ილიაუნის ბაზაზე ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი შეიქმნა
02 ივლისი, 2013
ილიაუნის ბაზაზე ახალგაზრდა  პოლიტოლოგთა კლუბი შეიქმნა ბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი შეიქმნა. მასში ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები არიან ჩართულნი.
ისინი პოლიტოლოგიასთან დაკავშირებული საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიებებით სხვა სტუდენტების დაინტერესებასა და მოზიდვას ცდილობენ.

გუნდის პრეზენტაცია 29 მაისს გაიმართა, სადაც წევრებმა კლუბისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

კლუბის პრეზიდენტი მიხეილ შენგელია აღნიშნავს, რომ პოლიტიკურ საკითხებში აქტიურად ჩართვისა და სტუდენტებისათვის საინტერესო პროგრამის შეთავაზების სურვილმა მას კლუბის დაარსებისაკენ უბიძგა. ამის შემდეგ იდეები მეგობრებს გაუზიარა და ისინი ერთობლივი ძალებით შეუდგნენ კლუბის შექმნას. სტუდენტები მალე გამოეხმაურნენ და ჩაერთვნენ პროგრამაში.

ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და აღმასრულებელი საბჭოს წევრის გივი უგულავას თქმით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე უკვე არსებობს რამდენიმე კლუბი, როგორც ბიზნესისა და მეცნიერების, ასევე ხელოვნების ფაკულტეტზე. მისი ინფორმაციით, ეს კლუბები მარკეტინგულ საქმიანობაში კარგად ერკვევიან, გამოდიან სხვადასხვა მედია საშუალებით და საკმაოდ წარმატებულებიც არიან.

,,ყოველივე ამან მოტივაცია შეგვმატა, გადავწყვიტეთ, ერთი იდეის გარშემო გავერთიანებულიყავით და შეგვექმნა ისეთი კლუბი, რომელიც შემოქმედებითი ადამიანების ძალისხმევით შეძლებს, იყოს წარმატებული""- აღნიშნავს გივი უგულავა.
კლუბის მთავარი მიზანი, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, ასევე სხვა დაინტერესებული პირებისთვის, პოლიტიკის მეცნიერებებზე, ისტორიაზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე საჯარო ლექციების, კინოჩვენებებისა და დებატების ორგანიზება იქნება.

კლუბი ასევე ხშირად მოიწვევს კომპეტენტურ სტუმრებს, შედგება დისკუსიები, სადაც სტუდენტებსაც შეეძლებათ მონაწილეობა და საკუთარი აზრის გამოთქმა.

კლუბის წევრები ცდილობენ, ყველა სტუდენტს საშუალება მისცენ, ჩაერთონ დაგეგმილ ღონისძიებებში.
ერთ-ერთი დამფუძნებელი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი ლია გელაშვილიც აქტიურად ჩაერთო კლუბის აქტივობებში.
,,აქამდე ჩვენს უნივერსიტეტში პოლიტიკის მიმართულებით არაფერი ხდებოდა და სწორედ სტუდენტების პასიურობამ გვიბიძგა ამ იდეისაკენ"" - აღნიშნავს ლია.
კლუბის წევრებმა უკვე დაიწყეს პროექტზე მუშაობა და მათ უნივერსიტეტის მხარდაჭერის იმედიც აქვთ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისცენტრის ერთ-ერთი თანამშრომლის თეკლა კაპანაძის თქმით,
,,უნივერსიტეტი ეხმარება მსგავსი ინიციატივის სტუდენტებს, ჩვენი საქმიანობა სწორედ ის არის, რომ ხელი შევუწყოთ მათ, სტუდენტური ცხოვრების განვითარებაში. სტუდენტებს შეუძლიათ, იმუშაონ პროქტზე, რომელსაც შემდეგ აკადემიური საბჭო განიხილავს და მოწონების შემთხვევაში დააფინანსებს კიდეც""- ამბობს თეკლა კაპანაძე.

კლუბის კანდიდატების შერჩევა უკვე დასრულებულია, მათი შერჩევისას კლუბის ხელმძღვანელობის მთავარი კრიტერიუმი იყო შრომისმოყვარე და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით გამორჩეული სტუდენტების აყვანა.