„ბუერა“ - ბედნიერების სახელოსნო
07 დეკემბერი, 2013
„ბუერა“ - ბედნიერების სახელოსნო ბეჭდვა FaceBook Twitter
მარჯვე ხელები - კრეატივი - პოლიმირებული თიხა - ასე მზადდება „ბუერა“.

მათ შესახებ საზოგადოებამ სოციალური ქსელის ფეისბუქის საშუალებით გაიგო.

თეონა ბაკურაძე და მაია თავართქილაძე - ეს „ბუერას“ შემოქმედებითი ჯგუფია. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით ერთი ფსიქოლოგია, მეორე კი - ბიზნეს-სამართლის სპეციალისტი, გამოყენებითი ხელოვნება ყოველთვის იყო მათი ინტერესის სფერო და ასე ერთ დღესაც გადაწყვიტეს, შეექმნათ „ბუერა“: „უბრალოდ მივხვდით, რომ საყვარელი საქმის კეთების გადადება დანაშაულია და დავიწყეთ“...

დაიწყეს და უკვე ერთ წელზე მეტია აქტიურ მუშაობას აგრძელებენ. ამბობენ, რომ ეს მათთვის ერთდროულად ფიზიკური და სულიერი საზრდოა: „ჩვენ ამით ვცხოვრობთ ორივე მნიშვნელობით“.

„ბუერა“-ს ბედნიერების სახელოსნოს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ მათ საქმეში მთავარი ინგრედიენტი, რაც სხვებისგან გამოარჩევთ, საქმისადმი დიდი სიყვარული, ენთუზიაზმი და მომხმარებლისადმი გულითადი მიდგომაა: „ბუერას კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ ჩვენ იდეების ჩამოყალიბებაშიც ვეხმარებით შემკვეთებს. თუ რაიმე იდეა გაუჩნდა ადამიანს და სურს ამ იდეისგან ნივთი შეიქმნას, ჩვენ ვეხმარებით მას ამ იდეის სრულყოფასა და რეალიზებაში“.

სახელი „ბუერა“ სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან შეარჩიეს, ჟღერადობით მოეწონათ, თუმცა, სურთ, რომ ძალიან მალე სიტყვა „ბუერა“ საზოგადოებისთვის მცენარესთან კი არა, მათ შემოქმედებასთან ასოცირდებოდეს.

მათი მომხმარებლები, ძირითადად, 16-27 წლამდე ადამიანები არიან, რომელთაც თეონა და მაია მეოცნებე და გაბედულ პიროვნებებად აღიქვამენ: „ისინი წარმოსახვაში არ ტოვებენ თავიანთ იდეებს და განხორციელებისათვის სითამამე ჰყოფნით, რადგან ჩვენ მოგვმართავენ“.

დიდი სურვილის მიუხედავად, აქამდე გამოფენა არ ჰქონიათ, თუმცა, იმედოვნებენ, რომ წელს საშობაო გამოფენა-გაყიდვაზე "შერატონ მეტეხი პალასში" ხალხი მათ ნამუშევრებსაც იხილავს.