ახალგაზრდა სოციალური მუშაკები ცვლილებებისთვის
ახალგაზრდა სოციალური მუშაკები ცვლილებებისთვის ბეჭდვა FaceBook Twitter
ცოტა ხნის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა ახალი არარეგისტრირებული თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური გაერთიანება "ახალგაზრდა სოციალური მუშაკები ცვლილებებისათვის", რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა საინტერესო პროექტის განხორციელებას. ეს დაეხმარება სტუდენტებს განათლების დონის ამაღლებასა და პრაქტიკის შემუშავებაში სოციალური მუშაობის მიმართულებით. გაერთიანების დამფუძნებლები არიან ამავე უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები: ნინო ბარნაბიშვილი, ქეთი ჩიტაშვილი, ნინო ლეკიშვილი, სოფიო ბედოშვილი, გვანცა მიქაუტაძე, თამუნა გიორგაძე, ბექა გოთუა, ქეთი ქიტიაშვილი.


გაერთიანების მიზანია სოციალური მუშაობის მიმართულების განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა; საზოგადოებისა და მისი კონკრეტული ჯგუფების, განსაკუთრებით, სტუდენტების დაინტერესება და ინფორმირება თანამედროვე სოციალური პრობლემებით და ამ სტუდენტების ახალი ინიციატივისა და იდეის ხელშეწყობა-წახალისება.

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური გაერთიანების წევრი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი კურსისა და ნებისმიერი მიმართულების სტუდენტი, რომელსაც აინტერესებს სოციალური სამუშაო და სოციალური პრობლემები.
ზოგადად, სოციალური მუშაობა არის პროფესია, რომელიც ემსახურება დაუცველთა, უმწეოთა, ღარიბთა და სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინირებულთა დაცვას. მისი ვალდებულებაა ინდივიდთა, ჯგუფებისა თუ საზოგადოების სოციალური ფუნქციონირების აღდგენა და ამაღლება. სოციალური მუშაობის ამოცანაა, დაეხმაროს ადამიანებს შესაძლებლობებისა და უნარების გაუმჯობესებაში, რესურსების ძიებაში, ასევე შეცვალოს სოციალური პოლიტიკა იმგვარად, რომ ადამიანებმა მიაღწიონ თვითრეალიზაციას.

გაერთიანებამ უკვე განახორციელა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, ერთ-ერთი პირველი ღონისძიება იყო საქველმოქმედო პროექტი "განსხვავებული ახალი წელი". 3 დღიანი აქციის ფარგლებში, ძირითადად, სტუდენტებისა და ლექტორების აქტიურობის შედეგად შეგროვდა 295 ლარი და საკმარისი რაოდენობის ტანსაცმელი, ასევე მშრალი პროდუქტებიც.

"წინასაახალწლოდ დავეხმარეთ რვასულიან ოჯახს, უნივერსიტეტში ჩატარდა კამპანია, და შეგროვდა როგორც ტანისამოსი, ისე ფულადი თანხა. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიება ერთჯერად დახმარებას ისახავდა მიზნად, შევეცადეთ ყოფილიყო მრავალფეროვანი, ოჯახის ძირითად საჭიროებებსა და "ზომაზე მორგებული", "საახალწლო" და ამასთანავე არა მხოლოდ ერთი დღისთვის. შევიძინეთ მშრალი საკვები, პროდუქტები, ხორცეული, ბოსტნეული, ხილი, ტკბილეული, ჰიგიენის საშუალებები. გამომდინარე იქიდან, რომ შემოწირულობაში იყო ნაძვის ხის სათამაშოებიც, უხერხულობის თავიდან ასარიდებლად შევიძინეთ პატარა ნაძვის ხეც" - აცხადებს ნინო ბარნაბიშვილი.

გაერთიანება უამრავ საინტერესო და მრავალფეროვან პროექტს ჰპირდება ყველა დაინტერესებულ სტუდენტს, განურჩევლად იმისა, თუ რომელი უნივერსიტეტის წარმომადგენლები არიან ისინი.

როგორც ნინო ბარნაბიშვილი აცხადებს - "მომავალში გაერთიანება აპირებს არასამთავრობოდ დარეგისტრირებას, მანამდე კი და შიდა სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა, ნაწილ აქტივობებს მაინც ვგეგმავთ არარეგისტრირებული კავშირის სახელით. მთავარია, სადმე ვინმესთვის, თუნდაც, მცირე პოზიტიური ცვლილება შევძლოთ".