დასაქმება "სილქნეტში"
15 მაისი, 2014
დასაქმება "სილქნეტში" ბეჭდვა FaceBook Twitter
„სილქნეტის“ პიარმენეჯერი სოფიო ჭაავა კომპანიაში დასაქმებისა და სტაჟირების პროგრამის შესახებ საუბრობს.

გააცანით თქვენი კომპანია ახალგაზრდებს, საზოგადოებას, როდის დაარსდა, რას საქმიანობთ?

“სილქნეტი” მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა, რომელსაც საქართველოს მასშტაბით დანერგილი აქვს სატელეფონო, ინტერნეტ, სატელევიზიო და უკაბელო სერვისები, მათ შორის მობილური კავშირი. კომპანია დაარსდა 2010 წლის 12 მარტს. მას აქვს ფილიალები ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში.

რაში მდგომარეობს თქვენი კომპანიის წარმატება?

წარმატებას განაპირობებს მომხმარებელთა ინტერესებზე მაქსიმალური ორიენტირება, ინოვაციური პროდუქტების შეთავაზება, ახალი მომსახურების დანერგვა ერთდროულად თბილისსა და რეგიონებში.

რატომ უნდა მიანიჭოს უპირატესობა საზოგადოებამ თქვენს კომპანიას, რითი განსხვავდებით სხვა მსგავსი პროფილის კომპანიებისგან?

კომპანია აწვდის სრულ საკომუნიკაციო სერვისს ქვეყნის მასშტაბით და მომხმარებელს შეუძლია, ერთი კომპანიისაგან მიიღოს სატელეფონო კავშირიც, ინტერნეტიც, ტელევიზიაც, მობილური სერვისიც. მსგავსი შეთავაზება უპრეცენდენტოა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრისთვის.

სოციალური და საქველმოქმედო პროექტები თუ გაქვთ?

„სილქნეტის“ სოციალური და საქველმოქმედო აქტივობები მრავალფეროვანია. კომპანიას აქვს საკუთარი სტრატეგია და ამ მიმართულებით, ახორციელებს როგორც წლის პროექტებს, ისე ჩართულია ცალკეულ პროგრამებში.
კომპანია სილქნეტში შექმნილია „საქველმოქმედო ფონდი“, სადაც დეტალურად განიხილება „სილქნეტში“ შემოსულ სოციალური შინაარსის წერილები და პრიორიტეტი ენიჭება ბავშვთა და მოზარდთა დახმარებას. ასეთი შინაარსის ათობით წერილი შემოდის ყოველთვიურად კომპანიაში.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ახალგაზრდა, რომ თქვენთან შეძლოს მუშაობის დაწყება. რა პროცედურები აქვს გასავლელი? როგორ ხდება თქვენთან სტაჟირება/დასაქმება?

“სილქნეტში“ სტაჟირება/დასაქმება ხდება კონკურსის წესით. მსურველები აგზავნიან თავიანთ აპლიკაციებს jobs.ge და hr.ge გამოქვეყნებული ვაკანსიის განაცხადებზე; კომპანიის შერჩევის სამსახური უზრუნველყოფს აპლიკაციების გადარჩევას, აპლიკანტებთან გასაუბრება/ტესტირებას კონკრეტული პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად; კომპანიაში სტაჟირება ზოგ პოზიციებზე შესარჩევი კონკურსის ბოლო ეტაპს გულისხმობს საბოლოო დასაქმების პერსპექტივით, ზოგ შემთხვევაში კი ახალგაზრდების მხრიდან გამოცდილების შეძენის, ხოლო კომპანიის მხრიდან ამ პროცესის ხელშეწყობის და სამომავლოდ ახალგაზრდა კადრის რეზერვის შექმნას ემსახურება.

სტაჟიორებს, ძირითადად, რა მოვალეობები აკისრიათ?

კონკრეტული პოზიციის ან/და კომპანიის სტრუქტურული მიმართულებების სპეციფიკიდან გამომდინარე სტაჟიორები ჩართულები არის მუშაობის პროცესში, კერძოდ:

  • ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის შემთხვევაში სტაჟირების პროგრამა HR-ის სხვადასხვა მოდულში (ადმინისტრირება, შერჩევა და ტრენინგი) პროფესიული განვითარების შესაძლებლობას იძლევა;

  • პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილებაში, პროგრამისტ-სტაჟიორები სატესტო გარემოში პროგრამული მოდულების შემუშავებასა და მონაცემთა ბაზების სტრუქტურის შემუშავებაში მონაწილეობენ;

  • ბიუჯეტირებისა და ფინანსური ანალიზის განყოფილებაში სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებს შემდეგს:
სატელეკომუნიკაციო ბიზნესის სპეციფიკისა და შესაბამისი პროცესების შესწავლა

სატელეკომუნიკაციო საკანონმდებლო აქტების გაცნობა

ყოველთვიური ფინანსური რეპორტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება

კომპანიის ბიუჯეტის პროცესის გაცნობა და მონაწილეობის მიღება

რამდენ ხანში ერთხელ ცხადდება სტაჟირება? რამდენ ხანს გრძელდება სტაჟირების ვადა?

სტაჟირების გამოცხადება დამოკიდებულია კონკრეტული მიმართულების მოთხოვნაზე,
2013/2014 წლებში მაგალითად 2 -ჯერ გვქონდა პროგრამისტ-სტაჟიორების კონკურსი გამოცხადებული და HR-ში 6 თვეში ერთხელ ვაცხადებთ. კონკრეტული პოზიციის ან/და კომპანიის სტრუქტურული მიმართულებების სპეციფიკის გათვალისწინებით სტაჟირების პერიოდი 1-დან 6 თვემდე შეიძლება გაგრძელდეს.

რატომ უნდა მოუნდეთ სამსახურის მაძიებლებს თქვენთან მუშაობის დაწყება?

სამსახურის მაძიებლები, ძირითადად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის კურსდამთავრებულები არიან, ამიტომ ჩვენს კომპანიაში დასაქმების ინტერესი მაღალია. სულ ახლახანს ხელი მოეწერა კომპანია „სილქნეტისა“ და “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ამ დოკუმენტის თანახმად, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის” სტუდენტები პროფესიული სტაჟირების პროცესს ერთ–ერთი ყველაზე მსხვილ სატელეკომუნიკაციო კომპანიაში გაივლიან. კომპანია ტექნიკური უნივერსიტეტის საუკეთესო მოსწრების მქონე სტუდენტებს არჩეული სპეციალობის მიხედვით გადაანაწილებს და პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების შესაძენად სათანადო პირობებს შეუქმნის. ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში განიხილება „უნივერსიტეტის“ სტუდენტთა კომპანიაში დასაქმების საკითხი.

სტაბილურ, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ კომპანიაში მუშაობის დაწყება არა მარტო პრესტიჟულია, არამედ პერსპექტიულიც. ვაკანსიები ცხადდება როგორც ბეჭდურ მედიაში, ისე ინტერნეტ-საიტებზე. მონდომებულ ახალგაზრდებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი კომპანიაში პრაქტიკული და თეორიული ცოდნის მისაღებად.