„Google“ კამპუსში
25 სექტემბერი, 2014
„Google“ კამპუსში ბეჭდვა FaceBook Twitter
დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსს "google"-ს სპეციალისტები ეწვივნენ და საჯარო ლექცია ჩაატარეს.

ლექციას ესწრებოდნენ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც თავად "google"-მა შეარჩია აპლიკაციის შევსების საფუძველზე.

ლექციის დაწყებამდე "google"-სა და თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საზეიმოდ "google"-ს ოთახი გახსნეს.
ლექციას უძღვებოდა "google"-ს ბიზნეს განყოფილების სპეციალისტი ტატიანა ზახაროვა.

"google"-ის სპეციალისტების ვიზიტის მიზანი ნიჭიერი ახალგაზრდების შერჩევაა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივით.
"ამ პროექტში ყველა მსურველი მიიღებს მონაწილეობას, ხოლო ვის აიყვანენ, ამას გადაწყვეტენ სათაო ოფისში. ეს პროექტი საშუალებას მისცემს ქართველ ახალგაზრდებს, გლობალურ კომპანიებში დასაქმდნენ" - აღნიშნა თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორმა მარინა ქარჩავამ.

ლექცია სტუდენტებისთვის, როგორც ინფორმაციის მიმცემი, ასევე სახალისო აღმოჩნდა. ლექცია კითხვა-პასუხის სახით ჩატარდა, ყოველი სწორი პასუხის ავტორს კი საჩუქრად მაისური გადასცეს.

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტის ანა ბერიას თქმით, "გუშინ გავიგე, რომ "google" დღეს აქ პრეზენტაციას ატარებდა და ძალიან დავინტერესდი. ვფიქრობ, წარმატებისთვის, კარიერული წინსვლისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპანიაა, სადაც შეიძლება რომ დავსაქმდე. ასევე ძალიან კარგი იქნება გამოცდილებისთვის".

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტის ლაშა ხინთიბაძის თქმით, "ლექციაზე გაგვაცნეს, ზოგადად, "google"-ის სტრუქტურა და მისი სხვა შესაძლებლობა, რაც შეიძლება გამოვიყენოთ დასაქმების მხრივ. პროექტი, ალბათ, სინტერესო იქნება".

ლექციაზე დასწრება თავისუფალი იყო და აგრარული უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს შეეძლო. ლექციის დასრულების შემდეგ ჩატარდა ტესტირება, რის შემდეგაც "google" თვითონ შეარჩევს იმ სტუდენტებს, ვისთანაც გააგრძელებს მუშაობას.