შეხვედრა გოდერძი ჩოხელთან
16 ივნისი, 2021
შეხვედრა გოდერძი ჩოხელთან ბეჭდვა FaceBook Twitter
ბლოგს "თემის კვირეულის" ფარგლებში წარმოგიდგენთ. მიმდინარე კვირის თემაა ლიტერატურული ნაწარმოები, რომელმაც შთაბეჭდილება მოახდინა. სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ოთხი ავტორი საკუთარ აზრებს, შთაბეჭდილებებს, მოსაზრებებს, დაუვიწყარ წუთებს, მოგონებებს გვიზიარებს. ოთხ ავტორს ერთი თემა, სხვადასხვა კუთხიდან დანახული ამბავი და სამხრეთ კავკასია აერთიანებს. ყოველ ახალ კვირას ახალ კავკასიურ ამბებს გავეცნობით (რუტინული ყოველდღიურობის მიღმა), მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან.

არ მახსოვს, როგორ მოხვდა ჩემს ხელში გოდერძი ჩოხელის ნაწარმოები ,,ცასწავალა", რომელმაც უფრო მეტი ინტერესი გამიჩინა ავტორის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი. თითქოს საბავშვო ნაწარმოებია, მე ბავშვი არ ვიყავი, მაგრამ ძალიან დიდი ემოციები გამოიწვია ჩემში. ნაწარმოები პატარა ჩიტზეა, რომლის ამბავსაც მწყემსი გოდერძი გვიყვება. ცასწავალა ცაში აიჭრება ძახილით: ,,ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ!", მიაღწევს რაღაც ზღვარს და შემდეგ უკან ბრუნდება ძახილით: ,,ვტყუი! ვტყუი! ვტყუი!". დიდ და ძლიერ ფრინველებს მისი საქციელი იმდენად აღაშფოთებთ, სასამართლოს მოუწყობენ პატარა ცასწავალას, როგორ გაბედა მათი მოტყუება და თავისუფლება. ერთი ღამით ბალახებზე მიბმას მიუსჯიან, მწყემსი გოდერძის მოუნდება მისი დახსნა, თუმცა, შეშინდება - უფრო მკაცრად არ დასაჯონ გაბრაზებულმა ფრინველებმა. დილით ადრე წავა გოდერძი ცასწავალას ამბის გასაგებად, მალევე ფრინველები მას გაათავისუფლებენ და გააფრთხილებენ მეორედ ასე აღარ მოიქცეს. ცოტახანში ცასწავალა კვლავ ცაში აიჭრება, გადალახავს იმ ზღვარს, რომლამდეც ადრე მიდიოდა ხოლმე, თუმცა, მისი გული ამას ვერ გაუძლებს და გარდაცვლილი კვლავ უკან დაეშვება.

როცა ეს ნაწარმოები წავიკითხე, მაშინ ბავშვებთან ვმუშაობდი, მათაც წავუკითხე ცასწავალა და ჩვენს სამუშაო პროცესში შევიტანეთ, ზოგი ბავშვი პატარა ცასწავალას ქარგავდა, ხატავდა. ჩემმა 4 წლის შვილმა სახლში კედელზეც კი დახატა. მე და ჩემს შვილს გოდერძი ჩოხელის გაცნობის ბედნიერება გვხვდა წილად, პირველი რაზეც ვკითხე, ცასწავალას ამბავი იყო. გვიყვებოდა, თქვენ რომ ჩემს სოფელში წახვიდეთ, შეიძლება თქვენც ნახოთ ცასწავალა. მართლაც, გავემგზავრეთ მე და ჩემი შვილი ჩოხში, სადაც გოდერძი ჩოხელის ოჯახთან ბედნიერი 2 კვირა გავატარეთ. ცასწავალას არ შევხვედრივარ, თუმცა, ნათლად შევიგრძენი გარემო და თითქოს, მეც იმ ნაწარმოებში აღმოვჩნდი.

დაახლოებით 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ცასწავალა პირველად წავიკითხე, მაგრამ ამ პატარა ჩიტის შემართება, თავისუფლების წყურვილი და დაწესებული ზღვრების გადალახვის სურვილი, დღემდე ჩემთვის მაგალითია. ყველას გირჩევთ წაიკითხოთ ეს საოცარი ნაწარმოები, პატარა ჩიტ ცასწავალაზე.


პროექტს "ჟურნალისტები სამხრეთ კავკასიიდან" თავისუფალი ასოციაცია ახორციელებს. მასალებში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა, განმახორციელებელი ორგანიზაციისა და დონორის მოსაზრებებს ყოველთვის არ ემთხვეოდეს.