ცხენოსნობა ოსებში
18 იანვარი, 2022
ცხენოსნობა ოსებში ბეჭდვა FaceBook Twitter
ოსი ხალხის სამეურნეო საქმიანობაში ტრადიციული იყო მეცხენეობა. მათი წინაპრები – ალანები შესანიშნავი ცხენოსნები ყოფილან, ამის შესახებ ოსური ფოლკლორული მონაცემებიც მეტყველებს. კავკასიის ხალხთა მითოლოგიაში, ნართაულ ეპოსში განსაკუთრებული ადგილი უკავია ცხენს.

XIX ს-ის მეორე ნახევრამდე მთაში ცხენი ერთადერთი სატრანსპორტო საშუალებაც იყო. ოსებს ცხენთა დიდი ჯოგები ჰყავდათ. ისინი ცხენოსნობას ბავშვებს პატარა ასაკიდანვე ასწავლიდნენ.

XX საუკუნეში ცხენი სამეურნეო საქმიანობისა და სპორტული შეჯიბრების დროს გამოიყენებოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საქართველოში გახშირდა ცხენოსნური შეჯიბრება, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის საცხენოსნო გუნდები, მათ შორის, იყო ძველი ქართული ცხენოსნური სპორტული თამაშობა – ისინდი.

ისინდი

ამ საცხენოსნო შეჯიბრის დროს ორი გუნდი, რომელშიც არანაკლებ ექვსი მონაწილე იყო, ერთმანეთს ეჯიბრებოდა. ისინი აღჭურვილნი იყვნენ 120-150 სმ. სიგრძის შუბებით. სასტარტო ხაზზე მყოფი გუნდის წევრებიდან ერთ-ერთი მსაჯის ნიშნის შემდეგ გუნდს გამოეყოფოდა და ცდილობდა მოწინააღმდეგე გუნდის წევრისთვის ან მისი ცხენისთვის ისინდი ანუ შუბი მოეხვედრებინა. ამის შემდეგ უბრუნდებოდა თავის გუნდს და ბოლოში დგებოდა. იგებდა ის, ვინც მეტ ქულას დააგროვებდა. ისინდის სპორტულ შეჯიბრებაში ოსებიც აქტიურად მონაწილეობდნენ.




მასალაში გამოყენებული ფოტოები დაცულია:

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (ფოტომასალა განთავსებულია ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკა "ივერიელში", ბმული: http://dspace.nplg.gov.ge/).