თავის ნამუშევარს ქმნის, არის ზეთის საღებავების კომპილაცია და სამზარეულოს საჭრელი ხის დაფები, რომლებზეც გამოსახულია „ჯვარცმა“, „მხატვარი ქალის პორტრეტი“, „ქალი იასამნისფერი თმებით მზის ჩასვლისას და მზის ამოსვლის დროს“, „ფლეიტის ჩანთა“, „ცოლ-ქმარი მარაოიანი ბავშვით“, „მონაზონი“ და სხვა.

მხატვარი ორიენტირებულია საგნების და მოვლენების ემოციურ, ფერადოვან აღქმაზე. მის კომპოზიციაში ფერი ყოველთვის ემოციას გამოხატავს. აწმყოც და ისტორიაც მის ნამუშევრებში ცოცხლობს და საოცარ დინამიკურობას სძენს.

„შექმნამდე როდესაც ვუყურებ ნივთებს, მასში მე ვხედავ ფიგურას და მის გაკეთებას ვიწყებ. ეს ჩემი თვალით დანახული ცხოვრებაა. ხე მაქვს მოხატული ზეთის საღებავებით დამატებული სხვადასხვა ნივთი და გამოსახულებაც მზადაა. ამ კოლექციაზე ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი“ - აღნიშნა ერნა დოლმაზოვამ.

თბილისის ისტორიის მუზეუმის გამოფენების კურატორი ლიკა მამაცაშვილი დადებითად აფასებს მის ნამუშვრებს: „ერნამ დაამთავრა სამხატვრო აკადემია, ფერწერის ფაკულტეტი, ძალიან ბევრ პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული. ჩემთან უკვე მეორედ აქვს პერსონალური გამოფენა. ამ გამოფენაში გამოყენებული აქვს კოპარტის მიმართულება და აგრეთვე, საგნის დატვირთვა სხვადასხვა ტექნოლოგიით. სამი მიმართულების ნაზავი გამოგვივიდა. ერნას ძალიან მოსწონს სერგო ფარაჯანოვი, ყოველთვის უყვარდა მისი შემოქმედება და ყოველთვის გავლენას ახდენს ფარაჯანოვი მის შემოქმედებაზე. ნიჭიერი ქალბატონია, ცოტახანში ბავშვს გააჩენს და ეს გამოფენა თავის შვილს მიუძღვნა“ - აღნიშნა ლიკა მამაცაშვილმა, თბილისის ისტორიის მუზეუმის გამოფენების კურატორმა.

ექსპოზიცია 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.