ბრძოლით ამხდარი ოცნებები...
29 დეკემბერი, 2013
ბრძოლით ამხდარი ოცნებები... ბეჭდვა FaceBook Twitter
მომავალი ექიმი, მოქმედი მსახიობი, ახალბედა პოეტი - 19 წლის თამარ ჟღენტის ცხოვრებაში ეს ყველაფერი ერთობლივადაა თავმოყრილი. წელიწადნახევრის წინ ახალი და უმნიშვნელოვანესი ეტაპი დაიწყო მისთვის - დაწერა პირველი ლექსი და დღეს უკვე 135-ზე მეტი ლექსის ავტორია.

მისი პოეზიითა და ლიტერატურით გატაცება, როგორც თვითონ ამბობს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს და ელდინო საღარაძის მხატვრული კითხვის წრეს უკავშირდება, სადაც დედამ 7 წლის ასაკში მიიყვანა: „სწორედ იქ მოვიწამლე ხელოვნების სიყვარულით, ვეზიარე უდიდესი კლასიკოსების შემოქმედებას, ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა ახალი სული... აღმოვჩნდი ხელოვნების უკიდეგანო სამყაროში“.

მისთვის ლექსი იმდენად ზეაღმატებული იყო, იმხელა კრძალვა და რიდი ჰქონდა, ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ ოდესმე თავად დაწერდა. მაგრამ ცხოვრებაში დაუდგა მძიმე ეტაპი და მხოლოდ ლექსმა შეძლო მისი ხსნა. მის ცხოვრებაში პოეზიის შემოჭრა უცნაურად, ძილბურანში მოხდა: „ალბათ, ამ მდგომარეობაში უფრო თამამი ვიყავი, თავისით დალაგდა გონებაში სიტყვები სტროფებად და ერთი ხელისმოსმით გადალაგდა ფურცელზე“. ლექსების კრებული ჯერ არ გამოუცია და ახლო მომავალში არც აპირებს: „ვფიქრობ, ჯერ ძალიან მცირე დროა გასული, რაც წერა დავიწყე, მიუხედავად ლექსების რაოდენობისა, ჯერ ადრეა...“

გარდა ლექსების წერისა, თამარი აქტიურად ეწევა სამსახიობო საქმიანობას. მისი პირველი შეხება სცენასთან, თეატრ „ვერიკოს“ სცენაზე შედგა, სადაც ორი წლის მანძილზე თამაშობდა სპეკტაკლში „ეს რა წიგნი ყოფილა“. ამ ეტაპზე ის არტ-სახელოსნო „კოლიბრისა“ და თეატრ „ჰიგიას“ დასის წევრია. თამარი თავისი კლუბის წევრებთან ერთად არაერთი საქველმოქმედო ღონისძიების სულისჩამდგმელი, ლიტერატურული კონკურსი „თერგის“ გამარჯვებული და გრანპრის მფლობელია თემაზე „აქედან უკეთ ჩანს საქართველო“.

მან გასულ ზაფხულს წამყვანის ამპლუაც მოირგო და ხობის ფესტივალზე ანსამბლ „მზიურის“ იუბილისადმი მიძღვნილ გრანდიოზულ კონცერტს რამდენიმე ადამიანთან ერთად პირდაპირ ეთერში გაუძღვა. მიუხედავად მცირე ასაკისა, მას მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალ „ნიღაბზე“ ქალის ეპიზოდური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის მთავარი პრიზი აქვს აღებული სპექტაკლში „ტყუილი გრძელ ფეხებზე“. გარდა ამისა, თამარი არის ფესტივალ „ნიღაბის“ ჰიმნის ტექსტის ავტორი.

თამარი თავის მომავალ ცხოვრებას მიუხედავად შემოქმედებითი სულისა, საკმაოდ პრაგმატულად უყურებს, იგი ამჟამად ჩაფიძის კლინიკაში გადის პრაქტიკას და მორიგეობს. მომავალში კათედრაზე დარჩენა სურს, საკუთარ თავს კი ლექტორის ამპლუაში ყველაზე უკეთ ხედავს: „ლექტორობა ძალიან დიდი საქმეა, გავა დრო და მე ვფიქრობ, რომ პროფესიულ სცენაზე ვერ დავრჩები, წერა კი პარალელური საქმიანობაა, როცა გინდა წერ, ეს არ გიშლის ხელს სხვა საქმის კეთებაში, ლექტორობა კი ყველაფერს შეკრავს, ამაში გჭირდება იყო მსახიობი, ხელოვანი, შეკრა და მოყვე შენი სათქმელი, რომ ადამიანებს გააგებინო“.

თამარი საკუთარ თავს იღბლიანს უწოდებს: საკუთარი თავის რეალიზება შეძლო, მაგრამ მაქსიმუმისთვის ჯერ არ მიუღწევია. იგი წერს იმიტომ, რომ ძიებაშია, მისი მთავარი მიზანი ცხოვრებაში პირადი ბედნიერებაა, რისთვისაც აპირებს ბრძოლას და ეძებს კიდეც ზღაპრულ ურთიერთობას: „თუ რამე ოცნება გაქვს, როგორ წინააღმდეგობრივადაც უნდა გეჩვენებოდეს, აუცილებლად უნდა ეცადო, თქვა ბევრ რამეზე უარი და იბრძოლო, ჩემს ცხოვრებაში სწორედ ბრძოლით მოხდა სასწაული და ერთი რიგითი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტის ნაცვლად საკუთარი თავის რეალიზება სხვა კუთხითაც შევძელი. იბრძოლეთ და აუცილებლად აგიხდებათ თქვენი ოცნებები“.