,,ექსპო ჯორჯიაში“ თბილისის წიგნის ფესტივალი გაიხსნა
29 მაისი, 2014
,,ექსპო ჯორჯიაში“ თბილისის წიგნის ფესტივალი გაიხსნა ბეჭდვა FaceBook Twitter
,,ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა.

ფესტივალი წელს მეთექვსმეტედ ტარდება და მასში სამოცამდე გამომცემლობა და ფონდი მონაწილეობს. 

ფესტივალი ოთხ დღეს გასტანს. მის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექციები, პრეზენტაციები, წიგნების განხილვა, საჯარო კითხვა და შეხვედრა ქართველ და უცხოელ მწერლებთან. ფესტივალს წელს სამი სპეციალური სტუმარი ჰყავს: ნორვეგიელი მწერალი ერლენდ ლუ, რომლის წიგნი ,,ნაივური. სუპერი." ,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" 2008 წელს დასტამბა; კანადელი პოეტი პატრიკ ვუდქოქი, რომლის ლექსებიც შოთა იათაშვილმა თარგმნა და გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი. მწერალი საქართველოში გამომცემლობა ,,ინტელექტისა" და გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით ჩამოდის. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მისი პირველი რომანის ,,ჟუჟას" პრეზენტაცია. 

თბილისის წიგნის ფეტივალის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე ახალი წიგნის პრეზენტაცია. მათ შორისაა გამომცემლობა ,,წიგნი+ერის" წიგნები: ახალგაზრდა ოჯახის ენციკლოპედია ,,ოჯახური გარემო" და ფრიც რიმანის ,,სიყვარული უნარი". ,,წიგნი+ერის" წარმომადგენლების თქმით, ,,ძალიან იმატა განქორწინების შემთხვევებმა, ასევე გაიზარდა ჩვილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. მთავარი მიზეზი ყოველივე ამისა არაინფორმირებულობა და ხარისხიანი ლიტერატურის უქონლობაა. ამიტომ, წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია "ოჯახური გარემოს" პრეზენტაცია".

წლევანდელ ფესტივალზე გამომცემლობები მყიდველებს საბავშვო წიგნებზე ფასდაკლებებს სთავაზობენ. მათ შორისაა ,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" და ,,სიესტა". ბავშვთა საერთაშორის დღეს, პირველ ივნისს, ერთ ლარად გაიყიდება ,,სიესტას" საბავშვო წიგნები ოთხ ტომად, 5-6 წლის ბავშვებისთვის. პირველ ივნისს გაიმართება ასევე ,,წიგნის ხელოვნების ცენტრის" ღონისძიება ბავშვებისთვის, რომლის ფარგლებში მონაწილეები თავად ააწყობენ წიგნებს. ,,პირველ ივნისს ბავშვებს გავაკეთებინებთ წიგნებს ჩვენი მასალით. სახალისო თამაშია, სადაც მოთამაშეებეს ეძლევათ ორი ან რამდენიმე თემა ან საგანი, რომლებიც ერთმანეთთან უნდა დააკავშირონ და მოიფიქრონ ისტორია, შემდეგ მოამზადონ ილუსტრაციები და ააწყონ წიგნი. გარდა ამისა, 31 მაისსა და პირველ ივნისს გაიმართება სამგანზომილებიანი წიგნების ვორქშოპი" - თქვა ,,წიგნის ხელოვნების ცენტრის" წარმომადგენელმა სონია ელიაშვილმა ,,თავისუფალ ასოციაციასთან" საუბრისას.

წიგნის ფესტივალზე წარმოდგენილია საუნივერსიტეტო გამომცემლობებიც, მათ შორის: ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა", "ილიაუნისა" და ,,თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების" გამომცემლობები. ,,თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობის" წარმომადგენელმა ანა მილაშვილმა ჩვენთან საუბრისას უნივერსიტეტების ინიციატივებზე ისაუბრა: ,,ჩვენი უნივერსიტეტები ახალგაზრდების სურვილების შესრულებაზე არიან ორიენტირებულები. ჩამოვიყვანეთ ორჰან ფამუქი, რითიც გავახარეთ ჩვენი ახალგაზრდები. წელს წიგნის ფესტივალის განმავლობაში ჩვენი სტუდენტები ატარებენ გამოკითხვას, თუ რომელ ავტორთან შეხვედრას ისურვებდნენ ფესტივალის სტუმრები. გამოვლენილ გამარჯვებულს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები მოვიწვევთ. ამის გარდა, ჩვენ ვიწერთ გამოკითხვის ყველა მონაწილის სახელებს და გამარჯვებული მწერლის ყველა გულშემატკივარს დავპატიჟებთ შეხვედრაზე".

ფესტივალის სტუმრებს ოთხი დღის განმავლობაში საშუალება ექნებათ, სასურველი წიგნები ფასდაკლებით შეიძინონ. ,,მივესალმები მსგავს ფესტივალებს. ვფიქრობ, რომ განათლების მიმართულებით რაც შეიძლება მეტი თანხა უნდა დაიხარჯოს. წიგნების კითხვა კი ცოდნის დონის ამაღლებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა. ძალიან კარგი ფასდაკლებებია. ბევრი წიგნი შევიძინე. არა მარტო მე, ყველა, ვინც შემოდიოდა, ძალიან ბევრ წიგნს ყიდულობდა. ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ ფესტივალი უფრო მასშტაბური გახდება" - თქვა ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" სტუდენტმა ლევან გაბისონიამ ,,თავისუფალ ასოციაციასთან" საუბრისას.

თბილისის წიგნის მეთექვსმეტე საერთაშორისო ფესტივალი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება და პირველ მაისს დასრულდება.