გარემოსთან ორგანულად შერწყმული ქუჩის მხატვრობა
15 დეკემბერი, 2013
გარემოსთან ორგანულად შერწყმული ქუჩის მხატვრობა ბეჭდვა FaceBook Twitter
''კულტურა მშია'', ''მონალიზა გაქრა'' - ბოლო დროს ქუჩაში კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში ხშირად ვხვდებით ასეთ წარწერებს, ნახატებს, რომლებიც რაიმე მოვლენის მიმართ პროტესტს გამოხატავს, ან ვიზუალურად ლამაზი სანახავია. რა ისტორია აქვს ქუჩის მხატვრობას, როგორია ის საქართველოში და ვინ ქმნის?

საქართველოში კედლის მხატვრობა სულ რამდენიმე წელია, რაც გამოჩნდა და საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ახალგაზრდების უმეტესობას საერთოდ არ აქვს ინფორმაცია. სტუდენტ თორნიკე ვანიშვილის აზრით, ხელოვნების ნიმუში შეიძლება იყოს, როგორც ტილოზე, ისე ასფალტზე ან კედელზე: ''ქუჩის მხატვრობით კარგად შეიძლება რამე შეტყობინების მიწოდება საზოგადოებისთვის, საკუთარი აზრის გამოხატვა. მთავარია, როგორაა დაწერილი (შესრულების ტექნიკას ვგულისხმობ), ავტობუსის უკანა სავარძელზე მიწერილი საკუთარი სახელი გრაფიტი არაა''.

ყველაზე პოპულარული მხატვრების ინიციალებით - Dr. Love და Tamoonz-ის ნახატებია.

ბაჩა ხოფერიამ (Dr. Love) ქუჩაში ხატვა სამი წლის წინ დაიწყო: ''საზოგადოების მხრიდან დამოკიდებულება სხვადასხვანაირია. ძირითადად, ვერ ხვდებიან, რატომ უნდა დახატო ქუჩაში. თემა ძალიან ბევრია, რაც შეიძლება დახატო, გააპროტესტო. ვცდილობ, ვიაქტიურო, სემინარები გავაკეთო, ახალგაზრდები დავაინტერესო, მაგრამ ხშირად საღებავების პრობლემაა, მათ საღებავების შესაძენი ფული არ აქვთ''.

დათა პატატიშვილი 17 წლისაა, უმეტესად წარწერებს აკეთებს, თუმცა, რამდენიმე ნახატიც აქვს შექმნილი: ''სტენსილის შესახებ ინტერნეტიდან გავიგე. მეც დავინტერესდი, მომინდა გაკეთება. ჩემს საყვარელ პერსონაჟებს და სხვადასხვა ლოგოს ვხატავ''.
ქუჩის მხატვრობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კანონდარღვევაა, თუ მხატვარს შენობის მესაკუთრისგან ნებართვა არ აქვს. რა მდგომარეობაა საქართველოში? თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში მპასუხობენ, რომ ქუჩაში ხატვა ქალაქის იერ-სახის დამახინჯებად მიიჩნევა, თუ უნებართვოდაა დახატული, თუმცა, ჯერ არცერთი მხატვრის მიმართ რაიმე სადამსჯელო ღონისძიება არ გატარებულა.

მხატვარ ნინო ჩაკვეტაძის აზრით, მთავარია, ნახატისთვის ადგილი სწორად იყოს შერჩეული: ''ვფიქრობ, გრაფიტი საინტერესო ხელოვნებაა, ნახატი ორგანულად უნდა ერწყმოდეს გარემოს. არ უნდა დაზარალდეს ისეთი შენობა, რომელსაც ეს არ სჭირდება და არ უხდება. ისე, ძალიან ბევრი საინტერესო ნიმუში შემხვედრია''.

უახლოეს მომავალში იგეგმება სპეციალური სემინარი კედლის მხატვრობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, გამოყოფილი იქნება საღებავები და ადგილი, სადაც ახალბედა მხატვრები თავის იდეებს განახორციელებენ.