„ახალგაზრდა სოციოლოგთა გაერთიანება“
29 მარტი, 2014
„ახალგაზრდა სოციოლოგთა გაერთიანება“ ბეჭდვა FaceBook Twitter
"ახალგაზრდა სოციოლოგთა გაერთიანება" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდა სტუდენტების მიერ. მისი მიზანია, სტუდენტების ჩართვა სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობაში.

"ახალგაზრდა სოციოლოგთა გაერთიანების" შექმნის მიზანია ახალგაზრდებმა თეორიულ სწავლასთან ერთად მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და გაიღრმაონ სოციოლოგიური უნარ-ჩვევები. ჩვენ ორიენტირებულები ვართ პრობლემური კვლევითი პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაზე, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და სხვადასხვა საგანმანათლებლო, კულტურული აქტივობის ორგანიზებაზე" - განაცხადა ჩვენთან საუბრისას ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მაკო ცუცქირიძემ.

"ახალგაზრდა სოციოლოგთა გაერთიანება" 2012 წლის ნოემბერში დაარსდა. გაერთიანებაში მოხვედრა ნებისმიერ მსურველს შეუძლია არა მხოლოდ ილიაუნის სტუდენტებიდან. ცოტა ხნის წინ დასრულდა განცხადებების მიღება და გაერთიანების ადმინისტრაციას ბევრი აპლიკაციის განხილვა მოუწია. გეგმავდნენ 20 სტუდენტის მიღებას, თუმცა მიიღეს 28 სტუდენტი და ამჟამად გაერთიანების წევრთა რაოდენობაა 44. გაწევრიანებისათვის საჭირო იყო: სტუდენტს ჰქონოდა ზოგადი განათლება სოციოლოგის შესახებ და ყოფილიყო მოტივირებული, კრეატიული.

გაერთიანების ძირითადი დამფინანსებელი უნივერსიტეტია მათ მიერ განხორციელებული კვლევების მიხედვით, თუმცა, სამომავლოდ გეგმავენ სხვა სახსრების მოძიებასაც, მასშტაბური კვლევების ჩატარებას, ტრენინგებისა და სხვადასხვა ღონისძიების გამართვას, რომლებიც ახალგაზრდებისა და სტუდენტების საზოგადოებრივ აქტივობაში ჩართვას ითვალისწინებს.