,,კაი ბიჭის’’ მენტალიტეტი ახალგაზრდებში
18 იანვარი, 2014
 ,,კაი ბიჭის’’ მენტალიტეტი ახალგაზრდებში ბეჭდვა FaceBook Twitter
,,ქურდი ვარ’’ - სულ რამდენიმე წლის წინ ეს ფრაზა ახალგაზრდებში, მოზარდებში პოპულარული იყო და თუ მართლა ქურდული მენტალიტეტი გქონდა, საქმეებს კარგად ,,არჩევდი’’ - კაცი იყავი და დაფასება გქონდა. წინა მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის იყო არასრულწლოვნებში კრიმინალთან ბრძოლის ეფექტური ხერხების დანერგვა. მიიჩნევა, რომ „ძველი ბიჭის“ ინსტიტუტი ახალგაზრდა ადამიანის კრიმინალად ჩამოყალიბების ერთ-ერთი საფუძველია. იმისთვის, რომ ,,ქურდული მენტალიტეტი’’ ისევ არ იქცეს საამაყო ფაქტად ახალგაზრდებისთვის, აუცილებელია, მათ ცნობიერებაზე ბაღის, სკოლის ასაკიდან დაიწყოს ზრუნვა მომვლელმა თუ მასწავლებელმა. საინტერესოა, ამ მხრივ რა მდგომარეობაა დღეს. რას გვაჩვენებს ახალგაზრდებში ძალადობის სტატისტიკური მაჩვენებელი და რას აკეთებს სახელმწიფო ახალგაზრდებში ძალადობისადმი ჯანსაღი შეხედულებისა თუ დამოკიდებულების დასანერგად?

საკითხის გავრცობამდე მოკლედ განვიხილოთ რას ნიშნავს ქურდული სამყარო? და როდის შეიქმნა ის: ქურდული ინსტიტუტის ჩამოყალიბების ზუსტი დროსა და ადგილის შესახებ თანამედროვე კრიმინალისტიკას ცალსახა პასუხი არ გააჩნია. მკვლევართა ნაწილი კანონიერი ქურდების წინამორბედებად ე.წ. ჟიგანებს მიიჩნევს. თუმცა, ყველაზე სარწმუნო ვერსიად, სტალინის რეჟიმის მიერ კანონიერი ქურდის ინსტიტუტის ხელოვნურად შექმნა არის მიჩნეული. მასობრივი რეპრესიების პირობებში, საკონცენტრაციო ბანაკები პატიმრებით იყო გავსებული და ბუნტისგან თავის დასაღწევად, საჭირო იყო პატიმართა შორის დიდი ავტორიტეტის მქონე არაფორმალური ზედამხედველის არსებობა. ქურდულ სამყაროს მკაცრად განსაზღვრული დაუწერელი კანონები და იერარქია გააჩნია. იერარქია მოქმედია, როგორც სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების შიგნით, ასევე მათ ფარგლებს გარეთ.


არსებობს ასევე ქურდული იდეოლოგია, რომელიც პუნქტებად მოიცავს მის მიმდევრებში აუცილებლად გასათვალისწინებელ ქცევას: ქურდული იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატია ყოველგვარი სახელმწიფოებრიობის უარყოფა. ქურდული ტრადიციების მიმდევარს არც ერთი დღე არ უნდა ჰქონდეს ნამუშევარი საჯარო სამსახურში, არ უნდა ჰქონდეს გადახდილი გადასახადი, არ უნდა იყოს ნამსახურები ჯარში, არ უნდა სცემდეს პატივს ქვეყნის კონსტიტუციას, სახელმწიფოსა და მასთან დაკავშირებულ ყველა ატრიბუტიკას. ყოველივე ამის ერთობლიობა, მძლავრ ანტისახელმწიფოებრივ სეგმენტს ქმნის.

23 წლის დათო გიგაური მიიჩნევს, რომ ქურდული მენტალიტეტის მქონე ახალგაზრდები მრავლად არიან და გავლენას ახდენენ სხვებზე. ,,ქურდულ მენტალიტეტს ძალიან დიდი ისტორია აქვს. ეს წლების წინ ჩამოყალიბებული ჭირია, რომელიც ვერა და ვერ მოშორდა. ეს უფრო კომუნიზმის ეპოქაში დაბადებული მენტალიტეტია, რომელსაც დაუფიქრებლად ბაძავენ. ეს გავლენა აღარ არის, ეს მიბაძვაა. 90-იანებში ჰქონდა დიდი გაბრწყინება და დღემდე იქნევს კუდს. იმედია, მალე მოვიშორებთ ამ ჭირს’’ - აღნიშნავს დათო.

რა ფაქტორები ახდენს გავლენას მოზარდზე, როდესაც მას მიდრეკილება უჩნდება კრიმინალისკენ, დანაშაულის ჩადენისაკენ? ამ საკითხზე პიროვნების ფსიქოფიზიკური და სოციალური პოტენციალის ჰარმონიული განვითარების ცენტრის "ინსაითი" ფსიქოლოგი ზურაბ ქარჩავა საკუთარ მოსზრებას აყალიბებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მოზარდის გარშემო არსებული სოციუმი და მათი ქცევა, რადგანაც მოზარდის ქცევა შემდგომში მათი მოქმედების ანარეკლია: ,,ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია, ვთქვა, ამ ასაკში რწმენა–შეხედულებისა და პიროვნული ღირებულების როლი უფრო ძლიერი და წონადია, ვიდრე გარემოში არსებული საფრთხე. ამავე დროს არსებობს კონკრეტული ჯგუფისადმი მიკუთვნების ცნებაც, სადაც არსებობს შიდა წეს–ჩვეულებები, ღირებულებები, ლიდერი და სხვა საინტერესო ასპექტი’’. როგორც ის აღნიშნავს, მოზარდმა შეიძლება ჯგუფის დასანახად, ყველას თვალწინ „გამოიჩინოს“ „გმირობა’’ და გაკვეთილის მსვლელობისას მასწავლებელს სკამი ესროლოს. ეს ყველაფერი მის მიერ ოჯახში დანახულის განმეორებაა. იმის შესახებ, თუ როგორი დამოკიდებულებაა საჭირო დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილი ახალგაზრდებისადმი, ის განმარტავს: ,,ბიოლოგიური მომწიფების პერიოდი მოზარდისთვის ერთ-ერთი რისკფაქტორია, რომელმაც შეიძლება, განაპირობოს საზოგადოებრივი ნორმების დარღვევა და თუ ამასთან ერთად მოზარდს არ აქვს ძლიერი სოციალური მხარდაჭერის, ანუ ოჯახში თბილი და დადებითი ემოციური გარემოს, თვითრეალიზების საშუალება, ეს ყველაფერი დევიაციური ქცევის წისქვილზე მეტ წყალს ასხამს. თუ, მაგალითად, სკოლის ფსიქოლოგმა აღმოაჩინა, რომ მოზარდს აქვს ასეთი ქცევისკენ ტენდენციურობა, ასეთ დროს ჩარევა აუცილებლად რბილი და ფრთხილი უნდა იყოს’’ - ამბობს ფსიქოლოგი ზურაბ ქარჩავა. მისივე თქმით, არსებობს ისეთი ტიპოლოგიებიც, როდესაც მოზარდი თამაშობს ,,ძველი ბიჭის’’ როლს, თუმცა, შინაგანად სულ სხვა ადამიანები არიან. ასეთ დროს მოზარდთან კონტაქტის დასამყარებლად აუცილებლად მიიჩნევს საკითხის პროფესიულად ცოდნას.

საინტერესოა, ასეევე ფსიქოლოგის რჩევა იმაზე, თუ როგორ უნდა მოექცეს საზოგადოება და სახელმწიფო დევიანტური ქცევისკენ მიდრეკილ მოზარდებსა და ახალგაზრდებს: ,,ეს ძალიან დიდი საქმეა, სადაც მთელი სახელმწიფო უნდა იყოს ჩართული, სახელმწიფოს თითოეული მოქალაქე. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გაგვაჩნდეს თემის შესახებ საჭირო ცოდნა. რადგან თაობათა ცვლა მიმდინარეობს და ამასთან ერთად იცვლება ღირებულებები, წეს-ჩვეულებები და რწმენა-შეხედულებები. სახელმწიფო, სამთავრობო დონეზე უნდა შეიქმნას ადამიანის ჯანსაღი ცნობიერებისა და ჰარმონიული ზრდის სტრატეგია, რომელიც თავის საქმიანობას სამშობიაროდან დაიწყებს, ყურადღებას გადაიტანს საბავშვო ბაღებზე, სკოლებსა და უნივერსიტეტებზე“.

საქართველოს მთავრობის მიერ 2012 წლის 2 ოქტომბრის „საქართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის“ დამტკიცების შემდეგ საჯარო სკოლებში „სამართლებრივი კულტურის“ გაკვეთილები ტარდება.

სტრატეგიის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენს დანაშაულის პრევენციის მიზნით, დანაშაულის საფრთხეების შესახებ მოზარდების სამართლებრივი ინფორმირება. ,,მოსწავლეების მხრიდან სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების, სამართლებრივი ვალდებულებისა და ორგანიზებული დანაშაულის საფრთხეების სწორად გააზრებისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით, აშშ-ს მთავრობის დაფინანსებით, „სამართლებრივი კულტურის“ სწავლება 2008 წლიდან მე-9 კლასში სამოქალაქო განათლების კურსის ფარგლებში ხორციელდება. ამ მიზნით, გადამზადდნენ, როგორც მასწავლებლები, ასევე ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სამართალდამცველები. მოსწავლეებს გაკვეთილებს სამოქალაქო განათლების მასწავლებელი კონსულტანტ-სამართალდამცველთან ერთად უტარებს და მოსწავლეებს მათთვის საინტერესო კითხვებზე კომპეტენტურ პასუხებს სცემს’’ - განმარტავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, პრესცენტრის მთავარი სპეციალისტი ლალი როზომაშვილი.
მისივე თქმით, პროექტის მეორე ნაწილი 2010 წლიდან მე-7 კლასში სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და „სამართლებრივი კულტურის საწყისების“ 14-საათიან კურსს მოიცავს. კლასის დამრიგებელი მოსწავლეებს გაკვეთილს მანდატურთან ერთად უტარებს. ამ მიზნით, პირველ ეტაპზე 10 სკოლის მანდატური სპეციალურად გადამზადდა და კურსის პილოტირება განხორციელდა.

„სამართლებრივი კულტურის“ საგნის სწავლება მოიცავს ინტერაქტიულ გაკვეთილებს, სადაც განიხილება ის რეალური მაგალითები, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში სამართალდამცველები არასწრულწლოვნებთან მიმართებაში აწყდებოდნენ. კურსი მოიცავს ასევე ექსკურსიებს სამართალდამცველ სტრუქტურებში, რათა მოზარდებს წარმოდგენა ჰქონდეთ, რა საქმიანობას ეწევიან დანაშაულის გამოვლენის კუთხით’’ - ამბობს ლალი როზომაშვილი. მისივე თქმით, მე-7-9 კლასების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის სასწავლო რესურსები - მოსწავლის სახელმძღვანელო და მასწავლებლის მეთოდური წიგნი უკვე ხელსმისაწვდომია. სახელმძღვანელოები აიტვირთება ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალზე და ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის ნებისმიერი სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის.

იმისათვის, რომ გარკვეული წარმოდგენა გვქონდეს როგორი ტენდენციით იკლებს ან იმატებს დანაშაულის ჩადენის სტატისტიკა ახალგაზრდებში ბოლო 2 წლის განმავლობაში და როგორია განსხვავება წლების მიხედვით, გთავაზობთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციას ტერიტორიულ დანაყოფებში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკურ მონაცემებს 2012-2013 წლების 11 თვის მიხედვით.

2013 წლის განმავლობაში სულ ჩადენილია - 26 628 დანაშაული, რაც 8 492-ით ნაკლებია 2012 წელს დაფიქსირებულ ჩადენილ დანანაშაულთან შედარებით. 2012 წლისგან განსხვავებით მაღალია 2013 წელს ჩადენილი დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელი. ახალგაზრდების მიერ 2013 წელს ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა ყველა პუნქტში შემცირებულია 2012 წელს ჩადენილი დანაშაულისგან განსხვავებით. ყველაზე მძიმე დანაშაული - მკვლელობა 14 ერთეულითაა შემცირებული. ამის შემდეგ კი შესამჩნევადაა შემცირებული გაუპატიურება და ხულიგნობა.

ყველაზე დიდი ერთეულითაა შემცირებული თაღლითობა. 2012 წელს დაფიქსირებული თაღლითობის რაოდენობაა 2 036, ხოლო 2013 წელს ის 870-ს უდრის. 7 ერთეულითაა გაზრდილი ყაჩაღობა, 2012 წელს დაფიქსირებულია ყაჩაღობის 8 ფაქტი. გაზრდილია ასევე ბინის გაქურდვის ფაქტი. 2012 წელს ის შეადგენდა 1 226 ერთეულს, 2013 წელს კი დაფიქსირებულია ბინის გაქურდვის 1 596 ფაქტი.