ქართული საბრძოლო ხელოვნებისა და სამოსის ფესტივალი თბილისში
11 ოქტომბერი, 2014
ქართული საბრძოლო ხელოვნებისა და სამოსის ფესტივალი თბილისში ბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისში ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "შავფაროსნების" ინიციატივით ჩატარდა "ქართული საბრძოლო ხელოვნებისა და სამოსის ფესტივალი".

ფესტივალი ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველ ნაწილში მსვლელობა მოეწყო რუსთაველის გამზირიდან. მსვლელობაში მონაწილეობდნენ: შავფაროსნები, თავდაცვის სამინისტროს ჩოხოსანთა ასეული, ფოლკლორული ანსამბლები და ეროვნული ტანსაცმლით შემოსილი მოქალაქეები. 

მეორე ნაწილში კი ევროპის მოედანზე გაიმართა ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი წარმოდგენა: ბაზიერების შოუ, შეჯიბრი მშვილდოსნობაში, ქალაქური კრივი. შეჯიბრებაში ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება. ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გამოფინა ქართველ მეფეთა ხელნაწერები თამარ მეფის, ბაგრატ მეოთხისა და სხვა ქართველი მეფეების მიერ შედგენილი მნიშვნელოვანი ისტორიული დოკუმენტები. მოეწყო ფოტოგამოფენა - "ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები", დუშეთის კულტურის სამსახურის გამოფენა - "ფშავ-ხევსურეთის საბრძოლო ისტორია და სამოსი", ასევე კასპის კულტურის სამსახურის მიერ წარმოდგენილი გამოფენა.

"ქართული საბრძოლო ხელოვნებისა და სამოსის ფესტივალი მეორედ იმართება. ეს არის სახალხო ზეიმი, რომელიც უნდა დამკვიდრდეს და წელიწადში ერთ-ორ დღეს ჩატარდეს. ღონისძიებაში ჩართულია ბევრი ქორეოგრაფიული ანსამბლი, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან. მონაწილეობენ საბრძოლო ხელოვნების შავფაროსანთა ფედერაციის ბათუმის, გორის, ზუგდიდის ფილიალები, ანსამბლები: "დები გოგოჭურები" და "ჩვენებურები" - აღნიშნა ფესტივალის თანაორგანიზატორმა და ანსამბლ "ჩვენებურების" წევრმა სოლომონ გოგაშვილმა.

ანსამბლ "დები გოგოჭურების" ერთ-ერთი წევრის მარიამ გოგოჭურის თქმით, "უკვე მეორე წელია რაც ამ ფესტივალში ვიღებთ მონაწილეობას. შემდეგ წელს გვინდა, რომ იყოს უფრო მასშტაბური, რათა ყველა კუთხიდან ჩამოსულმა ადამიანმა შეძლოს მონაწილეობის მიღება. ახალგაზრდები დაინტერესებულები არიან. ეს ძალიან კარგი და პატრიოტული ფესტივალია".

შეგახსნებთ, რომ ფესტივალი ერთდღიანია. სამომავლოდ კი დაგეგმილია ორი ან სამი დღით გაზრდა, რათა რეგიონებიდანაც შეძლოს მოსახლეობამ ჩამოსვლა და მონაწილეობის მიღება.

ღონისძიების მხარდამჭერია ბავშთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი. ფესტივალის გენერალური სპონსორი კი ლუდი "მთიელი".