„გოგონა, რომლითაც ხელოვნება დაინტერესდა“
04 იანვარი, 2014
„გოგონა, რომლითაც ხელოვნება დაინტერესდა“ ბეჭდვა FaceBook Twitter
„ხელ–ფეხის ცეცება სიბნელეში“ და „დროში გაჭყლეტილი ამბიცია'' - ეს ის გამოფენებია, რომლებიც ჯერ არ გახსნილა, თუმცა, ახალგაზრდა მხატვრის, ანი სიყმაშვილის წარმოდგენაში უკვე დიდიხანია არსებობს. ყველაფერი კი მხატვრობიდან დაიწყო მამის მიერ ნაყიდი ფერადი ფანქრებითა და სახატავი რვეულით.

„დაახლოებით, 2 წლიდან ვხატავდი. მახსოვს, რომ მამიკომ ფერადი ფანქრები მომიტანა თავისი სახატავი რვეულით. დაახლოებით, 3 საათი ვხატავდი, გული დამწყდა, როდესაც აღმოვაჩნე, რომ სუფთა ფურცლები აღარ მქონდა. ვფიქრობ, ხატვა და საერთოდ ხელოვნება ჩემით, ჩემი დაბადებისთანავე დაინტერესდა“ - აღნიშნავს ანი სიყმაშვილი.

ახალგაზრდა მხატვარი თბილისში ცხოვრობს, სწავლობს აპოლონ ქუთათელაძის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის განხრით, მეორე კურსზეა. ამბობს, რომ მხატვრობას არასდროს უღალატებს და მისთვის ის ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება: „შემდეგ მეშვიდე კლასში ჩემივე დაჟინებული თხოვნით შევედი ხატვის მასწავლებელთან“.

ხატვის მასწავლებელთან შესვლით დაიწყო მისი აქტიურობა მხატვრობაში, ხატავდა ყოველდღიურად, გაბრაზებული, ბედნიერი. ყველაზე მეტად სამი ნამუშევარი გამოარჩია: „დრო მეფეა“ , „სულიერება აიძულებს ფიზიკურობას მივიდეს დასახულ მიზნამდე“, „რჩეულია და რა ქნას“. ის ხატავს თითქმის ყველაფერზე სიყვარულის გარდა, ელოდება ემოციებს და ემოციების დაცლასთან ერთად, პარალელურად ნახატიც იქმნება.

ჩვენს კითხვაზე, თუ რისთვის ან ვისთვის ხატავს, გვითხრა, რომ: „ ვხატავ ხელოვნებისთვის, საზოგადოებისთვის, ხანდახან ვხატავ მათთვის, ვისაც ჩემი სათქმელი არ ესმის“.

გარდა იმისა, რომ საკუთარი ხელწერა აქვს, მისი ნახატები საინტერესო სახელწოდებებითაც გამოირჩევა, მათი უმეტესობა სიურეალისტური, დადაისტური და კუბიზმის მიმდინარეობისაა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სურს, რომ მალე ჰქონდეს პერსონალური გამოფენა და გაიცნოს საზოგადოებამ მისი ნახატები.