რთველი რაჭულად
22 ოქტომბერი, 2021
რთველი რაჭულად ბეჭდვა FaceBook Twitter
"ბარაქა! მრავალს დაესწარი!" - ამ ფრაზას რაჭაში, თითქმის ყველა ვენახსა და ეზოში გაიგონებთ, რაც იმას გვანიშნებს, რომ რთველი დაიწყო.

ვენახების მწკრივებს მკრეფავები ამოსდგომიან, ცაზე ღრუბლის პატარა ქულებს თუ დაინახავთ, ტყეებს ოქროსფერი, ყავისფერი და წითელი ტონები აქვს შერეული და აღმართ-დაღმართებზე გაჭირვებით დადიან ძარიანი მანქანები.

რთველის დაწყების ზუსტი თარიღი ცნობილი არასდროსაა. რამდენიმე დღით ადრე, რაჭის მისასვლელებთან პოლიციის ჯგუფები დგებიან და მანქანების საბარგულებს ამოწმებენ, რომ ვინმემ ყურძნის სხვა ჯიშები არ "შეაპაროს". "ხვანჭკარა" ორი სახეობის ყურძნის - ალექსანდროულისა და მუჯურეთულისაგან მზადდება, ეს ჯიშები კი, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხარისხიანად მხოლოდ რაჭაში მოიწევა.

My Page

მევენახეები რთველის დაწყების თარიღს ახლობლებისაგან იგებენ, ამიტომ პოლიციის გამოჩენის შემდეგ ყველა ტელეფონს დარაჯობს, რომ დაწყება არ გამოეპაროს და კრეფა დროულად დაიწყოს.

ყურძნის მაღალი ფასის გამო, ბოლო წლებში, რაჭაში ვენახი ბევრმა ოჯახმა თუ მეწარმემ გააშენა, ან განაახლა.

გაზაფხულიდან, ანუ კვირტის გამოსვლიდან მოსავლის მარნებისთვის ჩაბარებამდე, საყურადღებოა ვენახის სწორად მოვლა, ასევე, მნიშვნელოვანია კარგი ამინდი - საჭირო დროს წვიმა, საჭირო დროს დარი და რაც მთავარია, სეტყვა არ უნდა მოვიდეს! მთელი სეზონის ნაშრომის განადგურება შეუძლია.

ხშირად, პრობლემა იქმნება ყურძნის მარნისთვის ჩაბარების დროსაც, სადაც ჯერ რიგი უნდა დაიკავონ, ამ რიგში რამდენიმე საათს იდგნენ, ბოლოს კი სათითაოდ ჩამოტვირთონ ყურძნით სავსე ყუთები და გულდასმით შემმოწმებელი თვალის ზედამხედველობით ჩააბარონ. პრობლემები ყოველ წელს სხვადასხვაგვარია.

ყურძნის მარნებისთვის ჩაბარებით ოჯახებისთვის შემოდგომის საქმის უმეტესობა დასრულებულია - ყურძენი დაიკრიფა, ნაწილი დაიწურა და უკვე დუღს, ნაწილი კი მარნებს ჩაბარდა, ბოსტნეული და სიმინდიც დაბინავებულია, თივა მომარაგებულია და ზამთრის შეშის მოსაგროვებლად ახლა ზრუნავენ. ოჯახები გაზაფხულამდე შეისვენებენ და შემდეგი წლიდან მოსავლის მოყვანისთვის ზრუნვას ადრე გაზაფხულიდან შეუდგებიან.