“მარაბდის ახალგაზრდული ასოციაცია“ უკეთესი მომავლისთვის
09 ივნისი, 2014
       “მარაბდის ახალგაზრდული ასოციაცია“ უკეთესი მომავლისთვის ბეჭდვა FaceBook Twitter
არასამთავრობო ორგანიზაცია "მარაბდის ახალგაზრდული ასოციაცია" 2013 წელს შეიქმნა.

მისი დამფუძნებელი ამავე სოფლის მკვიდრი გიორგი ავჭალელია, რომელსაც სურდა ახალგაზრდების ჩაბმა სოფლისთვის მნიშვნელოვან საქმეებში. ორგანიზაციის დაარსების იდეა მაშინ დაიბადა, როდესაც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. ფონდის ერთ-ერთი მიმართულება გარემოს დაცვა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება იყო. გიორგი შეეცადა, შეეკრიბა ამავე სოფელში მცხოვრები ახალგაზრდები და მათთან ერთად დააარსა "მარაბდის ახალგაზრდული ასოციაცია". აღსანიშნავია, რომ ამ ასოციაციაში გაწევრიანებული ყველა ახალგაზრდა მოხალისედ მუშაობდა და უსასყიდლოდ დაეხმარა თავის სოფელს.

სოფელი მარაბდა მოშორებულია ცენტრალურ გზას. სოფელს არ ემსახურება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რის გამოც მოსახლეობას 3 კილომეტრის გავლა ფეხით უწევს. ამ ადგილისთვის შეიძლებოდა უდაბნოც გეწოდებინათ, რადგან გზაზე არ იყო ხე. ასოციაციის ხელმძღვანელის დიდი სურვილი იყო, ხეები დარგულიყო გზის ორივე მხარეს. ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში მარაბდაში 450 კაკლის ხე დაირგა, ნაყოფით სარგებლობას ადგილობრივი მაცხოვრებლები შეძლებენ. გარდა ხეების დარგვისა, ორგანიზატორისა და ორგანიზაციის წევრების ინიციატივით, სოფელში მოწესრიგდა ნაგავსაყრელის პრობლემა. ახლა მარაბდაში არსებობს შემოღობილი ორმოები, სადაც იყრება გამოუსადეგარი ნივთები. გიორგი ავჭალელის თქმით, ეს არ არის საუკეთესო გამოსავალი, თუმცა, მწირი დაფინანსების გამო უფრო მეტის გაკეთება ვერ შეძლეს. დასუფთავების პრობლემის მოგვარებაში დიდი წვლილი მიუძღვის ასევე სოფლის სკოლის დირექცია და მუნიციპალიტეტს.

ასოციაციის წევრები კვირაში ერთხელ ხვდებიან ერთმანეთს და გეგმავენ, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი სოფლისთვის სასიკეთოდ. მათი თავშეყრის ადგილი სოფლის ერთ-ერთი სახლია.

"ბევრმა არ იცის, როგორ გამოიყენოს თავისუფალი დრო, ჩვენი მისია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა" - აღნიშნა გიორგი ავჭალელმა.