თანამშრომლობის განვითარება ახალგაზრდულ სფეროში
01 ივლისი, 2014
თანამშრომლობის განვითარება ახალგაზრდულ სფეროში ბეჭდვა FaceBook Twitter
1-3 ივლისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ტარდება ,,ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის (EaP) კონფერენცია-თანამშრომლობის განვითარება ახალგაზრდულ სფეროში".

2009 წლიდან აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა ევროკავშირის ერთ-ერთი პროგრამის ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" (EaP) მონაწილეები არიან. პროგრამის მიზანია მოცემულ პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური რეფორმების მხარდაჭერა და აღნიშნულ სფეროებში ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილება.

კონფერენციაში მონაწილეობენ: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი, უკრაინა და საქართველო) ახალგაზრდულ სფეროზე პასუხისმგებელი სამინისტროები; საქართველოს აღმასრულებელი ინსტიტუტები; ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები; ევროკომისია, ევროსაბჭო, ,,ვიშეგრადი", ევროპის საინფორმაციო და საკონსულტაციო სააგენტო ახალგაზრდობის საქმეთა შესახებ (ERYICA); აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის რესურსცენტრი (SALTO); აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალგაზრდული რეგიონული სამსახური (EPYRU).

,,ჩვენი ძირითადი მიზანია: ახალგაზრდების განვითარებისკენ სწრაფვა, ინტელექტუალურ და კრეატიულ ახალგაზრდათა და მათ იდეათა მხარდაჭერა, კონფერენციების გამართვა მეცნიერულ საკითხთა შესახებ და რაც შეიძლება მეტი შეჯიბრის ჩატარება, რადგან, ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე კარგი გზაა იმისათვის, რომ ბავშვები დაწინაურდნენ, მიიღონ განათლება და გამოცდილება" - განაცხადა აზრებაიჯანის წარმომადგენელმა ინდირა ჰაჯიევამ.

,,ჩვენს ქვეყანაში 10 000 საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო პროგრამებში. ჩვენ ხშირად ვატარებთ პროექტებს (ერთ-ერთი ასეთი იყო ,,100 იდეა ბელარუსისთვის"), რომელნიც ხელს უწყობენ ახალგაზრდათა განვითარებას და იმ პერსპექტიულ იდეათა მხარდაჭერას, რომელნიც არა მხოლოდ მათთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო. მიხარია, რომ მონაწილეობას ვიღებთ ახალგაზრდების განვითარებასა და გაერთიანებაში კულტურულ-პოლიტიკურ-საგანმანათლებლო კუთხით საერთაშორისო დოენეზე" - აღნიშნა ბელარუსის წარმომადგენელმა.

,,ჩვენი ღონისძიება 3-დღიანია, მესამე დღეს კი მოხდება ევროკავშირის ახალი პროექტის ,,ERASMUS +"-ის პრეზენტაცია, ერთობლივი დაგეგმვა და რეკომენდაციების მიცემა ჩვენი მხრიდან. ეს პროგრამა მეტად მნიშვნელოვანია, ის მოიცავს: განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის ნაწილს, ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ახალგაზრდობაზე, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს ახალგაზრდულ ტრენინგებს, სემინარებს, კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ" - გვითხრა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვახტანგ სანიკიძემ.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან: ევროპის კომისია (EU commission), აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი (SALTO); აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალგაზრდული რეგიონული სამსახური (EPYRU), ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.