სტუდენტთა აქტიური ცხოვრების ხელშეწყობისათვის
სტუდენტთა აქტიური ცხოვრების ხელშეწყობისათვის ბეჭდვა FaceBook Twitter
არასამთავრობო ორგანიზაცია ST 2012 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ დაარსდა.
ორგანიზაცია მიზნად ისახავს სტუდენტთა აქტიური ცხოვრების ხელშეწყობას და მათთვის იმ უნარების განვითარებას, რაც აუცილებელია საკუთარი შესაძლებლობების წარმატებული რეალიზაციისათვის. ის ეხმარება სტუდენტებს ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებსა და ღონისძიებებზე ინფორმაციის მიღებაში. ჩვენ შთ-ის საქმიანობისა და მიზნების უკეთ გასაცნობად გავესაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაცია "შტუდენტს თოგეტჰერ"-ის პრეზიდენტ რუსა გონგლაძეს.

რუსა, მოგვიყევით თქვენი ორგანიზაციის შექმნის შესახებ.

ორგანიზაციის დამფუძნებლები პირველი კურსიდან ერთად ვართ. ვახორციელებდით სხვადასხვა პროექტს და ერთად ვიღებდით მონაწილეობას კონფერენციებში. ჩვენთან მოდიოდნენ სტუდენტები, რომელთაც სურდათ ინფორმაციის მიღება, განსაკუთრებით საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამების შესახებ, მათ არ იცოდნენ, ვისთვის მიემართათ ამ ინფორმაციის მისაღებად. ამიტომ გადავწყვიტეთ, დავხმარებოდით. 2012 წლის მაისში გადავწყვიტეთ ჩვენი საინიციატივო ჯგუფისთვის ორგანიზაციის სახე მიგვეცა, რათა მეტად შეგვეწყო ხელი სტუდენტებისთვის, რომ აქტიურად ჩართულიყვნენ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.

რა პროექტები განახორციელა თქვენმა ორგანიზაციამ?

ორგანიზაციამ რამდენიმე პროექტი განახორციელა. დეკემბერში ჩავატარეთ სტუდენტებისთვის აქტუალურ თემაზე ტრენინგი CV-ისა და სამოტივაციო წერილის მომზადებაში. ასევე ჩვენთან მოდიან სხვადასხვა უნივერსიტეტიდან სტუდენტები, რომლებსაც ვეხმარებით. ახლა ჩვენ ვმუშაობთ პროექტზე "სტუდენტები გამჭვირვალობისათვის", რომელსაც აფინანსებს "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო". ამ პროექტის ფარგლებში შერჩეულია ოთხი უნივერსიტეტი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელთა შერჩევა მოხდა სხვადასხვა კრიტერიუმითა და სტატისტიკური მონაცემით. ამ პროექტში ჩართულნი არიან აღნიშნული უნივერსიტეტის სტუდენტები.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის ფინანსური ინფორმაციის გამჭვირვალობას, ამისთვის ვატარებთ ინტერვიუებს, გამოკითხვებს, როგორც სტუდენტებთან, ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრებთან, ვეცნობით სხვადასხვა მასალას, ვაანალიზებთ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების ბიუჯეტს. ჩვენი მიზანია, ადმინისტრაციისა და სტუდენტების დახმარება. სტუდენტი უნდა იყოს მაქსიმალურად ჩართული და ინფორმირებული, მან უნდა იცოდეს, თუ რამდენად მიზანმიმართულად ხდება თანხების განკარგვა. შეიძლება უნივერსიტეტი ახორციელებს სხვადასხვა პროექტს, მაგრამ სტუდენტისთვის ინფორმაცია იყოს მიუწვდომელი. ასევე ვაანალიზებთ ბიუჯეტის პრიორიტეტებს. ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ ბიბლიოთეკების საკითხზე, რადგან სტუდენტების თქმით, არ არის საკმარისი წიგნები. ჩვენი მიზანი კი არის, გავარკვიოთ, თუ რამდენად უზრუნველყოფილია უნივერსიტეტების ბიბლიოთეკა წიგნებით და რამდენად ახალია. ვინაიდან ბიბლიოთეკაში შეიძლება იყოს წიგნები, მაგრამ არ იყოს ახალი და გამოყენებადი.

თქვენს ინიციატივას როგორ შეხვდა უნივერსიტეტის ადმინისტრაცია?

ადმინისტრაციასთან ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრა და უნდა აღვნიშნო, რომ ისინი ჩვენთან თანამშრომლობენ და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდა. ჩვენ ყოველ უნივერსიტეტში ვაყალიბებთ სამუშაო ჯგუფებს, სადაც შევლენ უნივერსიტეტის ლექტორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და საბჭოს წევრები, რომლებიც გაეცნობიან ჩვენს დასკვნას და შეიტანენ შესწორებას. ეს ჯგუფი იქმნება, რათა ჩვენ საქნიანობას განსხვავებული ინტერპრეტაცია არ მიეცეს, რადგან ჩვენ არ ვემსახურებით დანაშაულის აღმოჩენას, ჩვენი მთავარი მიზანია, ადმინისტრაციისა და სტუდენტის დაახლოება, სწავლის ხარისხის გაუმჯობესება.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ამ პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ გავიდეთ რეგიონებში. იგეგმება გორისა და ქუთაისის უნივერსიტეტების ჩართვა და შედეგებზე დაკვირვება, თუ რა სხვაობაა თბილისისა და რეგიონის უნივერსიტეტებს შორის. ასევე კარგი იქნება, თუ მათი სტუდენტებიც აქტიურად ჩაერთვებიან ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობაში. იგეგმება ასევე წინსვლა ტრენინგების ჩატარებაში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რათა რაც შეიძლება მეტ სტუდენტს დავეხმაროთ ჩაერთონ საზღვარგარეთ გაცვლით პროგრამებში, ასევე ვცდილობთ, საგრანტო პროექტებზე ვიმუშაოთ. ჩვენს საიტზე დევს ორგანიზაციაში გაწევრიანების მსურველთა აპლიკაცია, რითაც ბევრი სტუდენტი დაინტერესდა. ორგანიზაციის რამდენიმე წევრმა უკვე დაწერა ახალი პროექტი, რომელთა დაფინანსებას ველოდებით. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ სხვადასხვა უნივერსიტეტში ჩავატაროთ პრეზენტაცია და სტუდენტებს მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.