მთებში მოპოვებული პროფესია
22 დეკემბერი, 2013
მთებში მოპოვებული პროფესია ბეჭდვა FaceBook Twitter
„საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა“ - პირველი ფრაზა, რომელიც პატარობიდან გვამცნობს მთის არსებობის შესახებ საქართველოში. მერე შენც იზრდები და, როგორც ყველა ადამიანს, გული სიმაღლისკენ მიგიწევს. ასე იყო ლევანის შემთხვევაშიც, პატარობიდან იზიდავდა მოგზაურობა, მთები და „საქართველოს მყინვარები“.

,,საქართველოს მყინვარები“ - ამ სახელწოდებით 18 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ს დოქტორანტის ლევან ტიელიძის პერსონალური ფოტოგამოფენა გაიხსნა.

წარმოდგენილია საქართველოს მყინვარების პეიზაჟები, აქამდე უცნობი XIX საუკუნის საქართველოს მყინვარების უნიკალური ფოტოები, რომელიც ცნობილი იტალიელი მოგზაურის ვიტორიო სელას მიერ არის გადაღებული. ვიტორიო სელა ერთ-ერთი ყველაზე დიდი შთაგონების წყარო აღმოჩნდა ლევანისთვის ამ ფოტოების გადაღებისას.

„2011 წელს სვანეთის მყინვარებზე გვქონდა ექსპედიცია და ჩვენ შემთხვევით მოვხვდით იმ პერიოდში ჩამოსულ იტალიელ და კანადელ გლაციოლოგებსა და კინოდოკუმენტალისტებთან ერთად, რომლებმაც გადაიღეს დოკუმენტური ფილმი მყინვარებზე. იყო ასეთი ცნობილი იტალიელი მოგზაური და ფოტოგრაფი ვიტორიო სელა, რომელმაც იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში და ერთ-ერთი ადგილი იყო საქართველო, მას 1880-იანი წლებიდან 1900-იან წლებამდე გადაღებული აქვს მყინვარების ხედები, როგორ გამოიყურებოდა იმ დროისათვის. სწორედ ამ მარშუტს იმეორებდნენ ეს იტალიელები უკვე 2011 წელს და პარალელურად, დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს. აი, მაშინ გამიჩნდა იდეა და ამავე დროს აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ფოტო იმავე ხედებით უკვე გადაღებული მქონდა სხვა ექსპედიციების დროს“ - გვიყვება ლევანი.

ლევანს აქვს პროფესია, რომელიც იშვიათია და, როგორც აღმოჩნდა, თანამედროვე საქართველოში - ერთადერთი. ლევან ტიელიძე - გლაციოლოგი, ადამიანი, რომელმაც პროფესიული საქმიანობა და თავისი საყვარელი საქმე, მოგზაურობა, მთების სიყვარული ერთმანეთს შეუთავსა.

„რა ვქნა, ვეთანმები იმ აზრს რომ „მხოლოდ მთებშია თავისუფლება“ და იმ საქმეში, რომელსაც სიყვარულით აკეთებ. მე ამ ფოტოებში დავინახე არა მარტო ის ინტერესი, რომ ავტორს მხოლოდ ყინულის დნობა აინტერესებდა, არამედ მისი მხატვრული ღირებულება, თავისუფლება, განცდა, თუ როგორ უყვარს ბუნება. განსაკუთრებით მომხიბლა გვირილებმა მთაში, საოცარი ფოტოა“ - ამბობს გამოფენიდან გამოსული დამთვალიერებელი.

ექსპოზიცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 95 და ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის დაარსებიდან 80 წლის იუბილეს ეძღვნება.