მზის ატმოსფეროს მაგნიტოსეისმოლოგია და მზის ამინდი
23 ივლისი, 2014
მზის ატმოსფეროს მაგნიტოსეისმოლოგია და მზის ამინდი ბეჭდვა FaceBook Twitter
მზის ატმოსფეროს მაგნიტოსეისმოლოგია და მზის ამინდი - ამ სახელწოდებით პრეზენტაცია ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ასოცირებულმა პროფესორმა თეიმურაზ ზაქარაშვილმა დოქტორანტებსა და მკვლევარებთან ერთად წარმოადგინა მათ მიერ ბოლო პერიოდში შესრულებული სამუშაო.

პრეზენტატორებს შორის იყვნენ: ვასილ კუხიანიძე (თანამგზავრული ასტრონომია), ზურაბ ვაშალომიძე (კორონალური წვიმა), ირაკლი მღებრიშვილი (მზის ტორნადოები), სერგო ლომინეიშვილი (რხევები მზის პროტებერანტებში), თამარ გაჩეჩილაძე (მაგნიტური როსბის მოდების მ=2 ჰარმონიკის არამდგრადობა), ეკა გურგენაშვილი (მზის აქტიურობის მოკლე-პერიოდიანი ცვლილებები), ელენე ფილიშვილი (ანთებადი აქტიური არის დინამიკა), გრიგოლ დიდიძე (მზის ანთების კატალოგი), გულსუნ დუმბაძე (აქტიური არეების დინამიკა) და თამუნა ჭაღიაშვილი (აქტიური არეების ანომალია).

დოქტორანტ თამუნა ჭაღიაშვილის თქმით: "დღეს აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის გაერთიანებული პროექტის ქვეპროექტის "მზის ატმოსფეროს მაგნიტოსეისმოლოგია და მზის ამინდის" პრეზენტაცია იმართება. ევროპული პროექტის SOLSPANET ფარგლებში ვმუშაობ მზის ფოტოსფერული მაგნიტური ველის შესწავლაზე. პროექტში 2 წლის წინ ჩავერთე და ამ ხნის განმავლობაში ვმუშაობდი, როგორც საქართველოში, ასევე ბელგიაში, ლიუვენის უნივერსიტეტსა და ავსტრიის კოსმოსური ამინდის კვლევის ცენტრში. SOLSPANET-ში ჩართულია 6 ქვეყანა: საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, ბელგია, ავსტრია და დიდი ბრიტანეთი. საქართველოდან პროექტში ჩართულები ვართ 9 სტუდენტი და 5 პროფესორი, რომლებიც სხვადასხვა აქტუალურ ამოცანაზე ვმუშაობთ. პროექტის ფარგლებში კვლევის გარდა ვწერთ სტატიებს და ა. შ.".

შეხვედრა დისკუსიითა და სამომავლო გეგმების გაცნობით დასრულდა, რომლებიც, ძირითადად, დაკვირვებებს ეხება.