ფოტო - ყველა დროის ახალგაზრდის გატაცება
18 იანვარი, 2014
ფოტო - ყველა დროის ახალგაზრდის გატაცება ბეჭდვა FaceBook Twitter
ფოტოაპარატები, ფოტობლოგები, ფოტოსაიტები, ფოტოსტუდიები, ფოტოგამოფენები, ფოტოხელოვნება, ფოტოსესიები, ფოტოესეები, ფოტორეპორტაჟები, ფოტორეპორტიორები, ფოტოგრაფები, ფოტომოყვარულები... დღეს ფოტო ახალგაზრდების ყოველდღიური ნაწილი გახდა და შეიძლება, შენ, რომელიც ამ სტატიას კითხულობ, იყო კიდეც ის, ვინც ყოველ დილით, სახლიდან გასვლისას ფოტოს სარკეში იღებს და სოციალურ ქსელში ათავსებს. დღეს ეს მოდური ტენდენციაა, ვისთვის უკვე ჩვევაც. გასული საუკუნის ახალგაზრდებისათვის, ალბათ, ძნელი იქნებოდა, ფოტოს გადაღების შესაძლებლობით მილიარდობით ადამიანის წარმოდგენა, თანაც ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას წინასწარი მომზადების გარეშე.

როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ფოტოგრაფიასთან რამდენიმე ათეული წლის წინ ახალგაზრდებს? და რა დატვირთვა ჰქონდა მათთვის ფოტოგადაღებას?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად საქართველოს ეროვნულ არქივს მივაკითხეთ და კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორს გიორგი კაკაბაძეს გავესაუბრეთ, რომელმაც აღნიშნა, რომ ეროვნულ არქივში დაცული საქართველოს ფოტოგრაფიის ისტორიის ამსახველი დოკუმენტების საერთო რაოდენობა ნახევარ მილიონს აჭარბებს და მათი ათვლა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება.

ფოტო, რომელზეც ორი ახალგაზრდაა აღბეჭდილი, 1890-95 წლებით თარიღდება (ფოტო: დიმიტრი ერმაკოვის). თუ კარგად დავაკვირდებით, ტექნიკურად ფოტოში ბევრი დარღვევაა, მაგალითად, მარცხენა კუთხეში ძაღლის თათი, ან აცილებული უკანა ფონი, მაგრამ ფოტოზე გამოსახული ახალგაზრდების განსხვავებული ხასიათის შემჩნევა თმის ვარცხნილობით შეიძლება. შუაში მჯდომის ჩოხა კი გაცილებით მდიდრულია, ვიდრე გარშემო მსხდომი ორი ადამიანისა. ფოტოზე ახალგაზრდების სოციალური მდგომარეობის მიხედვით გამორჩევაც კი შეიძლება.

გიორგი კაკაბაძე განსაკუთრებულად საინტერესოს უწოდებს იმ ფოტოდოკუმენტებს, რომლებზეც წარმოდგენილნი არიან ქართველი საზოგადო მოღვაწეები, მწერლები და პოეტები ახალგაზრდობის წლებში (ტიციან ტაბიძე და გოგლა ლეონიძე, 1923 წელი) და ფოტოს ჩუქების ტრადიციაზეც საუბრობს: „არქივის საცავებში ბევრი სამახსოვრო ფოტოა მინაწერით, სადაც ფოტოზე აღბეჭდილი პიროვნება მეგობარს ან ნათესავს საჩუქრად უგზავნის საკუთარ ფოტოს. ამ ტრადიციამ თითქმის მე-20 საუკუნის ბოლომდე გასტანა. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, ფრონტზე წასული ქართველი ჯარისკაცები ოჯახებს უგზავნიდნენ საკუთარ ფოტოებს. განსაკუთრებით საინტერესოა, სხვადასხვა ქვეყნიდან გამოგზავნილი ქართველი ახალგაზრდა მებრძოლების ფოტოები (ქართველი პარტიზანები იტალიაში, 1944 წელი)“.

დროთა განმავლობაში დაიხვეწა ტექნოლოგია და ფოტოს გადაღებაც გამარტივდა. როდესაც განვითარდა ფოტოტექნიკა, გადაღების არეალიც და გარემოც შეიცვალა. როგორც დღეს, ისე წარსულშიც, ახალგაზრდებისათვის განსაკუთრებით საყვარელი გატაცება გახლდათ ფოტოგადაღება. ახალგაზრდობა ცდილობდა, ფოტოზე აღებეჭდა მათთვის მნიშვნელოვანი მოვლენა ან ადგილი, იქნებოდა ეს მეგობრული შეხვედრა სასწავლო დაწესებულებაში მეგობრებთან, თუ დასვენების დროს გადაღებული ფოტოები.

თუ ადრე ფოტოგრაფია მთელ რიგ ფიზიკურ და ქიმიურ პროცესებთან იყო დაკავშირებული, დღეს ღილაკის ერთი დაჭერით იღებ სასურველ შედეგს. “თუ ვისაუბრებთ განსხვავებაზე ძველ და ახალ ფოტოგრაფიას შორის, ალბათ, პირველი, რაც შეიძლება აშკარად შეინიშნოს, არის ფოტოგადაღებებისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულება. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში მეგობრები თუ თანაკურსელები სპეციალურად მიდიოდნენ ფოტოსტუდიებში ან იძახებდნენ ფოტოგრაფს. შესაბამისად, ყველა მათგანი სპეციალურად ემზადებოდა ფოტოგადაღებისთვის. ფოტოკამერასთან მოქცევის ნორმებიც შედარებით უფრო მოკრძალებული, ალბათ, უფრო სერიოზული იყო, ვიდრე დღეს“ - აღნიშნავს გიორგი კაკაბაძე.

freeaახალგაზრდები ფოტოებზე, ძირითადად, ეროვნულ ტანსაცმელში არიან გამოწყობილები. რადგან ფოტოსტუდიები, დაახლოებით, ერთ სტილშია მოწყობილი: - ნაქარგიანი ბალიშები, ხალიჩებით გაფორმებული ხედი, ძველი, მოჩუქურთმებული ავეჯი ან ნივთი. სურათების ნახვისას, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ყველას ერთნაირ გარემოში უწევს ცხოვრება. მაგრამ ყველა ფოტო ერთფეროვანი მაინც არ არის. მაგალითად, სურათზე აღბეჭდილი ახალგაზრდების მზერა განსხვავებულია, ნაწილი ობიექტივში პირდაპირ იყურება, ნაწილი კი - სივრცეში, რაც, შესაძლოა ფოტოგრაფის გადაწყვეტილება იყოს, ან თავად ახალგაზრდისა.

მეოცე საუკუნის დასაწყისში ახალი ეფექტი ჩნდება ფოტოებზე. ამ სურათზე აღბეჭდილი ორი ბიჭის ფოტო უკვე კონკრეტულ ამბავს გვიყვება მათ შესახებ. ახალგაზრდების დგომა მიგვითითებს იმაზე, რომ სპორტსმენები არიან, მოჭიდავეები. გარდა დგომისა, ამ ამბის გადმოსაცემად, ფოტოგრაფი უკვე ისეთ კონკრეტულ რეკვიზიტებს იყენებს, როგორიცაა ძირს დაფენილი ბალახი და ხალიჩებიც ქრება ობიექტივიდან. უკანა ფონად კი ბუნების პეიზაჟია გაკრული. როგორც ჩანს, ამ დროისათვის, ფოტოაპარატის ტარება ჯერ კიდევ პრობლემურია და ფოტოგრაფიც კვლავ დადგმას მიმართავს, რაც აშკარადაა საგრძნობი.


თავისუფალი ასოციაცია მადლობას უხდის საქართველოს ეროვნულ არქივს თანამშრომლობისთვის.