სტუდენტური დაზღვევა - ვის, როდის და როგორ შეუძლია სარგებლობა?
05 ივლისი, 2014
 სტუდენტური დაზღვევა - ვის, როდის და როგორ შეუძლია სარგებლობა? ბეჭდვა FaceBook Twitter
სტუდენტური დაზღვევა საქართველოს მასშტაბით 2012 წლის პირველი სექტემბრიდან დაიწყო. სტუდენტები რეგიონების მიხედვით სხვადასხვა კერძო სადაზღვევო კომპანიამ დააზღვია, თუმცა, 2014 წლის პირველი იანვრიდან სტუდენტური დაზღვევა გარკვეული ცვლილებით გაგრძელდა.

საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსმა რუსუდან გოგოლაშვილმა ისაუბრა მიმდინარე ცვლილებებზე: „იმ პერიოდში, როდესაც ამ სოციალურ პროექტებს ახორციელებდნენ კერძო სადაზღვევო კომპანიები, საქართველო ლოტებად იყო დაყოფილი. იყო ტენდერი და ტენდერის მეშვეობით შედიოდნენ ეს კომპანიები რეგიონებში. თითო რეგიონში შედიოდა რამდენიმე სადაზღვევო კომპანია და საუკეთესო წინადადებას ვინც წარადგენდა, ის იგებდა იმ რეგიონში (ეს იყო მთავრობის 218-ე დადგენილება, 2009 წლის). შემდეგ, როდესაც სახელმწიფომ გადაწყვიტა სტუდენტების დაზღვევა, ასევე 0-5 წლის ჩათვლით ბავშვებისა და საპენსიო ასაკის პირების, რეგიონებში, სადაც უკვე იყვნენ ეს სადაზღვევო კომპანიები შესულები, სწორედ მათ დაეკისრათ ამ პირების დაზღვევა. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, ახლა არის გარდამავალი პერიოდი, თუ ჩვენ ვსაუბრობთ თბილისელ სტუდენტებზე, აქ არის შემდეგი სიტუაცია, „არქიმედეს გლობალ ჯორჯია“ 2013 წლის 31 დეკემბერს გამოცხადდა გაკოტრებულად, ამიტომ მომსახურება ამ კონტინგენტზე, როგორც სტუდენტებზე, ასევე პენსიონერებზე, 0-5 წლის ბავშვებზე, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ადამიანებზე გადაიბარა სოციალური მომსახურების სააგენტომ. ამიტომ, ასე თქვათ, თბილისელი სტუდენტები 2014 წლის პირველი იანვრიდან მოხვდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იდენტური პირობებით, რა პირობებითაც იყვნენ დაზღვეულები კერძო სადაზღვევო კომპანიებში, მხოლოდ ადმინისტრირებას აკეთებს სოციალური მომსახურების სააგენტო. 2014 წლის პირველი სექტემბრიდან კი მთლიანად მთელი საქართველოს სტუდენტები უკვე გადმოვლენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში“.

თსუ-ს სტუდენტი თათა ბერელიძე სტუდენტური დაზღვევის ნაცვლად, კერძო სადაზღვევო კომპანიის მომსახურებით სარგებლობს: „სტუდენტური დაზღვევის შესახებ მაქვს ინფორმაცია და გამომიყენებია კიდეც, თუმცა, მაშინ კლინიკის არჩევა არ შემეძლო და უკმაყოფილო დავრჩი, იმიტომ, რომ ცუდ კლინიკაში მოვხვდი. ახლა სადაზღვევო პაკეტი მაქვს მამაჩემის სამსახურიდან, რომელიც ვრცელდება მამაზე, დედაზე და ჩემზე, სანამ 22 წლის გავხდები. სადაზღვევო პაკეტით, რომელსაც ახლა ვიყენებ, თითქმის ყველაფერი ფინანსდება, თუ არ ფინანსდება, ფასდაკლება მაინც არის, რაღაც პროცედურებზე არის ულიმიტო მომსახურებაც. კმაყოფილი ვარ, რადგან არჩეული მაქვს ჩემთვის სასურველი კლინიკა, რომელიც ტერიტორიულადაც ახლოსაა. ერთი რამ, რაც არ მომწონს ამ სადაზღვევო პაკეტში არის ის, რომ მედიკამენტები არც გვიფინანსდება და არც ფასდაკლება გვაქვს“.

როგორც მე-3 კურსის სტუდენტმა ბარბარე ზაქარეიშვილმა აღნიშნა, ის სტუდენტური დაზღვევით სარგებლობს: „ზამთარში გამოვიყენე სტუდენტური დაზღვევა, ბრონქების ანთება მქონდა და ძალიან კმაყოფილი დავრჩი, იმიტომ რომ 100%-ით ამინაზღაურეს გამოკვლევა. რაც შეეხება კლინიკას, უბნის მიხედვით გამანაწილეს და ექიმი მე ავირჩიე“.
სასწრაფო სამედიცინო მომსახურება და სამედიცინო ტრანსპორტირება, ამბულატორიული მომსახურება (გეგმური აბულატორიული მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ პირველადად ოჯახის, ან სოფლის, ან უბნის ექიმთან მიმართვის საფუძველზე), სტაციონარული მომსახურება, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება და სხვა - ეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან იმ სამედიცინო მომსახურებების მოკლე ჩამონათვალია, რომელთაც მზღვეველი ფარავს (უფრო ვრცელი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს მთავრობის დადგენილება №165, 2012 წლის 7 მაისი ქ. თბილისი).

თუ ვის შეუძლია ისარგებლოს სტუდენტური დაზღვევით, როგორ განისაზღვრება სადაზღვევო პერიოდი სტუდენტებისთვის და რა შემთხვევაში შეიძლება გაუუქმდეს სტუდენტს დაზღვევა, ამ საკითხების შესახებ ინფორმაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა მაკა ბერაიამ მოგვაწოდა: „სტუდენტური დაზღვევით სარგებლობა შეუძლია სტუდენტს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც სწავლობს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგისა ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე; პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მე-4 და მე-5 საფეხურების სტუდენტებს; პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს. რაც შეეხება სადაზღვევო პერიოდს, ის განისაზღვრება სწავლის საფეხურების შესაბამისად, მაგალითად, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის - 48 თვე, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის – 24 თვე; ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის – 12 თვე და ა. შ დაზღვევის მოქმედება წყდება შემდეგ შემთხვევებში: სადაზღვევო პერიოდის დასრულებისას; დაზღვეული პირის გარდაცვალებისას; სტუდენტის მხრიდან დაზღვევაზე უარის თქმისას; თუ სტუდენტი იმყოფება პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში; თუ სტუდენტს შეუწყდა ან შეუჩერდა სტატუსი, გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როცა სტატუსის შეჩერება დაკავშირებულია ორსულობასთან, მშობიარობასთან, ბავშვის მოვლასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 კალენდარულ წელს“.

როგორც გიორგი გიგოლაშვილმა, საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტმა აღნიშნა, სადაზღვევო ინსტიტუტი თავიდანვე წინააღმდეგი იყო 2012 წლის პირველი სექტემბრიდან რეგიონების მიხედვით სტუდენტთა, 0-5 წლის ბავშვთა და პენსიონერთა დაზღვევა განხორციელებულიყო იმ ფორმით, რა ფორმითაც იგეგმებოდა: „როდესაც კონკრეტულ რეგიონში მხოლოდ ერთ სადაზღვევო კომპანიას შეუძლია შესვლა, ამას მთელი რიგი უარყოფითი მხარეები და შედეგები შეიძლება ჰქონდეს. თვითონ ამ პროგრამას, დაზღვეულთა სამივე კატეგორიას ჰქონდა შეზღუდვა - სადაზღვევო კომპანია თვითონ ირჩევდა მომსახურე სამედიცინო დაწესებულებას, ხოლო პაციენტი, ვისაც დასჭირდებოდა თანხის ანაზღაურება, იძულებული იყო, მიეღო მხოლოდ სადაზღვევოსგან შემოთავაზებული სამედიცინო დაწესებულებება. კიდევ იყო ასეთი რაღაც, როდესაც ამ პროგრამით დაზღვეულს დასჭირდებოდა გეგმიური-ქირურგიული ოპერაცია, ლოდინის პერიოდი იყო ხანგრძლივი. რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, ეს არის საქართველოს მოსახლეობის ყველა მოქალაქეზე გათვლილი, არ არის რანჟირებული ვთქვათ ასაკის მიხედვით, სოციალური სტატუსის მიხედვით, რეგიონების მიხედვით, პროფესიის მიხედვით და ა.შ. ეს პროგრამა რეალურად ძალიან ბევრი ადამიანის, მათ შორის სტუდენტების შესაძლო საჭიროებებს ფარავს, ერთი მინუსი ამ პროგრამისა არის წამლების ანაზღაურების საკითხი“.

ბოლოს კი ინფორმაცია სტუდენტებისთვის, რომელთაც გარკვეული პრობლემები ექმნებათ დაზღვევაზე: თუ სტუდენტი დაზღვეულ ბენეფიციართა ნუსხაშია და ვერ სარგებლობს დაზღვევით, ასეთ შემთხვევაში მან უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო თუ მისი მონაცემები დაზღვეულ ბენეფიციართა ნუსხაში არ იძებნება, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაუკავშირდეს.