ახალგაზრდა მასწავლებელთა პრობლემები და პერსპექტივები
11 იანვარი, 2014
ახალგაზრდა მასწავლებელთა პრობლემები და პერსპექტივები ბეჭდვა FaceBook Twitter
იაპონური სიბრძნე გვამცნობს: "უკან დაიხიე სამი ნაბიჯით, მაგრამ მასწავლებლის ჩრდილს ფეხი არასდროს დაადგა". სამოქალაქო ცნობიერების, პოლიტიკური კულტურის, ტოლერანტობის ნაკლებობის, არასრულწლოვანთა დანაშაულისა და ნარკომანიის პრობლემებზე საუბრისას, გვჯერა, რომ მათი გადაჭრის გზა მასწავლებელსა და სკოლაზე გადის. მასწავლებლის მისია ურთულესია. დროის, საგანმანათლებლო სისტემის ცვლილებისა და სხვადასხვა პროცესის განვითარება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ მხოლოდ პროფესიულად მაღალ დონეზე მყოფი, პროფესიული ეთიკის სტანდარტების მცოდნე და გამოცდილი მასწავლებელი შეძლებს გაუმკლავდეს მასზე დაკისრებულ რთულ მოვალეობას. არსებულ პირობებში კი რამდენად არის ახალბედა მასწავლებლების დასაქმების შანსი? აქვთ კი მათ საჭირო პროფესიულ უნარები? რა სახის დახმარებას უწევს მათ სახელმწიფო იმისთვის, რომ განვითარდნენ?

ზოგადსაგანმანათლებლო სისტემა საქართველოში მოიცავს 12 წელს, რომელთაგან სავალდებულო სწავლებად ითვლება 9 წელი (6 წელი დაწყებითი და 3 წელი ძირითადი საბაზო სკოლა). საქართველოში ზოგადი განათლება ამჟამად რეფორმის განხორციელების პროცესშია, რომლის ფარგლებშიც უკვე დაინერგა და მოქმედებს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა და დაფინანსების ახალი მოდელი.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა 2012 წელს ,,მასწავლებელთა არსებულ და საჭირო რაოდენობებს შორის ბალანსის’’ კვლევა ჩაატარა.

საინტერესოა, ასევე მიღებული შედეგი ასაკობივ ზღვართან მიმართებაში. როგორც კვლევიდან ვიგებთ, მასწავლებელთა საშუალო ასაკი შეადგენს 47.1 წელს. ,,ყველაზე “ახალგაზრდულია” სამცხე-ჯავახეთის მასწავლებლების გუნდი (მათი საშუალო ასაკია 44.21), ხოლო ყველაზე “ასაკოვანი” _ რაჭა-ლეჩხუმ/ქვემო სვანეთის მასწავლებლები (საშუალო ასაკია 49.59 წელი). რაც შეეხება სოფლად და ქალაქად მასწავლებელთა საშუალო ასაკს, ყველა რეგიონში, გარდა ქვემო ქართლისა, ქალაქის მასწავლებლთა ასაკი უფრო მაღალია, ვიდრე სოფლის, აქაც განსაკუთრებით გამოირჩევა სამცხე-ჯავახეთის სოფლად მომუშავე მასწავლებლები. თუ გავაკეთებთ შედარებას 2008 წლის მონაცემებთან, აღმოჩნდება, რომ საშუალო ასაკი შედარებით გაიზარდა გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ხოლო დაიკლო სამცხე- ჯავახეთში- ვკითხულობთ კვლევაში.

თამილა ცხოვრებაძე კაკაბეთის საჯარო სკოლაში 2007 წლიდან ასწავლის, მისი თქმით, პედაგოგის პროფესია დაბერების ზღვარს მყოფ პროფესიებს შორის ერთ-ერთია და აუცილებელია მეტი ყურადღება მიექცეს ახალგაზრდა კადრს: ,,ყველა სკოლას არ ვგულისხმობ, მაგრამ შესამჩნევ ტენდენციად დავასახელებდი ერთ-ერთ პრობლემას, რაც ახალგაზრდა კადრის სკოლაში თავად მასწავლებლების მხრიდან მიმღეობას გულისხმობს. სკოლის გამოცდილ პედაგოგებს არ უყვართ ახალგაზრდა კადრი. მინახავს უამრავი შემთხვევაც, როცა სკოლის ძველი გამოცდილი პედაგოგები თავისივე სურვილით ეხმარებიან და გამოცდილებას უზიარებენ ახლებს’’ - ამბობს თამილა ცხოვრებაძე.

,,ენერგიული, კრეატიული, მოტივირებული მასწავლებელი ახალგაზრდაც მინახავს და გამოცდილი, ხანშიშესულიც. ასაკისა და გამოცდილების მიხედვით ვერ იმსჯელებთ და სწორ დასკვნასაც ვერ დადებთ’’ - ამბობს დუშეთის ნომერ მეორე საჯარო სკოლის პედაგოგი ლია ჯაბანაშვილი. ახალგაზრდა მასწავლებლებზე კი თამამად ამბობს, რომ მათთან არაფერი საწინააღმდეგო არა აქვს. ,,ძალიან მოწადინებულნი, სიახლეებში აქტიურად ჩართულნი, არც შეკითხვისა ერიდებათ და ეთაკილებათ. უბრალოდ აქტიურები არიან, ენერგიულები, ბავშვებთანაც ადვილად ამყარებენ კარგ ურთიერთობას’’.

ნატალია ბერიაშვილი სამი წელია რაც პედაგოგად მუშაობს, სერტიფიცირებაც გაიარა ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში. ამბობს, რომ ახალგაზრდა პედაგოგებს ყველაზე მეტად დაუცველობა აწუხებთ. ,,პედაგოგებს ყველაზე მეტად დაუცველობა აწუხებთ, განსაკუთრებით დამწყებთ, მე თვითონ დამწყები მასწავლებელი ვარ და არამიმღებლურ დამოკიდებულებას ხშირად სასოწარკვეთილებაში ჩავუგდივარ, მერე ძალიან ძნელია მუშაობა გააგრძელო, თითქოს არაფერი მომხდარა. ჩემი აზრით, კანონმდებლობამ ცალსახად უნდა განსაზღვროს, რა და როგორ ნაწილდებოდეს სკოლაში, ადამიანი წარმატების მიღწევისას უნდა დაფასდეს და არავითარ შემთხვევაში არ უდა "დაისაჯოს". ახალი მასწავლებლები სკოლაში აუცილებელია, საჭიროა ახალი კადრი, ვიცი, რომ ბევრი სერტიფიცირებული მაღალკვალიფიციური კადრი ელოდება დასაქმებას, მათაც უნდა მიეცეთ შანსი, თუნდაც გამოსაცდელი ვადით იმუშაონ’’ - აღნიშნავს ნაფარეულის საჯარო სკოლის პედაგოგი ნატალია ბერიაშვილი.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნონა ფიფია სოფლის საჯარო სკოლაში ასწავლის, პენსიის მიღებამდე 7 წელი დარჩა და შემდეგ სკოლიდან წასვლასაც აპირებს. როგორც ის ამბობს, სოფელში ოპტიმაზიციის შედეგად ორი სკოლა გააერთიანეს, სკოლაში ახალგაზრდა მასწავლებელი არ ჰყავთ. ,,ახალგაზრდა პედაგოგთა პრობლემა მაინც ის მგონია, რომ მათთვის ადგილი არაა. პენსიონერი პედაგოგები არ ტოვებენ სკოლას. ძალით ხომ ვერ გააგდებ? და ძალიან ბევრი ახალგაზრდაა დარჩენილი სამუშაოს გარეშე. ახალგაზრდებს არ აქვთ დაფასება’’ - ამბობს ნონა ფიფია. ის პრობლემად მიიჩნევს ასევე სკოლების დირექციის დამოკიდებულებასაც. ,,მე ვფიქრობ, რომ სკოლების უმრავლესობაში, სოფლებში მაინც, დირექცია „დახავსებულია’’. როცა დირექტორი თავად ვერ აბარებს ვერცერთ გამოცდას, სხვას რა უნდა მოსთხოვოს? ამიტომაც არა აქვთ იმის მორალური უფლება, 70 წლის პედაგოგს უთხრან, დაისვენე და ახალგაზრდას დაუთმე ადგილი-ო. არ ვამბობ, რომ ყველა ახალგაზრდა პედაგოგი კარგია, მაგრამ გამოცდაზე მათ უფრო გამოიჩინეს თავი, ვიდრე წინა თაობის პედაგოგებმა’’ - აღნიშნავს ნონა ფიფია.

მასწავლებლის პროფესიაში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრის მოზიდვა და შენარჩუნება ქვეყნის ზოგადი განათლების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ამოცანაა. უმაღლეს სასწავლებელში მიღებული ცოდნა და განსაკუთრებით სასკოლო პრაქტიკისთვის განკუთვნილი დრო არასაკმარისია იმისათვის, რომ ახალბედა მასწავლებელმა პროფესიული უნარი შეიძინოს და განავითაროს. აღნიშნულ საკითხზე აქტიურად მუშაობს საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2008 წლიდან ცენტრი თავის საქმიანობას ორი უმთავრესი პრიორიტეტული მიმართულებით ახორციელებს: მოქმედი მასწავლებლების პროფესიული განვითარება, კვალიფიციური კადრების მოზიდვა, მათი მომზადებისა და პროფესიაში შენარჩუნების ხელშეწყობა. ცენტრის პროგრამებს შორის ერთ-ერთია მაძიებლობის პროგრამა - დამწყები მასწავლებლებისთვის პედაგოგის პროფესიაში შესვლის ხელშეწყობა.

მაძიებელი შეიძლება, გახდეს უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელსაც განზრახული აქვს მასწავლებლობა და დროებით ასწავლის სკოლაში პედაგოგის პროფესიული უნარის შეძენის მიზნით. წელიწადში ერთხელ პროგრამაში ცხადდება მაძიებლობის მსურველთა კონკურსი, რომლებიც შესაბამის საბუთების წარდგენის საფუძველზე რეგისტრირდებიან რესურსცენტრებში. ცენტრი უზრუნველყოფს, რომ მაძიებლობის ყოველ მსურველს ჰქონდეს ერთ-ერთ სკოლაში გასაუბრებაზე მისვლის საშუალება. გასაუბრებას ატარებს სკოლის კომისია. სხვა წევრებთან ერთად, კომისიის შემადგენლობაში შედის მენტორი-გამოცდილი, კვალიფიციური და სერტიფიცირებული მასწავლებელი, რომლიც ხელმძღვანელობს მაძიებლობის პერიოდს. სკოლის შესარჩევი კომისია იღებს მაძიებლის/მაძიებლების აყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას.

მაძიებლობის პროგრამის როლის, მაძიებლობის პერიოდის გავლის, მისი მოვალეობის შესახებ საუბრობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საზოადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი ნინო შურღაია გვესაუბრება: ,,მაძიებლობის პერიოდის გავლა შესაძლებლობას აძლევს დამწყებ მასწავლებელს-მაძიებელს გამოცდილი პედაგოგის-მენტორის დახმარებით გამოიმუშაოს სწავლების აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევა და განიმტკიცოს თეორიული ცოდნა. მაძიებლობის პერიოდის პირველ ეტაპზე მაძიებელი ეცნობა მენტორს, სკოლას, ესწრება მენტორის გაკვეთილებს, აკეთებს ჩანიშვნებს, აკვირდება გაკვეთილის მიმდინარეობას და გაკვეთილის შემდეგ აანალიზებს მენტორთან ერთად, მენტორთან თანამშრომლობით იღებს ინფორმაციას სწავლების თანამედროვე მეთოდების, სტრატეგიების, ეროვნულ სასწავლო გეგმის შესახებ, აქვს საშუალება, დაესწროს სკოლაში სხვა პედაგოგების გაკვეთილებს, თავად ჩაერთოს გაკვეთილის რომელიმე კომპონენტში და მაძიებლობის პერიოდის ბოლოს ჩაატაროს დამოუკიდებელი სადემონსტრაციო გაკვეთილები’’ - ამბობს ნინო შურღაია.

მაძიებლობის პროგრამის ფარგლებში, მაძიებლების უმრავლესობის საჭიროებიდან გამომდინარე ტარდება პროფესიული უნარის განვითარებისა და სხვა მიმართულების ტრენინგები, სამუშაო შეხვედრა და საგნობრივი სემინარები. 2012 წლამდე მაძიებლობის პერიოდის გავლა ან ერთწლიანი პედაგოგიური გამოცდილება აუცილებელი წინაპირობა იყო მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასასვლელად. ,,ამ ეტაპზე ეს ვალდებულება არ არსებობს - მსურველს შეუძლია, სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლა და მასწავლებლობის დაწყება მაძიებლობის გარეშეც, თუმცა, მაძიებლობის გამოცდილება დიდ უპირატესობას აძლევს დამწყებ პედაგოგებს პროფესიული უნარების ფლობის, საგნის ცოდნის, სასკოლო გარემოსთან შეგუების, კლასის მართვისა და სხვა თვალსაზრისით. ამის მაგალითია, თუნდაც, წლევანდელი ფაქტი, როდესაც მაძიებლობის პროგრამის გავლის სურვილი გამოთქვეს სერტიფიცირებულმა ახალბედა მასწავლებლებმა, რომლებსაც არ გააჩნდათ სწავლების პრაქტიკული გამოცდილება’’ - აღნიშნავს ნინო შურღაია.

ლიკა მამრიკიშვილია მაძიებელი მასწავლებელია. მან მაძიებლობის პროგრამა 2011-2012 წლებში გაიარა, მისი თქმით, პროგრამით მიღებული გამოცდილება ძალიან დიდია. ,,ის პერსპექტივა, რომ პროგრამას მოეცა გარკვეული ცოდნა და გამოცდილება, როგორც პედაგოგისთვის, აშკარად შესრულებული და მიღებულია, მაგრამ უარყოფით თვისებად მიიჩნევს იმას, რომ დასაქმების შანსი მაინც ვიწროა. ,,სულ რომ თავი მოიკლა, არავის აინტერესებს აგიყვანოს სასმსახურში. ძალიან რთულია ფეხის მოკიდება. დღეს არაა დიდი შანსი, რომ ცოდნა უფრო გაიღრმავო და შედგე როგორც პედაგოგი’’ - ამბობს ლიკა მამრიკიშვილი.

მეგი კუთხაშვილმა მასწავლებელთა სახლში უკვე 2 წელია მუშაობს. ამავე დროს ქ. თბილისის 83-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგია და კარგად იცნობს სკოლებში არსებულ სიტუაციასაც, იცის, რა სჭირდება მასწავლებელებს პროფესიული გაზრდისთვის. ,,მასწავლებელს საშუალება აქვს, თავად აირჩიოს გზა, შეუძლია, გაჩერდეს ერთ საფეხურზე და შეეგუოს მის ადგილს. გზა ხსნილია უამრავი მიმართულებით, შეუძლია, გახდეს მაღალი დონის პედაგოგი, რასაც ბევრი შრომა და მიზანდასახულობა სჭირდება, მასწავლებლის სახლი სწორედ ამას ემსახურება, ის მუდმივად ახერხებს მასწავლებლების გადამზადებას, მათ ინფორმირებასა და პროფესიულ ხელისშეწყობას, სთავაზობს უამრავ კონფერენციას, კონკურსს. აღნიშნულ აქტივობაში ჩართვა კი დადებითად წაადგება ყველა პედაგოგს. ჩვენთან ხდება პედაგოგების აზრების ურთიერთგაცვლა და გამოცდილების გაზიარება’’ - ამბობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაწყებითი განათლების ტრენერი, მენტორ-მასწავლებელი მეგი კუთხაშვილი. ის, როგორც მასწავლებელი, საკუთარ თავზეც მუშაობს და ესწრება მასწავლებელთა სახლის მიერ შეთავაზებულ ტერნინგებსა თუ სემინარებს. როგორც ის ამბობს, შეთავაზებული ინფორმაცია ყოველთვის ნაყოფიერია და მასწავლებელთა სურვილებზეა მორგებული.

,,მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენციაზე სახელწოდებით "საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა", რომელიც წელს პირველად ჩატარდა, მოვისმინე არაჩვეულებრივი თემები, მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მართლაც საჭიროა მასწავლებელთა სახლის მიერ განხორციელებული ტრენინგების მოსმენა, ამ კონფერენციაზე კარგად ჩანდა ტრენინგების შედეგი, ყველა თემა მორგებული იყო თანამედროვე მოთხოვნასა და მეთოდოლოგიაზე. მეც ტრენერი ვარ და მერწმუნეთ, ნამდვილად დიდი შემართებით ვართ და ვინ გაუგებს იმაზე კარგად პედაგოგებს, როგორც ჩვენ. ჩვენ ხომ ერთი საქმისთვის ვართ, ერთ საქმეს ვემსახურებით, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს. მასწავლებლის სახლის ყველა ტრენინგი ნაყოფიერი და საჭიროა’’ - ამბობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაწყებითი განათლების ტრენერი, მენტორ-მასწავლებელი მეგი კუთხაშვილი.

,,ტრენინგები მასწავლებელს სჭირდება მეთოდურ ნაწილში, რაც ეხმარებოდა კიდეც გამოცდების ჩაბარებაში, მეც ძალიან დამეხმარა, ოღონდ ერთია, მასწავლებელი თავად თუ ვერ ფლობს საგნის მინიმალურ კომპეტენციას, ტრენინგი ვერ დაეხმარება, ეს მაჩვენებელი კი გამოცდებმაც დაადასტურა“ - აღნიშნავს ნაფარეულის საჯარო სკოლის პედაგოგი ნატალია ბერიაშვილი. მისივე თქმით, მეტი სიფრთხილით უნდა შეირჩეს საჭირო ტრენერები. ,,ზოგი ტრენინგიდან ძალიან ბევრი ცოდნა წამომიღია, ზოგჯერ კი ზრდილობის გამო, წამების თვლაში გამიტარებია, მაშინ მესმოდა ხოლმე მოსწავლეების, რომლებიც 45 წუთს ვერ ძლებენ არასაინტერესო თემების გამო’’ - ამბობს ის.