გადაბარებული პასუხისმგებლობა და იაფი სიკვდილი
27 მარტი, 2016
გადაბარებული პასუხისმგებლობა და იაფი სიკვდილი ბეჭდვა FaceBook Twitter
რამდენჯერ გიყიდიათ საკვები პროდუქტები გარემოვაჭრეებთან? გიფიქრიათ, რომ შედარებით დაბალ ფასთან ერთად შეიძლება ხარისხიც არ იყოს შესაბამისი?
„ამას მაინც გავყიდი, მაგრამ სხვა პროდუქტებს რა ეშველება?“ - ერთ-ერთი გარემოვაჭრე ხორცპროდუქტებს სითხით ნამავდა და გვერდით მდგომს ესაუბრებოდა.
"ამ ტერიტორიაზე სულ 5-6 ადამიანი ვვაჭრობთ, ვერ შევძელით ბაზრის ტერიტორიაზე დადგომა და დიდი გადასახადის გადახდა. ჩვენ მართლა რომ არ გვიჭირდეს, ამ სიცივესა და სიბინძურეში დავდგებოდით აქ? დღეში მხოლოდ იმდენი გვრჩება, რომ საღამოს სახლში პური და მინიმალური საჭმელი მივიტანოთ. ჩვენ არავის არ ვუწევთ კონკურენციას, ვისაც სად უნდა იქ იყიდოს პროდუქტი" - ჩვენ მიერ გამოკითხული მოვაჭრეების პასუხები მსგავსია და გარევაჭრობის მიზეზად ყველა მძიმე სოციალურ ფონსა და გამოუვალ ვითარებას ასახელებს.

დავინტერესდით, თუ არსებობს კვლევა, რომელშიც ნათლად იქნებოდა წარმოდგენილი მომხმარებლები სად ანიჭებენ პროდუქტის შეძენას უპირატესობას. მივმართეთ საქსტატს, თუმცა, უწყებაში განგვიცხადეს, რომ მსგავსი ტიპის კვლევა მათ არასდროს ჩაუტარებიათ. "სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს. ასეთი კველა არ ჩატარებულა, იდეაშიც არ გვქონია გაგვეგო, რამდენი ყიდულობს მაღაზიაში, რამდენი ბაზარში და ა.შ. "- აღნიშნა საქსტატის წარმომადგენელმა გოგიტა თოდრაძემ.

თუ რამდენად ხშირად ყიდულობენ გარევაჭრობის ობიექტებზე საკვებს, რიგით მოქალაქეებს მივმართეთ კითხვით. ჩვენ მიერ გამოკითხული მომხმარებლები გარემოვაჭრეების პროდუქციის ნაკლსა თუ დადებით მხარეებზე საუბრობენ.
"პროდუქტს გარემოვაჭრეებთან ვყიდულობ, მაგალითად ყველს, სოფლის ქათამს, რძეს. იმ ქალბატონს უკვე წლებია ვხედავ მეტროს შესასვლელთან. ვენდობი და ვიცი, რომ რასაც ყიდის ნატურალური და ჯანმრთელი პროდუქტია. მართალია, მტვერსა და ნაგავში უწევს ყოფნა, მაგრამ მისი კარგად მესმის და ჩემი მასთან მისვლის მიზეზი სოლიდარობის გრძნობაცაა. შესთავაზოს ხელისუფლებამ გარემოვაჭრეებს სანაცვლოდ რაიმე ალტერნატივა, ამ ხალხსაც არ უხარია პურის ფულისთვის ყინვასა და სიცხეში დგომა"-აღნიშნავს ერთ-ერთი მომხმარებელი.

გამოკითხულთა ერთი ნაწილი თვლის, რომ ანტისანიტარიულ გარემოში გასაყიდად გამოტანილი პროდუქტი არ იქნება ჯანმრთელობისთვის სასარგებლო.

"ვიცი, რომ არაჯანსაღ პროდუქტს ბევრი დაავადების გამოწვევა შეუძლია. სწორედ ამის მეშინია და მირჩევნია, ცოტა მეტი თანხა გადავიხადო და სუპერმარკეტებსა ან ბაზრებში ვიყიდო მალფუჭებადი ნაწარმი, ვიდრე გარემოვაჭრეებთან. პროდუქტის ხარისხს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს"- განაცხადა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.




იმის დასადგენად, თუ რა გავლენას იწვევს არაჯანსაღი და უხარისხო საკვები ადამიანის ჯანმრთელობაზე და რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს, მივმართეთ ენდოკრინოლოგ ქეთევან ტაბატაძეს: "ჯანსაღი ცხოვრების წესი ადამიანის ჯანმრთელობის საწინდარია. გადამწყვეტი როლი ენიჭება კვების პროდუქტებს, რომელთა ხარისხზეც დამოკიდებულია ადამიანის ჯანმრთელობა. აუცილებელია ვიცოდეთ როგორ პირობებში დამზადდა და როგორ პირობებში ინახება ესა თუ ის პროდუქტი, რათა ავიცლილოთ მთელი რიგი დაავადებებისა, როგორიცაა ნაწლავური ინფექციები და ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, რომლებიც აისახება ადამიანის წონაზე. დიდი რაოდენობით ნახშირწყლებისა და ცხიმების მიღება იწვევს პანკრიასის დაზიანებას, რაც თავისთავად იწვევს მეტაბოლური სინდრომის ჩამოყალიბებასა და დროთა განმავლობაში იწვევს შაქრიან დიაბეტს".

momxmarebeli.ge-ის პროგრამის ასისტენტმა თამარ გობეჯიშვილმა აღნიშნა, რომ მოქალაქეები მათაც მიმართავენ გარემოვაჭრეებთან შეძენილი პროდუქციის ხარისხის შესახებ: "უბრალოდ ჩვენ ვერ ვამოწმებთ გარემოვაჭრეებს, სამწუხაროდ, არ ვართ მაკონტროლებელი ორგანო და ბევრი პრობლემები გვექმნება, ამიტომ მუდმივად ვამისამართებთ სურსათის ეროვნულ სააგენტოში. ისინი არიან გარემოვაჭრეებთან ნაყიდ სურსათზე პასუხისმგებლები".

იმისათვის , რომ გაკონტროლდეს და დაცული იყოს მომხმარებელთა ჯანმრთელობის საკითხი, საინტერესოა, თუ რა ღონისძიებებს ატარებს სახელმწიფო. როგორც გაირკვა, გაყიდული პროდუქციის ხარისხი მხოლოდ ბაზრებსა და სუპერმარკეტებში მოწმდება. თბილისის მერიის ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ გარემოვაჭრეების კონტროლი საპატრულო პოლიციას ევალება. სწორედ ისინი აკონტროლობენ მათი მდებარეობის ადგილს, მაგრამ არა საკვების ხარისხსა და ანტისანიტარიულ ნორმებს. თბილისის მერიაში განაცხადეს, რომ გარემოვაჭრეებისთვის არ იგეგმება არანაირი აღმკვეთი ღონისძიება, რადგან კანონი უკვე არსებობს და ყველა ვალდებულია დაემორჩილოს მას.

როგორც ცნობილია, სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარულ კონტროლს. კონტროლის მიზანი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში არსებული კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისობის დადგენაა. სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება შემდეგი მექანიზმებით: ინსპექტირება, მონიტორინგი, ზედამხედველობა, დოკუმენტური შემოწმება, ნიმუშის აღება.

"გარევაჭრობა არის სამართალდარღვევა, სურსათის ეროვნული სააგენტო არ ახორციელებს კონტროლს ისეთ ადგილებში, სადაც სამართალდარღვევაა"-განაცხადა ჩვენთან საუბრისას სეს-ს პიარის წარმომადგენელმა ვერიკო გულუამ. სააგენტოს ინფორმაციით, გარევაჭრობა არ არის მათი თემა, სახელმწიფო კონტროლი ხორცილედება მხოლოდ სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც მოწესრიგებული ხასიათი აქვს ვაჭრობას. "ჩვენ ევროკავშირით სხვა ვალდებულებები გვაქვს, რომელიც გვიწესებს როგორი უნდა იყოს სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, მათ შორის, ცხოველთა ჯანმრთელობა, რომ პროდუქტი უვნებელი იყოს"- ვერიკო გულუამ.

,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლით განსაზღვრულია თბილისის თვითმმართველობის ექსკლუზიური უფლებამოსილებები. სწორედ დედაქალაქის თვითმმართველობის ექსკლუზიურ უფლებებს მიეკუთვნება გარევაჭრობის რეგულირება.

2006 წლის 29 დეკემბერს თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დედაქალაქში გარევაჭრობა ითვლება კანონდარღვევად. ამგვარი ქმედება იკრძალება და ისჯება. საკრებულოს გადაწყვეტილების მიხედვით, დედაქალაქში გარე ვაჭრობად მიჩნეულია ქალაქის ქუჩებზე, მოედნებსა და ტროტუარებზე, ასევე დასასვენებელ ადგილებში მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობა. ფაქტობრივად, გარეთ ღია ვაჭრობა სადაც მიმდინარეობს, ყველაფერი გარევაჭრობად მიიჩნევა და იკრძალება.

კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულებამდე კი ანტისანიტარიულ გარემოში საკვები პროდუქტების რეალიზება კვლავ უკონტროლოდ რჩება.